ნაძვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაძვი

ნაძვი (ლათ. Picea) – დედამიწაზე საკმაოდ გავრცელებული ჯიშის მარადმწვანე ტანმაღალი ხე სწორი, ცილინდრული ტანით. მერქანი გამოირჩევა თეთრი ფერით, სირბილით, ფისების ნაკლები შემცველობით (5-10 კგ ფისი 1 მ3 მერქანზე). ფიჭვთან შედარებით ნაკლებად მკვრივია. გულის ფერი განსხვავდება ნაქურთენის ფერისგან. აქვს დიდი რაოდენობით როკები, რომელთა ფერი მცირედ განსხვავდება მერქნის ფერისგან. სიმკვრივე – 350-650 კგ/მ3. ნაძვი ადვილად ლპობადია და ატმოსფერული ზემოქმედებისაგან სწრაფად იღებს რუხ ფერს. ცვლადი ტენიანობისა და ხანგრძლივი საექსპლატაციო ვადის მქონე კონსტრუქციებში მიზანშეწონილია კონსერვირებული ნაძვის მერქნის გამოყენება.

ნაძვის სიცოცხლის პირველ წლებში სიმაღლეში ნელა იზრდება, სულ რამდენიმე სანტიმეტრს იმატებს, მაგრამ შემდეგ სწრაფად ინაზღაურებს დანაკარგს და 80-100 წლის ასაკში, როდესაც ჭრის დრო მოდის, 35 მეტრს აღწევს. სწორი, წვრილფენოვანი ნაძვის მერქანი თითქმის ერთადერთი მასალაა როიალების, პიანინოებისა და სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად. ნაძვის მერქანი, ფიჭვის მერქანთან ერთად, ყველაზე მეტად გამოყენებადი მასალაა მზიდი სამშენებლო კონსტრუქციების, დეტალების, ხის კარკასების, ნივნივებისა და კავშირების დასამზადებლად. აერთიანებს 40-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია თურქეთში, ჩრდილო კავკასიაში, კარპატისპირეთში, ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე, ევროპისა და რუსეთის ჩრდილოეთში, კორეაში, იაპონიაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა – აღმოსავლური ნაძვი. ნაძვნარი ტყეებით დაფარულია დასავლეთ საქართველოს, ბორჯომის ხეობისა და კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი ფერდობები. საქართველოში, გარდა ჩამოთვლილისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში, გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული, ჰიმალაური, ვერცხლისფერი (მჩხვლეტავი) ნაძვი და სხვ. ცოცხლობს 250-300, იშვიათად 500 წლამდე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები