პალესტინის პრობლემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პალესტინის პრობლემა – ახლო აღმოსავლეთის რეგულირების საკვანძო საკითხი, რომელიც დაკავშირებულია პალესტინის არაბი ხალხის უფლების უზრუნველყოფასთან, თვითგამორკვევისა და საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნასთან.

პალესტინაზე ინგლისის მანდატის გაუქმების შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1947 წლის 29 ნოემბერს მიიღო 181-ე რეზოლუცია, რომლის თანახმადაც პალესტინა გამოცხადდა ორ – ებრაულ და არაბულ – სახელმწიფოდ, მათ უნდა დაეკავებინათ შესაბამისად პალესტინის ტერიტორიის (26 ათასი, კვ.კმ) 42 და 56%. ქალაქები იერუსალიმი და ბეთლემი თავიანთი წმინდა ადგილებითურთ გამოიყო განსაკუთრებულ საერთაშორისო რეჟიმის მქონე დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად, რომელიც უნდა ემართა გაეროს მეურვეობის საბჭოს მეშვეობით. ეს რეზოლუცია მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.

1948 წლის 14 მაისს გამოცხადდა ისრაელის ებრაული სახელმწიფოს შექმნა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა არაბებისათვის. მეორე დღეს არაბულმა სახელმწიფოებმა (ეგვიპტე, სირია, იორდანია, ლიბანი, ერაყი, საუდის არაბეთი, იემენი) ომი გამოუცხადეს ისრაელს. ამ ომმა იმსხვერპლა პალესტინის არაბული სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის დიდი ნაწილი ქ. იერუსალიმის დასავლეთი ნაწილით ხელთ იგდო ისრაელმა. იორდანიამ დაიკავა მდ. იორდანეს დასავლეთი ნაპირი და იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი, ხოლო ღაზის სექტორი ეგვიპტეს დარჩა.

1967 წლის ივნისის არაბებისა და ისრაელის ახალი ომის შედეგად ისრაელმა ხელთ იგდო მდ. იორდანეს დასავლეთი ნაპირი და აღმოსავლეთ (იერუსალიმი გამოცხადდა ისრაელის დედაქალაქად) ღაზის სექტორი, აგრეთვე ეგვიპტის კუთვნილი სინის ნახევარკუნძული და სირიის კუთვნილი გოლანის მაღლობები. ისრაელის მიერ პალესტინის არაბული სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციამ განაპირობა აქედან პალესტინელი არაბი მოსახლეობის ადგილგადანაცვლება და განდევნა. გაჩნდა პალესტინელ ლტოლვილთა პრობლემა, 1949 ბოლოს პალესტინელ ლტოლვილთა რიცხვმა 950 ათასს მიაღწია, ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს დაახლოებით 4 მლნ პალესტინელი, მათგან 450 ათასი – ისრაელში.

60-იანი წლების შუა ხანებიდან, განსაკუთრებით 1967 წლის ივნისის არაბებისა და ისრაელის ომის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა პალესტინელ არაბთა ბრძოლა ეროვნული უფლებების მისაღწევად, მას სათავეში ჩაუდგა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია (პგო), შეიქმნა 1964. 1974 პგო-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიეღწია პალესტინის ეროვნული სახელმწიფოს შექმნისათვის, ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან (იორდანეს დასავლეთ ნაპირი, ღაზის სექტორი) ნებისმიერ განთავისუფლებულ ნაწილზე. ამ პლატფორმას მხარი დაუჭირა ყველა არაბულმა და მუსლიმურმა სახელმწიფომ, რომლებმაც 1974 პგო აღიარეს პალესტინელი არაბი ხალხის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად.

1974 წლის ნოემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის 21-ე სესიამ მიიღო 3236-ე რეზოლუცია, რითაც დაადასტურა პალესტინელი ხალხის განუყოფელი უფლება თვითგამორკვევაზე, ეროვნულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე, აღიარა მისი უფლება, აღედგინა თავისი უფლებები ყველა იმ საშუალების, რომლებიც შეესაბამებოდა გაეროს წესდებას, მიზნებსა და პრინციპებს, ეს დებულება მუდმივად დასტურდებოდა გაეროს გენერალური ასამბლეის მომდევნო რეზოლუციებში პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. 1974 გაეროს 29-ე სესიამ მიიღო 3217-ე რეზოლუცია, რომლითაც პგო-ს იწვევდნენ გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში დამკვირვებლად.

1987 ისრაელმა გაანადგურა პალესტინელთა სამხედრო ბაზები ლიბანში, მაგრამ პალესტინელთა წინააღმდეგობა გრძელდებოდა. 1987 წლის დეკემბერში ისრაელის მიერ ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე დაიწყო ინტიფადა – პალესტინელი არაბების სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. 1988 წლის 12-15 ნოემბერს ალჟირში გამართულ პალესტინის ეროვნული საბჭოს მე-19 სესიაზე გამოცხადდა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ამავე დროს სესიის დოკუმენტებში ცნეს გაეროს გენერალური ასამბლეის №181 და უშიშროების საბჭოს №242 და №338 რეზოლუციები, მიუხედავად ამისა, პალესტინის პრობლემა გადაუჭრელი რჩებოდა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისიდან, როცა სპარსეთის ყურის კრიზისის დასრულებისა და სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში შეიცვალა ძალთა განლაგება.

1993 წლის აგვისტოში ოსლოში (ნორვეგია) მოეწყო საიდუმლო შეხვედრა პგო-სა და ისრაელის წარმომადგენლებს შორის. 9 სექტემბერს პგო-ს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ იასირ არაფატმა ოფიციალურად ცნო ისრაელი და გაემიჯნა ტერორიზმს, რომელშიც მას ბრალს დებდნენ, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იცხაკ რაბინმა აღიარა პგო პალესტინელთა ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად. 1993 წლის 13 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში ისრაელმა და პგო-მ ხელი მოაწერეს „საშუალედო რეგულირების პრინციპების დეკლარაციას. ის ითვალისწინებდა ღაზის სექტორსა და ქ. იერიქონის რაიონში (მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე) პალესტინელისათვის შეზღუდული ავტონომიის მიცემას და პალესტინელთა საშუალედო ადმინისტრაციის შექმნას, რომელსაც უნდა წარმოედგინა პალესტინელი ხალხი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში 5-წლიან გარდამავალ პერიოდში, ვიდრე პალესტინის პრობლემა საბოლოოდ არ გადაიჭრებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს 242-ე და 338-ე რევოლუციების შესაბამისად. ეს 5-წლიანი პერიოდი დაიწყო 1994 წლის 4 მაისს, მას შემდეგ, რაც ი. რაბინმა და ი. არაფატმა კაიროში ხელი მოაწერეს პალესტინა-ისრაელის შეთანხმების – „თავდაპირველად ღაზა და იერიქონი“ პრაქტიკული რეალიზაციის თაობაზე. 1995 წლის 13 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე, 1995 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე, ისრაელმა პალესტინის ავტონომიას დამატებით გადასცა იორდანეს დასავლეთი ნაპირის 6 ქალაქი (ჯენინი, თელ-ქარამი, კალკიდია, ნაბლუსი, ბეთლემი და რამალაჰი). 1996 წლის 20 იანვარს არჩეულ იქნა პალესტინის ავტონომიის საბჭო და ავტონომიის მეთაური ი. არაფატი.

მომდევნო პერიოდში პალესტინელი ტერორისტების ექსტრემისტული აქტებისა და ისრაელში საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციური ბლოკის გამარჯვებისა და პრემიერ-მინისტრად ბ. ნეთანიაჰუს არჩევის შემდეგ, ურთიერთობა პგო-სა და ისრაელს შორის უაღრესად გამწვავდა. 1996 წლის 25 სექტემბერს იერუსალიმის არაბული და ებრაული უბნების შემაერთებელი გვირაბის გახსნამ, გოდების კედლის გასწვრივ განაპირობა ორ მხარეს შორის კონფრონტაციის ესკალაცია, დაიწყო შეტაკებები ებრაელებსა და არაბებს შორის. რომელთა დროს დაიღუპა 60-ზე მეტი პალესტინელი და 15 ებრაელი.

აშშ-ის პრეზიდენტის ბ. კლინტონის ზემოქმედებით და იორდანიის მეფის ჰუსაინის შუამდგომლობით 1996 წლის 6 ოქტომბერს ვაშინგტონში ისრაელ-პალესტინის სამიტზე მოხდა სამშვიდობო პრინციპის რეანიმაცია. 1997 15 იანვარს ორივე მხარემ მიაღწია შეთანხმებას ჰებრონიდან ისრაელის ჯარების ნაწილობრივ გაყვანის შესახებ. 16 იანვარს ისრაელის და პალესტინის პარლამენტებმა მოახდინეს ამ შეთანხმების რატიფიკაცია.

პალესტინელთა საბოლოო მიზანია პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა, რომლის დედაქალაქიც უნდა იყოს აღმოსავლეთ იერუსალიმი, ისრაელი იერუსალიმს აცხადებს თავის განუყოფელ და მარადიულ დედაქალაქად. 1997 წლის მარტში ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელთა ახალი დასახლებების შექმნის შესახებ, რამაც ხელახლა დაძაბა ვითარება პალესტინელებსა და ებრაელებს შორის, ამან კი გამოიწვია შეტაკებები და ტერაქტები. იერუსალიმის საკითხი იყო და რჩება უმნიშვნელოვანესად პალესტინის პრობლემის გადაჭრის გზაზე.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები