მრავალძარღვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მრავალძარღვა

მრავალძარღვა − Plantago Maior:

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. იგი მცენარეებიდან სამკურნალო თვისებების მატარებლად იყო აღიარებული. იოანე ბაგრატიონის დახასიათებით, მრავალძარღვა ბალახია და „აღმოცენდების ყოველსა წელსა ძირიდგან, რომელიცა აქუს ერთის ფუტისოდენ და უმეტესიცა. ძირი ესე არს მრავალძარღვიანი, მოყვითალოს ბუსუსით დაფარებული და აღმომცემელი მრავალთა გურგალთა და უფოთლოთა ღეროთა. ფოთოლნი მისნი ამოვლენ ძირიდგან მოგურგალოდ გრძელნი, ბრჯგუნი, გატკეცილნი. შვიდძარღვიანი და გრძელყუნწებიანი. ყუავილით დაისხამს წვრილთა, ღეროების წვერებთა ზ(ედ)ა, ოთხფოჩიანთა და ერთის განმანაყოფიერებელის ადგილითა. გაიზდების გზისპირებსა ზ(ედ)ა”.

მრავალძარღვას ფესურა მოკლეა და მსხვილი, ფოთლები ფესვთანურია, სპირალურად განლაგებული და მთლიანი, რომელსაც ხუთი-შვიდი სიგრძითი ძარღვი კარგად ეტყობა. ფირფიტა კვერცხისებრია ანდა ფართო ელიფსურია, თითოეულ ფოთოლზე საყვავილე ღეროს სიგრძე თხუტმეტი-ოცი სანტიმეტრია. ყვავილები შეკრებილია თავთავისებრ ყვავილედად. გვირგვინის ფურცლები გამჭირვალეა და მურა ფერის პერგამენტს გავს. აქვს მწვანე ჯამი ღრმად ჩაჭრილი ოთხი ნაკვთით და ოთხი მტვრიანა გვირგვინიდან ამოშვერილი. ნაყოფი კოლოფია. ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე, გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე.

აჭარაში, ისე როგორც საქართველოს არაერთ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში, მრავალძარღვას სამკურნალოდ იყენებდნენ. მცენარის ფოთოლს რეცხდნენ და, ხშირად, უმადაც ჭამდნენ. ემპირიული ცოდნით, მრავალძარღვას ფოთოლი კუჭისა და ნაწლავების ტკივილს აამებდა. მრავალძარღვას, რომელიც გზისპირებში იზრდებოდა, მოსახლეობა მიწიდან ფესვებიანად იღებდა, რეცხდა და თესლს, ფოთოლსა დაფესვს ერთად ხარშავდა. გამოსულ წვენს მტვერი, რომ არ შეჰყოლოდა, ამიტომ ამ საქმეში დაოსტატებული პირები ნახარშს ყურადღებით გაწურავდნენ და მიღებულ სითხეს ავადმყოფს თანაბარი დოზით ასმევდნენ. ფესვიანად ამოღებული მრავალძარღვას გახმობა და საზამთროდ შენახვაც შეიძლებოდა. ამ მცენარეს გამობმული თესლი ზამთარშიც უნარჩუნდებოდა. მისი შენახვის წესი ეთნოგრაფიულადაც დადასტურდა. მრავალძარღვის ფოთლებს ყოველთვის ახმობდნენ, დაფშვნიდნენ, წმინდა საცერში გაცრიდნენ, მოხარშავდნენ და კუჭის აშლობისას ჩასავით სვამდნენ.

მრავალძარღვას ფოთლებით წყლულსა და მუწუკებსაც მკურნალობდნენ. მრავალძარღვას აგრეთვე ციების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებდნენ, დანაყავდნენ, ერთ ჩაის ჭიქა წყალში გახსნიდნენ და ცოტ-ცოტას ციებით დაავადებულს ასმევდნენ. მრავალძარღვას ყურის ტკივილის დროსაც მიმართავდნენ. კარგად გარეცხილ ფოთლებს ავადმყოფს ყურებზე გარედან დაადებდნენ და თბილად შეუხვევდნენ. ფოთოლი რომ გახმებოდა, გამოცვლიდნენ. ასეთი მკურნალობით ავადმყოფს ყურის ტკივილი გაუვლიდა. თავის დროზე, იოანე ბაგრატიონი მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას „ძალი აქუს გამამაგრებელი, რომლისა გამო იხმარების დასარღვეველად შინაგან კერძედ მოგროვილთა ნივთთა მკერდისა თანა, შესაკრავად ყუანისასა მუცელსაგან შინა და სისხლის დაყენებისათვის. ახალი ფოთოლნი მრავალძარღვისანი განკურნებენ ფუტკრის ნაჩხვლეტსა და ფხის ნაჩხვლეტსა”.


ლიტერატურა

ბაგრატიონი, 1986:165; კოხრეიძე, 1958:30-31.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები