ლურჯი მოცვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლურჯი მოცვი - Vaccinium uliginosum L.

Vaccinium uliginosum L. – ლურჯი მოცვი
მეგრულადმეიფა.

ფოთოლმცვენი, დატოტვილი პატარა ბუჩქია 3-60 სმ სიმაღლის; ტოტები მომრგვალოა, შიშველი ან შებუსული; ქერქი მუქი ყავისფერია ან მუქი ნაცრისფერი. ფოთლები უკუკვერცხისებრი ფორმისაა, ძირში სოლისებრი, 3 სმ-მდე სიგრძის, კიდემთლიანი, ზედა მხარეზე მკრთალი მწვანე ფერის, ქვედა მხარეზე ლეგაა; ყვავილები მარტოულია, სურნელოვანი, გვირგვინი მოთეთრო – მოწითალო ფერისაა, კვერცხისებრ-ქოთნისებრი, კბილები მოკლეა, ბლაგვი, გადაღუნული. ნაყოფი კენკრაა, მომრგვალო ფორმის, ლურჯი ფერის, მსგავსად ფოთლებისა დაფარულია ცვილისებრი ნაფიფქით. ყვ. VI; ნაყ. IX.

იზრდება ტყეებში და ტენიან დაჭაობებულ ადგილებში, მდელოებზე, მთებში, მწირ და ძლიერ მჟავე ნიადაგებზე, სუბალპურ და ალპურ სარტყელში. მიკოტროფია, ცხოვრობს სიმბიოზში საპროფიტულ სოკოსთან, რომელიც მცენარეს ხელს უწყობს ნიადაგიდან შთანთქას მისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები.

ნაყოფები საკვებად გამოიყენება ნედლი და გადამუშავებული სახით: ჯემი, მურაბა, პასტილი, სამკურნალო კომპოტები, კისელი.

შეიცავს 8 მგ%-მდე შაქრებს, ვიტამინებს (C, PP, K), კაროტინს – პროვიტამინ A – 110 მგ%, ორგანული მჟავების დიდ ნაკრებს (ვაშლის, ლიმონის, მჟაუნას და ბენზონის), მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინებსა და ტანინებს, მიკრო და მაკროელემენტებს, ძირითადად რკინას და მარგანეცს, ასევე მრავალი რთული შემადგენლობის ორგანულ შენაერთებს.

ნაყოფები ხასიათდება სიცხის დამწევი, ცინგის, ანემიის, ანთების საწინააღმდეგო, მსუბუქი სასაქმებელი, ანტიჰელმინტური და საერთო გამაძლიერებელი მოქმედებით. სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება კოლიტის, ენტეროკოლიტის, დიზენტერიის, პიელიტის, ცისტიტის, გასტრიტის, კუჭის კატარის დროს; დადებითად მოქმედებს მხედველობის გაუმჯობესებაზე, ფარისებრ ჯირკვალზე, საკვებ-მომნელებელი ტრაქტის ფუნქციაზე, დევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და მავნე ნივთიერებებს, სხვადასხვა სახის რადიონუკლეიდებსა და მათ პროდუქტებს.

აუცილებელია ბავშვებისათვის, K ვიტამინის დიდი რაოდენობის შემცველობა ხელს უწყობს ჩონჩხის ძვლების გამაგრებას, კბილების ფორმირებას, სისხლის მიმოქცევას და სისხლის შედედებას.

ფოთლების ნახარშს იყენებენ დიაბეტის, ჰიპერტონიის, გულის დაავადებებისა და სისხლნაკლებობის, ფაღარათის, გასტრიტებისა და ენტერიტების დროს.

ნაყოფები და წვენი უკუმაჩვენებელია ნაღვლის გზების დისკინეზიის დროს. დიდი რაოდენობით მიღება იწვევს სიმთვრალის სინდრომს, რასაც ახლავს გულისრევა, პირღებინება და თავის ტკივილები (ბიძინაშვილი, 2013).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები