კვებითი აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვებითი (ქცევის) აშლილობები - (F50), (eating disorder), ნებისმიერი იმ აშლილობათა ჯგუფიდან, რომელშიც ჩართულია ნერვული ანორექსია, ნერვული ბულიმია, ზედმეტი ჭამა (ფსიქოგენური ან ფსიქოლოგიური, სხვა დარღვევებთან დაუკავშირებელი), პიკა (საჭმელად უვარგისის ხმარება) უფროსებში, მადის დაკარგვა (ფსიქოგენური). (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

1970 წლამდე კვებითი აშლილობები იშვიათ, გამონაკლის შემთხვევად ითვლებოდა. ნერვული ბულიმიის აღწერის შემდეგ იმატა გამოვლენილი შემთხვევების რიცხვმა, რომელთაც გამოხატული სიმპტომატიკა და ქმედუნარიანობის დაქვეითება ახასიათებდათ. დღემდე საკამათოა, არის თუ არა კვებითი აშლილობების სიხშირე შემთხვევათა ჭეშმარიტი მატების შედეგი, თუ გაუმჯობესდა ამ აშლილობის გამოვლენა და დიაგნოსტიკა (Curren et al., 2005). კვებითი აშლილობების კლინიკურად შეფასება ყოველთვის ვერ ხერხდება. ნაჩვენებია, რომ პირველად ჯანდაცვაში ნერვული ანორექსიის შემთხვევათა მხოლოდ ნახევრის ამოცნობა და დიაგნოსტირება ხდება, ხოლო ნერვული ბულიმია, როგორც წესი, ბევრად იშვიათია და ბულიმიით დაავადებულ პირთა უმრავლესობას მკურნალობა არ უტარდება.

ნერვული ანორექსია და ნერვული ბულიმია შეიძლება განვიხილოთ როგორც კვებითი აშლილობის უფრო დიდი ჯგუფის ქვეჯგუფი, რომელიც შედგება ამ ორი ძირითადი დიაგნოზის კლინიკურად მსგავსი მდგომარეობებისგან, მაგრამ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ამ დიაგნოზების ზუსტ კრიტერიუმებს. ეს აშლილობები DSM-IV-ის მიხედვით კლასიფიცირდება, როგორც კვებითი აშლილობები, რომლებიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული (EDNOS). ისინი ასევე ცნობილია, როგორც ატიპიური კვებითი აშლილობები და რეალურად უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ნერვული ანორექსია და ნერვული ბულიმია. ამ ტიპის აშლილობების მქონე ბევრ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ნერვული ანორექსია ან ნერვული ბულიმია და მათი ნაწილი საბოლოოდ შესაბამისობაში მოვიდა ამ ორი დაავადების კრიტერიუმებთან. ის ფაქტი, რომ კვებითი აშლილობის მქონე პაციენტები მიდრეკილნი არიან „მერყეობისკენ” ამ ორ დიაგნოზს შორის, გვაფიქრებინებს, რომ ნერვულ ანორექსიას, ნერვულ ბულიმიასა და EDNOS-ს საერთო პათოფიზიოლოგია აქვს, რომელიც შეიძლება ასე განისაზღვროს: სხეულის წონისა და ფორმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. ეს იმას ნიშნავს, რომ კვებითი აშლილობის მქონე პაციენტები საკუთარ ღირსებას აფასებენ მხოლოდ სხეულის წონის, ფორმისა და მისი კონტროლის უნარის თვალსაზრისით (Fairburn and Harrison, 2003).(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები