მიქელაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეველე (დავით მიქელაძე)

მიქელაძე დავით – (ფსევდონიმები: „მეველე“, „დ. ზურაბისშვილი“, „კულაშელი“, „w“), (1843-1918), ლიტერატორი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე, „შვილთა“ ბანაკის წინამდგომთაგანი.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში (1853-63), პეტერბურის უნივერსიტეტში (1863-67), პარიზში (1872–73). იქვე გაეცნო მარქსის ნაშრომებს. გატაცებული იყო პრუდონის, ლუი ბლანის, გარიბალდის შეხედულებებით. აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივსა და კულტურულ ცხოვრებაში. 1864 წ. ი. მელიქიშვილთან და ვ. თულაშვილთან ერთად დააარსა ქართული სტამბა. 1873 წ. გამოსცა არალეგალური გაზეთი „დროშა“. იყო „დროების“ მუდმივი კორესპონდენტი, შემდეგ — ფაქტიური რედაქტორი და გამომცემელი (1073–74), ფაქტიურადვე განაგებდა „ივერიას“ 90-იან წლებში. 1900 წლიდან მსახურობდა ქუთაისის შავი ქვის მრეწველობის საბჭოში. იყო ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი, შემდეგ — დირექტორი (1910-16); 1905 წ. რევოლუციისა და რეაქციის პერიოდში მხაარში ედგა ხალხს. ავტორია ჰააგის საერთაშორისო კონგრესზე წარსადგენი მემორანდუმისა (1907).

მოღვაწეობა

მეველე სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1867 წ. „ცისკარში“ გამოქვეყნებული სატირული ლექსით „სოფლის მებატონე“. მამხილებლური ხასიათის პუბლიცისტურ წერილებში, სტატიებსა და ფელეტონებში (რომლებსაც აქვეყნებდა „დროების“ „სასოფლო გაზეთისა“ და „კრებულის“ ფურცლებზე) ააშკარავებდა ცხოვრების მანკიერ მხარეებს, იხილავდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებს, ამხილებდა შოვინისტებს (აღსანიშნავია მისი ბრძოლა „ნოვოე ვრემიას“ და „გოლოსის“ წინააღმდეგ), ქადაგებდა ერთა შორის კავშირსა და ძმობას, სიტყის თავისუფლების იდეას. მის სტატიებში აისახებოდა თითქმის ყველა ცხოვრებისეული საჭირბოროტო საკითხი. დიდ ყურადღებას უთმობდა განათლების საკითხებს, მიუთითებდა სკოლების გახსნის, სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემის, ქართული უმაღლესი სასწავლებლის დაარსების, მშობლიურ ენაზე სწავლების, ერის წარსულის შესწავლის აუცილებლობას, ეხებოდა ეროვნული მუსიკის, აგრეთვე ძველი ქართული სპორტის აღდგენის საკითხებს. არაერთი თხზულება უძღვნა აგრეთვე სამართლის საკითხებს, უცხოეთის ცხოვრების ამბებს (იყო „დროების“ საერთაშორისო მიმომხილველი, ჰქონდა სტატიების მთელი სერია: პარიზის ცხოვრების, კომუნის, საფრანგეთ-პრუსიის ომისა და ინტერნაციონალის დაარსების თაობაზე). ლიტერატურული ხასიათის წერილებში ავითარებდა პრინციპს „ხელოვნება ხალხისათვის“, ეხებოდა მხატვრული თარგმანის საკითხებს. საყურადღებოა მისი წერილები რუსთაველის, ნ. ბარათაშვილის, ა. ყაზბეგის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ლ. ტოლსტოის, ბელინსკის, გრიგოროვიჩის შესახებ აინტერესებდა თეატრის პრობლემებიც ჰქონდა საკუთარი დრამატული თხზულება „ხაფანგი“ (1899), რომელიც რამდენჯერმე დაიდგა ქართულ სცენაზე.

მეველეს თარგმნილი აქვს ლ. ტოლსტოის „მეუფება წყვდიადისა“ (1908).


ლიტერატურა

  • ს. ცაიშვილი, ლიტერატურული ნარკვევები, 1962;
  • ე. მაღრაძე, მეველე (დათა მიქელაძე), 1963.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები