მაჭავარიანი გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი მაჭავარიანი

გივი მაჭავარიანი – (დ. 5 დეკემბერი 1927, თბილისი, – გ. 27 აგვისტო 1968, იქვე), ენათმეცნიერი ქართველოლოგი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1967).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების სპეციალობით (1950), მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, 1955–68 იყო თსუ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის დოცენტი, შემდეგ – პროფესორი.

მაჭავარიანის პირველივე სამეცნიერო ნაშრომებიდან გამოიკვეთა მისი, როგორც ქართველოლოგის, ფართო ინტერესები. ერთ-ერთ ადრინდელ ნაშრომში – „ზმნის ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები ქართველურ ენებში“ (საკანდიდატო დისერტაცია, 1954) პირველად იქნა გამოწვილვით შესწავლილი ქართველურ ენათა უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ მანამდე ნაკლებად გამოკვლეული პრობლემები. ამ ნაშრომში, პირველად ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში, არ არის გაზიარებული სვანური ენის ნარევობის თეორია, რომელსაც ნ. მარმა დაუდო საფუძველი.

მაჭავარიანმა აღმოსავლეთმცოდნეობის XXV საერთაშორისო კონგრესზე (მოსკოვი, 1960) წამოაყენა თეორია, რომლის მიხედვითაც საერთო-ქართველურ ფუძეენაში არსებობდა სიბილანტურ სპირანტთა და აფრიკატთა სამი რიგი (წინააღმდეგ მანამდე ქართველურ ენათმეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისისა სიბილანტთა ორი რიგის არსებობის შესახებ).

ქართველური ენათმეცნიერებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მონოგრაფიას, „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (თბ., 1965), რომლის ავტორიც მაჭავარიანი იყო თ. გამყრელიძესთან ერთად. ეს ნაშრომი ქართველურ ენათა შედარებით-ისტორიული გრამატიკის საფუძველია. მასში გამოთქმულია თვალსაზრისი ქართველურ ფუძეენაში სონანტთა კლასის არსებობის შესახებ, რის შედეგადაც აიხსნა და დაზუსტდა ქართველურ ენათა შედარებითი ფონოლოგიისა და მორფოლოგიის მრავალი საკითხი. სონანტთა კლასის რეკონსტრუქციას უკავშირდება მეორე მნიშვნელოვანი თეორია აბლაუტის არსებობისა. ნაშრომში მოცემულია აგრეთვე ქართველურ ძირეულ და აფიქსურ მორფემათა კანონიკური ფორმა:
1. ძირეულისათვის – თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი ( კახ, ბან-,). ძირში მარტივ თანხმოვანს შეიძლება ჩაენაცვლოს ჰარმონიული ან ლაბიალური თანხმოვნის შემცველი კომპლექსები (*ტყაUuuu.JPG, "დეღUuuu.JPG…);
2. აფიქსურისათვის – თანხმ.+ ხმოვნ. პრეფიქსებში და ხმოვ.+ თანხმ. სუფიქსებში.
დადგენილია ძირეულ და აფიქსურ მორფემათა ურთიერთშეხამების კანონზომიერებებიც.

ქართველურ ენათა ფონოლოგიური და მორფონოლოგიური კვლევის თვალსაზრისით საყურადღებოა მაჭავარიანის მონოგრაფია „საერთო-ქართველური კონსონანტური სისტემა“ (თბ., 1965). მონოგრაფიაში გამოთქმულ შეხედულებათა საფუძველია მოძღვრება სონანტთა სისტემისა და აბლაუტის შესახებ ქართველურ ენებში. ნაშრომის პირველი ნაწილი ეხება ქართველურ ენათა შედარების შედეგად აღდგენილი ფუძეენის თანხმოვანფონემათა პარადიგმატულ სისტემას, ხოლო მეორე ნაწილი – იმ კონსონანტურ ჯგუფებს, რომლებიც აღდგება საერთო-ქართველური ფუძეენის დონეზე. ქართველურ ენათა ურთიერთმიმართების, შედარებითი ფონოლოგიისა და გრამატიკის ძირითად საკითხებს ეხება მაჭავარიანის ნაშრომი „ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკა“, რომელიც შედგენილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე 1958-61 წაკითხული ლექციების საფუძველზე და გამოიცა ავტორის გარდაცვალების შემდეგ – 2002.

მაჭავარიანის კვლევის ძირითადი საგანი იყო ქართველური ენები; იკვლევდა იბერიულ-კავკასიურ ენებსაც.

ზ. სარჯველაძე


ლიტერატურა

  • საენათმეცნიერო კრებული (ეძღვნება გ. მაჭავარიანის ხსოვნას დაბადების 50 წლისთავზე), თბ., 1979 (იქვე მისი შრომების ბიბლიოგრაფია).

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები