ოლსონი ჩარლზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩარლზ ოლსონი (1910-1970) – პოეტ-ფორმალისტებს შორის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, რომლებსაც, მიუხედავად ლიტერატურული ისტებლიშმენტის გადაჭრით უარყოფისა, აკადემიურ საუნივერსიტეტო გარემოსთან კონტაქტი არასდროს შეუწყვეტიათ. უელსისა და იელის უნივერსიტეტებში განსწავლის მერე, ოლსონმა ჰარვარდში დოქტორის ხარისხი მიიღო. სხვადასხვა დროს იყო ბლექ-მაუნთენ კოლეჯის მასწავლებელი და რექტორი, ასწავლიდა ჰარვარდის, ბუფალოს და სხვა უნივერსიტეტებში. გატაცებული იყო არქეოლოგიით და სწავლობდა მაიას და შუმერის კულტურებს, იმ როლის გამოკვლევის მიზნით, რომელიც ხალხის ერთიან ნებას მიუძღვნის ეროვნულ კონსოლიდაციაში. ხალხის „ნებით ერთობაში“ ოლსონი ხედავდა როგორც ცალკეული ადამიანის, ისე ისტორიის საზრისს. ამ პოზიციებიდან აკრიტიკებდა იგი თანამედროვე დასავლურ და ამერიკულ საზოგადოებას. ოლსონი ამბობდა, რომ სურდა პოეტური სიტყვის საშუალებით გაედო ხიდი სოკრატემდელ წინარეისტორიასა და ხვალინდელ პოსტისტორიას შორის. პირველი მიაჩნდა ადამიანის მიერ ყოფიერების სტიქიურ-სინკრეტული, მითოპოეტური განცდის პერიოდად, მეორე – იმ დროდ, როცა განხორციელდება ახალი სინკრეტიზმისკენ, კოსმოსური ცნობიერებისკენ გარღვევა, რამაც უნდა გადაარჩინოს კაცობრიობა.

ოლსონის, როგორც თეორეტიკოსის, გავლენა ომისშემდგომ ამერიკულ პოეზიაზე უზარმაზარია, რაც, ძირითადად, დაკავშირებულია მის ესსესთან „მაპროეცირებელი ლექსი“(1950) და პოემასთან „მაქსიმუსის ლექსები“. აღნიშნავენ, რომ „მაპროეცირებელი ლექსი“ არის 1945 წლის შემდეგ ამერიკულ პოეზიაში მომხდარი რევოლუციის ცენტრალური დოკუმენტი. ოლსონის აზრობრივი წანამძღვარია დებულება, რომ „არსებით მნიშვნელობაზე“ პრეტენზიის მქონე პოეზიამ „უნდა მოიხელთოს და გაითავისოს სიცოცხლის ჭეშმარიტი კანონები და შესაძლებლობები; იმ ადამიანის სუნთქვაც, ვინც წერს, და – იმისიც, ვინც მას უსმენს“. ოლსონის აზრით, ლექსის პირველელემენტია არა სიტყვა, არამედ ბგერა და სტრიქონი; სტრიქონის ზომას კი განსაზღვრავს პოეტის სუნთქვის რიტმი თხზვის მომენტში. მემკვიდრეობითი სტრიქონით, სტროფებით და ტრადიციული საფორმო კომბინატორიკით სავსე არამაპროეცირებელ ლექსს ოლსონი უპირისპირებს „ღია“, „სივრცობრივი კომპოზიციით“ აგებულ მაპროეცირებელ ლექსს, რომელიც კინეტიკის პრინციპს ეფუძნება, ეს კი გულისხმობს შემდეგს: „ველის კომპოზიციური პრინციპები“ ლექსს დაძაბულ, ენერგიის გამომასხივებელ სტრუქტურად გარდაქმნის, და ტაეპების და სტრიქონების ხანგრძლივობით განსაზღვრული პაუზების სისტემა ლექსს ანიჭებს კინეტიკურ რიტმს, რაც უზრუნველყოფს მკითხველთან უშუალო კონტაქტს და სინამდვილის ასახვის ადექვატურობას(ცხადია, ოლსონთან საქმე გვაქვს სინამდვილის არაკლასიკურ, წინარეპოსტმოდერნულ გაგებასთან). აქედანაა ლექსის შექმნისა და წაკითხვის პრინციპიც: „ერთი განცდა მეყსეულად და უშუალოდ უნდა მიგვიძღოდეს მორიგი განცდისკენ“. რაც შეეხება ფორმას, იგი მხოლოდ დანამატია შინაარსის და მისგან არ გამოიყვანება.

ოლსონის თეორიულმა შეხედულებებმა შეკრა და გაამთლიანა ბლექ-მაუნთენის („შავი მთის“) პოეტური წარმომადგენლობა. ამ კოლეჯში რობერტ კრილისთან და რობერტ დანქენთან ერთად ლექციებს კითხულობდა ჯონ კეიჯიც. ოლსონის ესთეტიკის დამცველთა შეხედულებები ფიქსირდებოდა გავლენიანი(თუმცა მოკლევადიანი) „ბლექ-მაუნთენ რევიუს“ ფურცლებზე. და მაინც, პოეტურ პრაქტიკაში „მაპროეცირებელი ლექსის“ პროგრამის ერთადერთ თანმიმდევრულ რეალიზატორად თვით ჩარლზ ოლსონი მიიჩნევა, კერძოდ – მისი მთავარი შრომა „მაქსიმუსის ლექსები“. პოეტი ამ ციკლს ორი ათეული წლის განმავლობაში ქმნიდა და, 1953 წლიდან მოყოლებული, სამი კრებული გამოსცა. ამ გრანდიოზული პოეტური ეპოსის ცენტრალური ფიგურაა მაქსიმუს გლოსტერელი, სიტყვების მბრძანებელი, რომელიც თავისი საწყსების საძიებლად მიემგზავრება და საკუთარი თავი უნდა „მოიპოვოს“ „აღთქმულ მიწაზე“, იმ მიწაზე, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს მიერ დაღუპული მსოფლიოს მიღმაა, იქ, სადაც ერთადაა წარსული და მომავალი, – „პოლისი“, სადაც ადამიანური ყოფის კანონები თანხმობაშია კოსმოსის კანონებთან. ასეთმა პოლისმა უნდა „გაიღვიძოს“ გლოსტერში, რომელიც თანამედროვე ამერიკულმა ცივილიზაციამ კომერციულ დაწესებულებად გადააქცია. ისტორიის სიღრმისეული შეგრძნებისა და დიდი ერუდიციის გამო, ოლსონის ამ პოემას მკვლევარები ეზრა პაუნდის სიმღერებს ადარებენ. ჩარლზ ოლსონი აღიარებულია, როგორც პოსტმოდერნისტ პოეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ავტორი.

წყარო

მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები