ორბელიანი ვახტანგ (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ ორბელიანი

ორბელიანი ვახტანგ − (1812–1890), პოეტი, რომანტიკოსთა სკოლის წარმომადგენელი. ერეკლე მეფის შთამომავალი (თეკლე ბატონიშვილის შვილი). სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1820– 27), პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. ეწეოდა თვითგანვითარებას. ფლობდა რუსულსა და ფრანგულს. დაახლოებული იყო ქართველ ბატონიშვილებთან და აქტიურად მონაწილეობდა 1832 წ. შეთქმულებაში, რისთვისაც გადაასახლეს კალუგაში (1833) და განაწესეს სამოქალაქო გუბერნატორის კანცელარიაში დაბალ მოხელედ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ 1838 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში პრაპორშჩიკად, მონაწილეობდა სხვადასხვა ლაშქრობაში. 1860 წ. გენერალ-მაიორის წოდებას მიაღწია. 1863 წლიდან ასრულებდა თერგის მხარის უფროსის თანამდებობას. მსახურობდა აგრეთვე მომრიგებელ მოსამართლედ. გარდაიცვალა თბილისში.

ვ. ორბელიანის პოეზიის უმთავრესი თემები იყო სამშობლო, ბუნება, სიყვარული. განსაკუთრებით შესტრფოდა საქართველოს წარსულს, მის გარდასულ დიდებას, აწმყოში ვერაფერს ხედავდა სანუგეშოს. წარსული დროის ბატონ-ყმობაც კი მას მამაშვილურ, იდეალურ ურთიერთობად ესახებოდა. ძველი საქართველოს სიყვარული ბუნების მისეულ ასახვაშიც იჩენდა თავს. მისი პოეზია, პესიმისტური განწყობილების მიუხედავად, აფხიზლებდა საზოგადოებას, აღუძრავდა გარდასულ დროთა პათოსს, უღვივებდა სამშობლოს სიყვარულს. ამ პოეზიას ახასიათებდა აგრეთვე მკვეთრად გამოხატული მორალისტური ტენდენცია, რომელიც რელიგიურ მოტივებს იყო შერწყმული. მის შემოქმედებაში თავი იჩინა ხის ჯვარის კულტმა. ვრცელ ლექსში „ჯვარი ვაზისა“ წარმოდგება წმიდა ნინოს აჩრდილი და ავტორი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოზე ვაზის ჯვარის მადლია გარდამოსული. ილია ჭავჭავაძის თქმით „უმთავრესი ძარღვი ვ. ორბელიანის პოეზიისა ერთი გულსაკვდომი, მაგრამ გულწრფელი გოდებაა წარსულისათვის... ვითარცა სიყვარულის მადლით მოსილს პოეტს დიდი წილი უდევს, რომ ამ გრძნობამ ჩვენში ფეხი მოიკიდა და ფრთა აისხა“.

საგულისხმოა, რომ ვ. ორბელიანი უარყოფდა აშუღურყარაჩოხულ პოეზიას, მას რუსთაველურ ლექსს უპირისპირებდა. თავად მისი შემოქმედებისთვის ნიშანდობლივია მაღალფარდოვანი სტილი და პათეტიკა. ის ლექსებში თავს იჩენს ნ. ბარათაშვილისა და გ. ორბელიანის ცალკეულ სტრიქონთა რემინისცენციები.

ვ. ორბელიანს თარგმნილი აქვს ჟუკოვსკის ზღაპარი „თითისტოლა ბავშვი“, კარატიგინის კომედია „ნაცნობი უცნობი“.


თხზულებები

  • ლექსები, სრული კრებული, 1928.

ლიტერატურა

  • კ. აბაშიძე, ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ, 1970;
  • მ. ზანდუკელი, თხზულებანი, ტ. 1, 1972; )
  • ა. მახარაძე, ქართული რომანტიზმი, 1965;
  • გ. ჟღენტი, ვახტანგ ორბელიანი, 1965;
  • ნ. ალანია, ვახტანგ ორბელიანი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, 1969.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები