პეტლინის მისია 1618-19

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტლინის მისია 1618-19 – რუსების პირველი ოფიციალური გამგზავრება ჩინეთში.

XVII ს-ის დასაწყისში რუსეთის მიერ დასავლეთ ციმბირის დაპყრობისა და დასავლეთ მონღოლეთში მდებარე ალთინ-სანის სამფლობელოებთან კავშირის დამყარების შემდეგ ინგლისისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა დიპლომატებმა რამდენჯერმე თხოვნით მიმართეს რუსეთის მთავრობას, ნება დაერთო მოეძებნათ გზა მდ. ობის მახლობლად ინდოეთისა და ჩინეთისაკენ. რუსეთმა უარყო მათი წინადადებები და დამოუკიდებლად დაიწყო სახმელეთო გზის ძებნა ჩინეთში. 1618 წლის 9 მაისს ივანე პეტლინისა და ანდრია მადოევის ხელმძღვანელობით ტომსკიდან გაემართა კაზაკთა რაზმი. მათი ამოცანა იყო ალთინ-ხანის ელჩთა გაცილება და შემდეგ ჩინეთში მიმავალი გზების მოძებნა. პეტლინმა 4 თვეში მიაღწია ჩინეთის დედაქალაქს, მაგრამ სათანადო საჩუქრების უქონლობის გამო რუსები არ მიიღო მინების დინასტიის წარმომადგენელმა, იმპერატორმა ვან ლიმ (1573-1620). პეტლინს იმპერატორის სახელით გადასცა სიგელი რუსეთის მეფისადმი, რომელიც შეიცავდა წინადადებებს ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული კავშირების დამყარების თაობაზე. იმპერატორი ჩინეთში იწვევდა რუს ვაჭრებს, მაგრამ თავად უარს ამბობდა თავისი წარმომადგენლების გაგზავნაზე ჩინეთის ფარგლებს გარეთ. ჩინურ ენაზე დაწერილი ეს დოკუმენტი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს იყო გადაუთარგმნელი რუსულ ენაზე. რუსეთის მთავრობა იმ პერიოდში გულდასმით არ ეკიდებოდა საელჩო და სავაჭრო ურთიერთობებს შორეულ ჩინეთთან, ამიტომ პეტლინის მისია ამით შემოიფარგლა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გეოგრაფიულ მეცნიერებაში. პეტლინმა წარადგინა ანგარიში – „ჩინეთის სახელმწიფოს აღწერა“, რომელშიც დაცული იყო ზუსტი ცნობები ევროპიდან ჩინეთში ციმბირისა და მონღოლეთის გავლით მიმავალი სახმელეთო მარშრუტის შესახებ. მოცემული იყო აგრეთვე ჩინეთის დეტალური აღწერა. პეტლინის ანგარიში უკვე XVII ს-ის I ნახევრისათვის თარგმნილი იყო თითქმის ყველა ევროპულ ენაზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები