პეტრას ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრას ციხე

პეტრას ციხე, (ქაჯეთის ციხე) – (ინგლ. Petra Castle) ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ისტორიული ციხე-ქალაქი ყოფილ ეგრისის სამეფოში, ახლანდელი აჭარის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე. „პეტრა“ ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო „ქაჯეთის ციხე“ – ქართული. სავარაუდოდ, დიდი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული. პეტრას აკროპოლი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა და მიუვალ ციხედ ითვლებოდა. ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. კომპლექსი მოიცავს ციტადელს, გარექალაქსა და ნასახლარს. ციტადელში არის სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები და VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.

პატრას ციხის ნანგრევები

ამ ციხემ დიდი ხანია მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე აქ მრავალი არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა. 1908 წელს აღმოაჩინეს მდიდრული სამარხი, რომელშიც ნაპოვნი იყო ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი (ინახება სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმში, რუსეთის ფედერაცია). 1953 წელს ნ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა, რომ პეტრას ციხე I საუკუნეში ერისთავის რეზიდენცია ყოფილა. აგრეთვე დადგინდა, რომ პეტრას ციხეში პეტრელი მღვდელმთავრის საკათედრო ტაძარი უნდა ყოფილიყო (საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა VI საუკუნეში და ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს).

ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ციხე ააშენეს და მის საპატივსაცემოდ „იუსტინიანეს ქალაქი“ უწოდეს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია ამ ციხე-ქალაქის როლს, აღმოსავლეთ საქართველოში თბილისის როლთან აიგივებდა. პეტრას ხელში ჩასაგდებად VI საუკუნეში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა ბიზანტიასა და ირანს შორის. საქართველოს ერთიანი სამეფოს პერიოდში, როგორც ჩანს, აქ ქალაქი აღარ არსებობდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს და ძლიერადაც გაამაგრეს. რუსეთ-თურქეთის ომების (XIX ს.) შემდეგ, 1878 წელს ციხისძირი საქართველოს დაუბრუნდა ბერლინის ტრაქტატით. 1989 წლიდან ციხისძირში ფუნქციონირებს პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც დაცულია კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ექსპონატები (მოზაიკის ფრაგმენტები, არქიტექტურული დეტალები, ძველი ნაგებობების ნაშთები, კერამიკული, ნუმიზმატიკური მასალა და სხვ.).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები