ნადირ-შაჰი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნადირ-შაჰ ავშარი, მინიატურა

ნადირ-შაჰ ავშარი - (1688-1747), ირანის შაჰი 1736-47 წლებში. ტახტს დაეუფლა მას შემდეგ, რაც ირანიდან გააძევა ავღანელთა და ოსმალთა ჯარები.

იყო ყიზილბაშთა ავშარის ტომიდან, უბრალო ოჯახიდან, 18 წლისა დედასთან ერთად მონად წაიყეანეს ხვარაზმის უზბეკებმა. ნადირ-შაჰი გაექცა მათ, ხორასანში დაბრუნდა და ადგილობრივ ფეოდალთა რაზმებში დაიწყო სამსახური. თანდათან თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა მხედართმთავარმა, 1726 ჩადგა შაჰ-თამაზ II-ის სამსახურში და დაინიშნა ხორასნის გამგებლად, წარმატებით ხელმძღვანელობდა ირანელთა ბრძოლას ავღანელებისა და ოსმალების წინააღმდეგ, რითაც მისი ავტორიტეტი უაღრესად გაიზარდა.

1732 ნადირ-შაჰმა ტახტიდან ჩამოაგდო თამაზ II შაჰად მისი მცირეწლოვანი ვაჟი აბას III დასვა. თავი კი მის რეგენტად გამოაცხადა. რუსეთმა, რომელსაც აშფოთებდა თურქეთის გაძლიერება, 1732 რეშთის ხელშეკრულებით ირანს დაუთმო გილანი. 1735 კი (განჯის ხელშეკრულებით) – ბაქო და დერუბანტი, 1732-1735 ნადირმა თურქებისაგან გაწმინდა ჩრდილოეთი აზერბაიჯანი, აღმოსავლეთი საქართველო და ჩრდილოეთი სომხეთი. 1735 პირველად დალაშქრა დაღესტნის თავისუფალი თემები. 1736 ზავი დადო თურქეთთან, რომლის ძალითაც ირანმა დაიბრუნა 1722-მდე კუთვნილი ყველა ტერიტორია.

1730 წლის მარტში მუღანის ველზე მოწვეულ ყურულთაიზე ნადირი შაჰად გამოაცხადეს. 1737-18 დაიპყრო ავღანელი ტომები და ომი გამოუცხადა ინდოეთის „დიდ მონღოლთა“ სახელმწიფოს. 1739 მან აიღო და გაძარცვა დელი. ინდოეთის კამპანიაში მას თან ახლდა ახალგაზრდა ერეკლე II. 1740 ნადირ-შაჰმა ილაშქრა ბუხარისა და ხივის უზბეკურ სახანოებზე. რომლებმაც მის ვასალად ცნეს თავი. 1741-43 ხელმეორედ, წარუმატებლად დალაშქრა დაღესტნის თავისუფალი თემები. 1743-46 აწარმოებდა ომებს თურქეთთან. 1746 ზავმა ორ სახელმწიფოს შორის საზღვრები უცვლელი დატოვა.

ნადირ-შაჰის დაპყრობითი ომების შედეგად შეიქმნა ვრცელი სახელმწიფო, რომელშიც ირანის გარდა – პროვინციების ან ვასალური ტერიტორიების სახით, შევიდა სომხეთი, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთი საქართველო, ბელუჯისტანი, ხივისა და ბუხარის სახანოები. 1735 ქართლ-კახეთში „ოსმალობის” ნაცვლად დამყარდა „ყიზილბაშობა“ – ნადირ-შაჰის პოლიტიკური რეჟიმი მიზნად ისახავდა ადგილობრივი წყობილების შეცვლას სპარსულით, ქართველი ხალხის წინააღმდეგობამ აიძულა ნადირ-შაჰი, უარეყო თავისი გეგმა და „ყიზილბაშობა“ თანდათან „ქართველობით” შეცვალა. მან ქართლისა და კახეთის მეფეებად ქრისტიანობით დაამტკიცა მამა-შვილი თეიმურაზ II და ერეკლე II.

ნადირ-შაჰის გამუდმებული ომები მძიმე ტვირთად აწვებოდა მოსახლეობას, სახსრების ძიებაში მან გაამკაცრა და დაამძიმა საგადასახადო პოლიტიკა. რასაც შედეგად მოჰყვა სახალხო აჯანყებები როგორც ირანში, ისე დაპყრობილ ქვეყნებში. ცენტრალიზაციის პოლიტიკამ, რომელსაც ნადირ-შაჰი ახორციელებდა, განაპირობა საყოველთაო სიძულვილი მის მიმართ და ფეოდალთა დიდი ნაწილის ჩამოშორება. 1747 წლის 20 ივნისს ის შეთქმულებმა მოკლეს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები