მასობრივი დაზიანების იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მასობრივი დაზიანების იარაღი – იარაღის სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ ძალების და საშუალებების შეზღუდული გამოყენების პირობებში გამოიწვიონ მასობრივი დანაკარგები და ნგრევა გარემოს შეუქცევად ცვლილებებამდე.
მასობრივი დაზიანების იარაღის ძირითადი განმასხვავებელი თვისებებია:
- დამაზიანებელი მოქმედების მრავალფაქტორიანობა;
- ხანგრძლივი დამაზიანებელი მოქმედება და გავრცელება დაზიანების ობიექტის ფარგლებს გარეთ;
- ხანგრძლივი ფსიქოტრავმატული ეფექტი;
- მძიმე გენეტიკური და ეკოლოგიური შედეგები;
- მასობრივი დაზიანების იარაღისგან ჯარების და მოსახლეობის დაცვის და მისი გამოყენების შედეგების ლიკვიდაციის სირთულე.
მასობრივი დაზიანების იარაღს განეკუთვნება ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი, აგრეთვე, მოქმედების სხვაგვარ პრინციპებზე დაფუძნებული მასობრივი დაზიანების იარაღის სხვა სახეობები, რომლებიც ეფექტურობით არ ჩამორჩებიან მასობრივი დაზიანების იარაღის ტრადიციულ სახეობებს.