მერქანბურბუშელოვანი ფილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერქანბურბუშელოვანი ფილა

მერქანბურბუშელოვანი ფილა – ხელოვნური მასალა ფილის სახით, რომელიც მზადდება მერქნის ბურბუშელასა და სინთეზური ფისების ნარევის ცხელი დაწნეხით. დაწნეხის ტემპერატურა 120-190°С, წნევა – 0,2-5 მპა. ფილის ზედაპირი შეიძლება მოპირკეთებული იყოს ხის შპონით, ქაღალდით, პოლიმერით, პოლიმერული აფსკით, პლასტიკით და სხვ.

მასალა პირველად მიღებული იყო გერმანელი გამომგონებლის მაქს ჰიმელჰებერის მიერ XX საუკუნის 30-იან წლებში, ხოლო პირველი კომერციული ნიმუში დამზადდა ქ. ბრემენში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) 1941 წელს (ნედლეულად გამოყენებული იყო ნაძვის მასალა და ფენოლური შემკვრელი). ლამინირება ფილას აძლევს სასიამოვნო ელფერს, ზრდის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს. თერმოპეაქტიული პოლიმერების საფუძველზე აფსკებით მოპირკეთებული ფილა არ მოითხოვს შემდგომ დამუSავებას და წარმატებით გამოიყენება საავეჯო წარმოებასა და შენობის ინტერიერის დიზაინში. ფილის დამზადების ტექნოლოგია შემდეგია: დაწნეხამდე მზა ბრიკეტი ცხელდება +75°C ტემპერატურამდე მაღალი სიხშირის სინათლის სხივებით, თავსდება წნეხში სადაც ტემპერატურა ადის 150-180°C-მდე, წნევა 2,0-3,5 მპა. წნევის გავლენით მასალა შემკვრივდება, ხოლო გაცხელება ახდენს შემკვრელის გამყარებას.

მერქანბურბუშელოვანი ფილების კლასიფიკაცია:

  • კონსტრუქცია: ფენების რაოდენობის მიხედვით – ერთფენიანი, სამფენიანი და მრავალფენიანი (სამფენიანი ფილის გარე ფენებისათვის გამოყენებულია წვრილმარცვლოვანი სტრუქტურა, ხოლო შუა ფენისათვის – მსხვილმარცვლოვანი);
  • მარკა: ღუნვაზე სიმტკიცის, დეფორმაციის, წყალმედეგობის, დაბრეცვის მაჩვენებლების მიხედვით იყოფა ორ მარკად – P2 და P1 (P1 – საერთო დანიშნულების ფილა; P2 – საავეჯო მასალა);
  • სორტი: ზედაპირის სახის კრიტერიუმების მიხედვით (ბზარები, ნახეთქები, შეფერილობა, ლაქები, ნაშვერები, ჩაღრმავებები) ფილები იყოფიან – I სორტი (მინიმალური დეფექტებით), II სორტი (დასაშვებია ზედაპირზე დიდი ზომის დეფექტები) და სორტის გარეშე (ზედაპირზე კარდინალური დეფექტები; გამოიყენება მშენებლობაში);
  • გარე ფენა: ფილა წვრილსტრუქტურული ზედაპირით (შესაძლებელია მოპირკეთება პოლიმერული მასალებით), ჩვეულებრივი ზედაპირით (გამოიყენება მოპირკეთება შპონით) და მსხვილმარცვლოვანი ზედაპირით (გამოიყენება მშენებლობაში);
  • ზედაპირის დამუშავების დონე: გახეხილი და გაუხეხავი;
  • ფორმალდეჰიდის ემისიის კლასი: 100 გრამ მშრალ ფილაში თავისუფალი ფორმალ-დეჰიდის შემცველობის მიხედვით – E1 (10 მგ-ზე ნაკლები) და E2 (10-დან 30 მგ-მდე);
  • წყალმედეგობა: P2 მარკის ფილა გამოირჩევა წყალმედეგობით (22% 24 საათში) P1 ფილასთან შედარებით (33%). ავეჯის და სპეციფიკური საბსენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად გამოიყენება უფრო მაღალი წყალმედეგობის ფილები;
  • ცეცხლმედეგობა: შემადგენლობაში ანტიპირენების შეყვანის შემდეგ ფილა იძენს ცეცხლმედეგობის მისაღებ მახასიათებლებს;
  • დაწნეხის მეთოდის მიხედვით: ბრტყელი ან ექსტრუზიული დაწნეხა.

ტექნიკური მახასიათებლები: სიმკვრივე – 0,55-0,82 გ/სმ3; ტენიანობის ზღვრული საექსპლუატაციო მნიშვნელობა – 5-12%; წყალშთანთქმა – 5-30%; სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე – 0,2-0,5 მპა; სიმტკიცის ზღვარი ღუნვაზე – 10-25 მპა; ფილის გეომეტრიული ზომები – სისქე 10-26 მმ, სიგანე 1200-2440 მმ, სიგრძე 2400-5500 მმ; დარტყმითი სიბლანტე – 4-8 კჯ/მ2; სიმაგრე ბრინელის მიხედვით – 2-4H (20-40მპა); შურუპების ამოგლეჯის კუთრი წინაღობა ზედაპირზე – 35-55 ნ/მმ; შურუპების ამოგლეჯის კუთრი წინაღობა ნაწიბურზე – 30-45 ნ/მმ; სახანძრო უსაფრთხოების მიხედვით მიეკუთვნება Г4 ჯგუფს (ისევე როგორც მერქანი); საშუალო თბოგამტარობა – 0,15 ვტ/(მ·K); ორთქლგამტარობა – 0,13 მგ/(მ·სთ·პა).

გამოყენების სფერო: შენობის კედლების შიდა მოპირკეთება (გამოიყენება არალამინირებული ფილები); სახურავის ბურულქვეშა ფენილის მოწყობა; ინტერიერის მოცულობითი ელემენტების შექმნა; პარკეტისქვეშა იატაკი; ტიხრების დამზადება; ხის კარკასულ-პანელური მშენებლობა; ავეჯი; ტარის წარმოება; ყალიბები; ვაგონმშენებლობა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები