მაქრედი უილიამ ჩარლზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ ჩარლზ მაქრედი

უილიამ ჩარლზ მაქრედი − (William Charles Macready 1793-1873,) ინგლისელი მსახიობი.

მაქრედის მამა იყო პროვინციული თეატრის მსახიობი, რომელსაც საკუთარი დასი ჰყავდა. მან შვილი, ერთ-ერთ უძველეს, დახურული ტიპის სკოლაში მიაბარა, რათა იგი „ნამდვილი ჯენტლმენი“ გამხდარიყო. მისი დასის საქმე ცუდად წავიდა და ფინანსური კრიზისის გამო, იძულებული შეიქნა შვილი სკოლიდან გამოეყვანა

მაქრედიმ სკოლის პერიოდშივე დაიწყო სასცენო მოღვაწეობა, როგორც მოყვარულმა მსახიობმა პროვინციულ სცენაზე და დიდ წარმატებას მიაღწია. 1816 წელს კოვენტ-გარდენის თეატრში მიიღეს. რამდენიმე წლის მერე დაიწყეს მასზე საუბარი, როგორც კინის შესაძლო კონკურენტზე. ლირის, მაკბეთის, ჰამლეტის როლებში წარმატებამ კიდევ უფრო გაამყარა მისი მდგომარეობა. კინის სცენიდან წასვლის შემდეგ მაქრედი ინგლისური თეატრის ცენტრალური ფიგურა ხდება.

კონტრასტულ, რომანტიკულად ამაღელვებელ კინის მანერას მაქრედიმ დაუპირისპირა პერსონაჟის დეტალური, უფრო რეალური, ყოფასთან მიახლოებული დახასიათება. იგი დიდხანს ქმნიდა გმირის სახეს, რათა უფრო კარგად ჩასწვდომოდა მის ბუნებას, შესულიყო როლში, რითაც განივითარა ძალიან კარგი შინაგანი ტექნიკა.

მაქრედი არაჩვეულებრივი გარეგნობის გახლდათ: მაღალი, ლამაზი სხეულით, ძლიერი ხმით, პლასტიკით, მეტყველი სახით. მისი პლასტიკა გამოირჩეოდა გამომსახველობით. თუმცა, მას აკლდა კინისეული გულწრფელი აფეთქებები და ამ მხრივ, თითქოს, უკან გადადგა ნაბიჯი კლასიციზმისაკენ. თავად მსახიობი თვლიდა, რომ მისი მეთოდი ჩამოყალიბდა მანამდე არსებული ორივე სკოლის გავლენით: რომანტიკულის, რომლის მთავარ დამსახურებად მაქრედი ვნებათა ძალას მიიჩნევდა, და ასევე, კლასიცისტურის, მისი დახვეწილი გემოვნებით, ნათელი ლოგიკით, დამუშავებული ფორმებით. თავის მასწავლებლად მიაჩნდა ტალმა, კლასიცისტი, რომელიც ყველაზე უფრო მიუახლოვდა რომანტიზმს. მაქრედიმ 1822 წელს ნახა ტალმას თამაში და მას შემდეგ, უდიდესი ფრანგი ტრაგიკოსი მის წარმოსახვას აღელვებდა.

მაქრედის ღირსებათა შორის თანამედროვენი გამოჰყოფდნენ - კულტურულობას, პროფესიისადმი ერთგულებას. იგი დიკენსის და სხვა მრავალი გამოჩენილი ლიტერატორის და ხელოვანის მეგობარი იყო.

1837 წლიდან მაქრედი რეჟისორობს. ინგლისური რეჟისურის განვითარება, რომელიც დაიწყეს გარიკმა და კემბელმა, შემდგომში შეწყდა.ინგლისური რომანტიკული თეატრი, განსხვავებით ფრანგულისგან და გერმანულისგან, იმისდამიუხედავად, რამდენი ადამიანი გამოდიოდა სცენაზე, ითვლებოდა ერთი მსახიობის თეატრად. მაქრედიმ გააგრძელა რეჟისორული ტრადიციები და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამსახიობო ანსამბლის შექმნაში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა მასობრივი სცენების დადგმას, მიისწრაფოდა სპექტაკლები აეგო როგორც ერთი მთლიანობა. თუმცა, რომანტიკულმა „პრემიერობამ“ მაინც იქონია მასზე გავლენა. მაგალითად, „ოტელოს“ კონცეფციას, ინტერპრეტირებას ცვლიდა იმისდამიხედვით, თუ ვის როლს თამაშობდა: იაგოსი თუ ოტელოსი.

მაქრედიმ უარი თქვა შექსპირის პიესების სცენურ ვარიანტებზე, რომლებიც გამყარდა ინგლისურ თეატრში ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან და შორს იყო შექსპირის ორგინალებიდან. მაქრედი დაუბრუნდა პირველწყაროებს, მოითხოვდა სპექტაკლების გაფორმებისას, ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ ისტორიულ სიზუსტეს და ისტორიული კოსტიუმების ავთენტურობას.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები