ნაკეცები (არქიტექტურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პულკოვოს აეროპორტის ტერმინალის ნაკეცოვანი გადახურვა, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი

ნაკეცები – შენობის სახურავის ზედაპირი, რომელიც შექმნილია დახრილი ბრტყელი წახნაგების სისტემისაგან. ისინი ერთმანეთს უერთდება დიდი გვერდებით გარკვეული კუთხით და ეყრდნობა ტორსულ დიაფრაგმებს ან წიბოებს მოკლე გვერდებით.

ნაკეცების ზედაპირის ფორმა შეიძლება იყოს სამკუთხა, ტრაპეციული ან მართკუთხა. ხშირად გამოიყენება მრავალტალღიანი კონსტრუქცია, იშვიათად ერთტალღიანი. მიუხედავად ამ კონსტრუქციების მაღალი მასალატევადობისა, ისინი ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში დამზადების სიადვილისა და ორიგინალური არქიტექტურული გამომსახველობის გამო. ნაკეცებით გადახურული შენობის გეგმა შეიძლება იყოს მართკუთხა, მრავალკუთხა ან მრუდწირული მოხაზულობის (წრიული, ოვალური და სხვ.): ბოლო შემთხვევაში ნაკეცები განლაგდება რადიალურად. მზიდუნარიანობის ასამაღლებლად ზოგჯერ ნაკეცებს აპროექტებენ განმტვირთავი კონსოლებით.

ნაკეცები მზადდება მერქნის, პლასტმასის ან ლითონისაგან. წახნაგებად გამოიყენება ხის დაწებებული, წებო-ფანერის, მერქანბურბუშელოვანი ფილები, ფიცრულ-ლურსმნოვანი და ფოლადის კოჭური ელემენტები და ბრტყელი სამფენოვანი პანელები. განივი სიხისტის ასამაღლებლად იყენებენ განმბჯენებს, სიხისტის წიბოებს ან შემკრავებს, რომლებსაც განალაგებენ ნაკეცების გრძივი მიმართულებით. ნაკეცების მალი – მანძილი საყრდენ ელემენტებს შორის, როგორც წესი, მიიღება 20-30 მ-ის ფარგლებში, თუმცა ზოგჯერ აღწევს 45 მეტრსაც. აწევის ისრის ფარდობა მალთან მიიღება 0,5-0,1 ტოლი (პოლიმერული მასალებისათვის კი 0,06-0,05), ნაკეცების სიგანე იცვლება 1,8-დან 6,8-მდე ზღვრებში, ხოლო პოლიმერულის – 1 მ-მდე.

კონსტრუქციული თვალსაზრისით ნაკეცები შეიძლება იყოს თხელკედლიანი, წიბოვანი და სამფენოვანი. პირველ შემთხვევაში ნაკეცის წახნაგები წარმოადგენს ფიცრულ-ლურსმნოვან, ფიცრულ-წებოვან, წებო-ფანერის ან ფოლადის ორტესებრ კოჭს. წიბოვან ნაკეცებს ამზადებენ ხის ძელებისაგან განივკვეთის მაქსიმალური ზომით 15 სმ, რომლებსაც ერთ ან ორივე მხარეზე წებოს ან ლურსმნების საშუალებით ამაგრებენ ფურცლოვანი მასალის ან ფიცრის შემოსვას. სამფენოვანი ელემენტები კი ყველაზე ხშირად მზადდება პლასტმასის (გარე ფენები – მინაპლასტიკი, შუა – ქაფპლასტი), სამშენებლო ფანერის ან ლითონისაგან.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები