ოჯახური თერაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოჯახური თერაპია - ამ ტიპის მკურნალობაში მონაწილეობას იღებს ოჯახის რამდენიმე ან ყველა წევრი. ჩვეულებრივ, მასში მონაწილეობს ორივე მშობელი, ხშირად იმ შვილთან ერთად, რომლის პრობლემებმა ოჯახი თერაპევტთან მიიყვანა. გარადა ამისა, ოჯახურ თერაპიაში შეიძლება ჩართული იყოს გაფართოებული ოჯახის წევრები: შვილები, ბებია-ბაბუა და სხვები.

მკურნალობის მიზეზი ოჯახის ფუნქციონირების გაუმჯობესება და იდენტიფიცირებული პაციენტისთვის დახმარების გაწევაა. რადაგანაც თერაპიის წარმატება რამდენიმე ადამიანის თანამშრომლობაზეა დამოკიდებული, თერაპიის გამოთიშვის მაჩვენებელი - მაღალია. ოჯახის თერაპევტები, რომლებიც სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ, ოჯახთან დაკავშირებით რამდენიმე მიზანს ისახავენ. ესენია:

  • კომუნიკაციის გაუმჯობესება;
  • თითოეული წევრის ავტონომიურობის გაზრდა;
  • როლებთან დაკავშირებით უფრო მაღალი ხარისხის თანხმობის მიღწევა;
  • კონფლიქტის შემცირება;
  • დისტრესის შემცირება ოჯახის იმ წევრში, რომელიც პაციენტის როლში იმყოფება.

სარჩევი

ოჯახური თერაპიის ისტორია

ოჯახური თერაპიის ისტორია 1950-ან წლებში იწყება. ითვლება, რომ ის ორი წყაროდან იღებს სათავეს. ეს გახლავთ აკერმანის (Ackerman, 1958) გავლენიანი წიგნი The psychodynamics of family life (ოჯახური ცხოვრების ფსიქოდინამიკა) და ბეიტსონისა და მისი კოლეგების ნაშრომი კომუნიკაციაზე. აკერმანის ნაშრომმა საფუძველი დაუდო მკურნალობის ფსიქოდინამიკურ მეთოდს, ხოლო ბეიტსონის თერაპიამ - სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას. ეს უკანასკნელი მიდგომა აშშ-ში განავითარა სალვადორ მინუხინმა, რომელმაც შექმნა სტრუქტურული ოჯახური თერაპია, როგორც პრაქტიკული მიდგომა პრობლემის გადაჭრის მიმართ. იტალიაში, მილანის სკოლაში, შეიმუშავეს ოჯახის სისტემის ჰიპოთეზა, როგორც ცვლილების გამოწვევის საშუალება.

ოჯახური თერაპიის ჩვენებები და უკუჩვენებები

ოჯახური თერაპია, ძირითადად, გამოიყენება იმ პრობლემების მოსავლელად, რომლებიც აღენიშნებათ მშობლებთან მცხოვრებ ახალგაზრდებს. ეს პრობლემები ხშირად უკავშირდება ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაციის სირთულეს, ზოგჯერ კი ისინი როლური ხასიათისაა. ზრდასრული პირების ფსიქიატრიულ პრაქტიკაში ხშირად მიმართავენ ოჯახური თერაპიის კომბინაციას მკურნალობის სხვა მეთოდებთან (მაგ, დეპრესიის დროს ანტიდეპრესანტების გამოყენებასთან). ოჯახური თერაპია გამოიყენება ზოგიერთ ახალგაზრდასთან, რომელსაც ნერვული ანორექსია აღენიშნება (მას შემდეგ, რაც მისი წონა აღდგება სხვა საშუალებების გამოყენებით). შიზოფრენიის დროს რეციდივების შესამცირებლად შემუშავდა ოჯახური თერაპიის სპეციალური მეთოდი.

ფსიქოდინამიკური ოჯახური თერაპია

ამ მეთოდის საფუძვლად განიხილება მოსაზრება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ოჯახის ახლანდელი პრობლემები მომდინარეობს ოჯახის ცალკეული წევრის, განსაკუთრებით კი მშობლების, ინდივიდუალური წარსული გამოცდილებიდან. ამჟამინდელი პრობლემები ნაწილობრივ აღმოცენდება ოჯახის ცალკეული წევრების არაცნობიერი ინტრაპერსონალური კონფლიქტებიდან. ოჯახის წევრებმა უნდა გაიგონ ამ კონფლიქტების ბუნება, თუ სურთ თავიანთი ქცევის შეცვლა. თერაპევტის ამოცანაა დაეხმაროს ოჯახის თითოეულ წევრს ამგვარი ინსაითის მიღწევაში და იმის გააზრებაში, თუ როგორ ზემოქმედებს ერთმანეთზე მისი ინდივიდუალური და ოჯახური პრობლემები. თერაპევტი ამას ახორციელებს თითოეულ ოჯახის წევრთან საკუთარი ურთიერთობის გაანალიზებით. ამ დროს თერაპევტი იყენებს არადირექტიულ მეთოდს.

მსგავსი მიდგომა შეიმუშავა სკინერმა (Skynner, 1991) ობიექტთან ურთიერთობის თეორიაზე დაყრდნობით. სკინერი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს მშობლის ბავშვობისდროინდელი გამოცდილება შვილებთან ურთიერთობაზე. მაგალითად, დედას, რომელსაც ბავშვობაში დედობრივი ზრუნვა მოაკლდა, შეიძლება შეუმუშავდეს „პროექციული სისტემა”, ანუ ისეთი მოლოდინები, რომლებიც ბავშვობისდროინდელი გამოცდილებითაა განპირობებული და არა ახლანდელი რეალობით. პროექციული სისტემები განაპირობებენ მშობლების ურთიერთობას ერთმანეთთან და თავიანთ შვილებთან. ზოგჯერ კონფლიქტი მშობლების პროექციულ სისტემებს შორის გადაწყდება პროექციის საკუთარ შვილზე წარმართვით. ამ სისტემების იდენტიფიკაციით, თერაპევტი ეხმარება ოჯახს კონფლიქტის გადაჭრაში.

სტრუქტურული ოჯახური თერაპია

ტერმინი „ოჯახის სტრუქტურა” აღნიშნავს ნაგულისხმევი წესების ერთობლიობას, რომლებიც არეგულირებენ ოჯახის წევრების ურთიეთობას. ზოგიერთი წესი განსაზღვრავს ოჯახის იერარქიას (მაგ., მშობლებს შვილებზე მეტი პასუხისმგემლობა აკისრიათ და უფრო მეტი უფლებამოსილება აქვთ). ზოგი წესი განსაზღვრავს თანამშრომლობას ოჯახის წევრებს შორის (მაგალითად, დედისა და მამის ზოგიერთი ამოცანა და პასუხისმგებლობა გაზიარებულია, ზოგი კი - ინდივიდუალური). ზოგ ოჯახში ორივე მშობელი განსაზღვრავს ქცევის წესებს და კიცხავს ბავშვებს, როდესაც ისინი ამ წესებს არღვევენ, ზოგ ოჯახში კი მამა უფრო მკაცრი მშობელია. წესებით, აგრეთვე, საზღვრების დადგენაც ხდება. ზოგჯერ ხდება წესების დარღვევა (მაგალითად, ქმართან ურთიერთობაში პრობლემების მქონე ცოლი საკუთარ შვილს ამ პრობლემებში ჩაითრევს). სტრუქტურულ ოჯახურ თერაპიაში ჰოპოთეზებს ასეთი წესების შესახებ, ხშირად, ოჯახს, პარადოქსული სახით აწვდიან (მაგ. „როგორც ჩანს ძალიან ხართ თქვენს ცოლზე დამოკიდებული. რას აკეთებს ის ისეთს, რის გამოც თქვენ ნაკლებ უნარიანად განიცდით საკუთარ თავს?”). ამ ტიპის ჩარევა, რომელიც ხანმოკლე დროის მანძილზე ძაბავს ოჯახურ ურთიერთობას, ცვლილების გამოწვევის მიზნით ტარდება.

სისტემური ოჯახური თერაპია

სისტემური ოჯახური თერაპია ეხება ოჯახის ამჟამინდელ ფუნქციონირებას და არა მისი წევრების წარსულ გამოცდილებას. თერაპევტის ამოცანაა დაადგინოს ოჯახის დაუწერელი კანონები, ოჯახის წევრების უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ადგენდეს ამ კანონებს და მათი კომუნიკაციის დარღვეული პატერნი. თერაპევტი ეხმარება ოჯახს გააცნობიეროს და შეცვალოს ასეთი წესები და გააუმჯობესოს კომუნიკაცია.

მილანის სკოლის მიდგომა

მილანის სკოლის მიდგომაში ამ საკითხის მიმართ ასეთი პრაქტიკა არსებობს (Palazzoli et al., 1978): ჩვეულებრივ ეწყობა 5-10 თერაპიული სეანსი ერთი თვის ინტერვალით („გახანგრძლივებული ხანმოკლე თერაპია”). ხშირად, ოჯახის გამოკვლევისას, წრიულ გამოკითხვას იყენებენ. ამ ტექნიკის გამოყენებისას ერთ პიროვნებას სთხოვენ კომენტარის გაკეთებას ოჯახის სხვა წევრების ურთიერთობებზე. მაგალითად, დედას შეიძლება ჰკითხონ, თუ როგორი ურთიერთობა აქვს მის ქმარს მათ ვაჟიშვილთან, ხოლო ოჯახის დანარჩენ წევრებს სთხოვენ გააკეთონ კომენტარი დედის რეაქციაზე. მიზანი კონფლიქტური და წინააღმდეგობრივი შეხედულებების გამოაშკარავებაა. ამის საფუძველზე აიგება ჰიპოთეზა ოჯახის ფუნქციონირების შესახებ. მაგალითად, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საზღვარი მშობლისა და შვილის ქვესისტემებს შორის დარღვეულია, რამდენადაც, ერთ-ერთი მშობელი, ერთ-ერთ შვილთან ზედმეტად მჭიდრო ალიანსში იმყოფება. ასეთ ჰიპოთეზებს ოჯახს აცნობენ და სთხოვენ, რომ ისინი სეანსებზე და სეანსებს შორის განიხილოს. ოჯახს, შეიძლება, მოთხოვონ ახლებურად დაიწყოს მოქცევა. ზოგჯერ თერაპევტი ახდენს ცვლილებების პროვოცირებას პარადოქსული დავალების მეშვეობით. ამით ის უბიძგებს ოჯახს გამოიწვიოს ცვლილებები, რასაც სხვაგვარად ვერ მოახერხებდა. მაგალითად, თუ პაციენტი შიშობს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდებიან, პარადოქსული დავალება შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ პაციენტმა თერაპევტს დაუმტკიცოს საკუთარი აზრის სიმცდარე, რისთვისაც, მან მშობლები ერთმანეთს უნდა დააახლოვოს.

სისტემურ მიდგომას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ, ის, ერთი მხრივ, არ ითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას და არაცნობიერ მოტივებს, ხოლო, მეორეს მხრივ, უგულებელყოფს ისეთი ქმედითი ფაქტორების ზეგავლენას, როგორიც უმუშევრობა და სიღარიბეა.

მილანის სკოლის მიდგომით ჩატარებული სისტემური ოჯახური თერაპიის შედეგების შეფასებამ (ათი გამოკვლევიდან ხუთში საკონტროლო ჯგუფი იყო გამოყენებული) აჩვენა, რომ თერაპიის მოცემული მეთოდი ისეთივე ეფექტურია, როგორც ოჯახური თერაპიის სხვა მეთოდები. პაციენტების დაახლოებით ორ მესამედში შეინიშნებოდა სიმპტომების გაუმჯობესება, ხოლო ოჯახების დაახლოებით ნახევარში გაუმჯობესდა ფუნქციონირების ხარისხი. ზოგადად, ამ შედეგების მიღებას ათზე ნაკლები სეანსი დასჭირდა (Carr, 1991).

ეკლეკტური ოჯახური თერაპია

ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში და, განსაკუთრებით, მოზარდებთან მუშაობისას, პრაქტიკულია მოკლე მეთოდების გამოყენება მცირე დროის მანძილზე. ეს მეთოდები მიზნად ისახავს შეზღუდული რაოდენობის ცვლილებების გამოწვევას ოჯახის ცხოვრებაში. ასეთ დროს კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ ოჯახის ამჟამინდელ ვითარებაზე და გავაანალიზოთ, თუ რა სახით ურთიერთობენ ოჯახის წევრები ერთმანეთთან. ის თუ, ოჯახის რამდენი წევრი უნდა ჩავრთოთ თერაპიულ პროცესში დამოკიდებულია პრაქტიკულ მოსაზრებებზე. მაგალითად, ზოგიერთი ბავშვი ზედმეტად პატარაა, ხოლო ზოგი - სახლიდან შორს იმყოფება. ინტერვალი სეანსებს შორის შეიცვლება იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი დრო სჭირდება ოჯახს იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რომლებიც თერაპიულ სეანსებზე აღმოცენდა.

ოჯახური თერაპიის შედეგები

ოჯახური თერაპიის 19 გამოკვლევის შედეგების მეტაანალიზმა აჩვენა, რომ მიღებული ეფექტი შესაძლებელია შედარდეს სხვა მეთოდით ჩატარებული ფსიქოთერაპიის შედეგებს. იმ პაციენტების 75%-თან, რომელსაც ოჯახური თერაპია ჩაუტარდა, უკეთესი შედგები იქნა მიღწეული, ვიდრე მსგავს პაციენტებთან, რომლებთანაც გამოიყენეს მინიმალური ინტერვენცია ან ინტერვენცია საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული (Markus et al., 1990). როგორც ჩანს, ბავშვებსა და მოზარდებთან ოჯახური ფსიქოთერაპიის გამოყენება ეფექტურია კვებითი აშლილობების, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად მოხმრებისა და ქცევითი აშლილობის დროს.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები