პალამედესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პალამედესი(ბერძნ.) ევბეელი გმირი. ნავპლიოსის და კლიმენეს ძე (სხვა ვერსიით, ჰესიონეს ან ფილირას ვაჟი).

ბერძენთა რწმენით, პალამედესმა გამოიგონა (ან მოაწესრიგა) ანბანი, შემოიღო ციფრები, სიგრძისა და წონის საზომები, დროის ათვლა წლის, თვეებისა და დღეების მიხედვით. მან დაადგინა ციურ მნათობთა მოძრაობის გზა, ხოლო ამ გზაზე დაკვირვებით შეძლო ხომალდების გეზის განსაზღვრა. პალამედესმა დაარწმუნა ადამიანები სამჯერადი კვების აუცილებლობაში და შეასწავლა მათ შაშისა და კოჭის თამაში. ამ თვისებებით პალამედესი ემსგავსება ბერძენთა სხვა კულტურულ გმირებსა და ღმერთებს (ათენას, დიონისეს, ჰერმესს, პრომეთეს, კადმოსს), რომელთაც მიაწერდნენ ადამიანთათვის აუცილებელ გამოგონებებს.

ტროაზე ლაშქრობის ჟამს პალამედესმა დიდი დახმარება გაუწია ბერძნებს, რამდენჯერმე შიმშილისგანაც კი იხსნა ისინი. მიუხედავად ესოდენ მნიშვნელოვანი ღვაწლისა, ბერძნებმა იგი ქვებით ჩაქოლეს. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ პალამედესმა ამხილა ოდისევსი, რომელსაც არ სურდა რა ტროას ომში წასვლა, თავი მოისულელა. ოდისევსმა შეიძულა იგი, მოგვიანებით კი მოკლა კიდეც. პალამედესის დაღუპვის ვერსიები ბერძნულმა ტრაგედიამ შემოგვთავაზა. გავრცელებული მითის თანახმად, ოდისევსმა მოისყიდა პალამედესის მონა, რომელმაც მის კარავში მალულად შეიტანა ოქრო და ვითომ ტროელთა მეფისადმი მიწერილი ბარათი. როდესაც ოდისევსის მითითებით ბერძნებმა ბარათი აღმოაჩინეს, პალამედესს ღალატში დასდეს ბრალი და ქვებით ჩაქოლეს.

სხვა ვერსიით, პალამედესი ხაფანგში მოიმწყვდიეს ოდისევსმა და დიომედესმა და უმოწყალოდ გამოასალმეს სიცოცხლეს. ძველ საბერძნეთში პალამედესს თაყვანს სცემდნენ, როგორც უდანაშაულოდ დაღუპულ გმირს. მის სახელზე აგებული ყოფილა ტაძარი მცირე აზიის სანაპიროზე, კუნძულ ლესბოსის გასწვრივ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები