ლაზური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაზური ენა – ლაზური ენა ისევე როგორც ქართული, სვანური და მეგრული ენები, ქართველურ ენათა ოჯახს განეკუთვნება და მეგრულთან ერთად ამ ოჯახის სვანურ ენათა ჯგუფს ქმნის, ტერმინი „ლაზურის“ გვერდით ლიტერატურაში გამოიყენება „ჭანურიც“. ზოგი მკვლევარი უპირატესობას აძლევს ლაზურს, ზოგი – ჭანურს,ზოგისთვის კი ეს ტერმინები სინონიმურია. ამ ენაზე მოლაპარაკეები თავიანთ თავს ლაზს/ლაზებს უწოდებენ, ჭანფუძე მათთვის, როგორც წესი უცნობია.

ლაზები კომპაქტურად სახლობენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფელ სარფში და თურქეთში – ართვინის ვილაიეთის ხოფის, ბორჩხისა და არქაბის ილჩეებსა და რიზეს ვილაიეთის ფინდიქლის, ართაშენის, ჩამლიჰემშინისა და ფაზარის ილჩეებში. ბევრი ლაზი ცხოვრობს თურქეთის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში. ლაზთა ცალკეული ოჯახები გაბნეულია დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში (აჭარა, აფხაზეთი, გურია და სამეგრელო).

ლაზურში დიალექტურ ერთეულთა ორი ჯგუფი გამოიყოფა: დასავლური ( შემადგენელი კილოკავების სახელწოდებათა მიხედვით – ათინურ-ართაშენული და ვიწურ-არქაბული) და აღმოსავლური (ხოფურ-ჩხალური). დასავლური და აღმოსავლური დიალექტები მკვეთრად უპირისპირდებიან ერთმანეთს როგორც ფონეტიკურ-გრამატიკულად ისე ლექსიკურადაც. ამასთან, ზოგ შემთხვევაში ამა თუ იმ ენობრივი თავისებურებით ერთ-ერთი დასავლური დიალექტი აღმოსავლურთან იჩენს მეტ სიახლოვეს, ან დიალექტების შიგნით კილოკავები და ცალკეული თქმები უპირისპირდებიან ერთმანეთს და სხვა დიალექტების ჩვენებას იმეორებენ.

ლაზურის ხმოვნებია: შუა რიგის ა. წინა რიგის (პალატალური)ე. ი. უკანა რიგის (ლაბიალური) ო, უ. ჩქამიერ თანხმოვნებში გამოიყოფა 6 ლოკალური რიგი: ლაბიალური (ბ. ფ. პ; ?/ვ. δ), დენტალური (დ, თ. ტ), წინა ალვეოლარული (ძ, ც, წ, ზ, ს), უკანა ალვეოლარული (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ). ველარული (გ, ქ, კ, ღ, ხ, ყ) და ლარინგალური (ჰ). ამ რიგებში შემავალი ხშულები სამეულებს ქმნიან (მჟღერი, ფშვინვიერი, მკვეთრი), ნაპრალოვნები კი – წყვილეულებს (მჟღერი, ფშვინვიერი); მხოლოდ ველარულებში გვაქვს გლოტალიზებული სპირანტიც (ყ) და ლარინგალურ რიგში ერთი ნაპრალოვანი (ჰ). სონორი თანხმოვნები იყოფა ორ ჯგუფად: ნაზალურებად (ლაბიალური მ, დენტალური ნ) და ორალურებად (გვერდითი – დენტალური ლ. პირდაპირები – ალვეოლარული რ და პალატალური ?).

ლაბიალური ფშვინვიერი სპირანტი ô საკუთრივ ლაზურ სიტყვებში მეტად შეზღუდულად იხმარება და, როგორც წესი, ნასესხებ სიტყვებში გვხვდება. ლატერალური ლ ზოგ თქმაში პალატალიზებულია უკანა რიგის ხმოვანთა წინაც. გლოტალიზებული სპირანტი ყ მხოლოდ ხოფურ-ჩხალურშია დაცული ხმოვნებისა და ე, ლ თანხმოვანთა წინ. ფუძისეული ჩქამიერი თანხმოვნის მომდევნო ველარული ყ სპირანტი ლაზურში ვერ ძლებს. ხოფურ-ჩხალურსა და ვიწურ-არქაბულში ამოსავალი ტყ, წყ, ჭყ კომპლექსები ტკ, წკ, ჭკ-დ არის ცვლილი; ათინურ-ართაშენულში კომპლექსები გამარტივებულია მეორე წევრის დაკარგვით. აქ ამავე წესით მარტივდება ველარული კ ხშულის შემცველი კომპლექსებიც. ხოფურ-ჩხალურში დადასტურებული პყ, ტყ, წყ, ჭყ კომპლექსების შემცველ ფუძეთა მეტი წილი ქართულიდან არის ნასესხები; ორიოდე შემთხვევა გვაქვს კომპლექსებში კ-ს ყ-თი შენაცვლებისა. ასევე გვიანდელი ფონეტიკური პროცესების შედეგია გლოტალური ხშულის შემცველი კომპლექსის სპორადული გამოვლენა ათინურ-ართაშენულში: ტკვა (< თქვა) „თქვენ“, ტკუ (< თქუ) „თქვა“.

ფონეტიკური პროცესებიდან აღსანიშნავია ნაზალური მ, ნ-ს განვითარება სიტყვის ანლაუტში; რომლის დაკარგვა ხმოვნებს შორის: სიტყვის ბოლოკიდური ს-ს დასუსტება ?-ად და ველარულ ხშულთა პალატალიზაცია-აფრიკატიზაცია (გ > ჯ, ქ > ჩ, კ > ჭ) წინა რიგის ხმოვნებისა და პალატალური თანხმოვნის წინ ათინურ-ართაშენულში; ხმოვნის მეორეული სინკოპირება და ბ-ს განვითარება ფუძისეული მ-ს შემდეგ ათინურ-ართაშენულსა და ვიწურში (თოფრი „თაფლი“, თხომბუ „თხმელა“, შდრ. ხოფურ-ჩხალურისა და არქაბულის თოფური, თხომუ); ველარული თანხმოვნების მომდევნო ლაბიალის დაკარგვა ი ხმოვნის წინ ათინათურ-ართაშენულსა და ვიწურ-არქაბულში (შქით „შვიდი“, კინჩი „ჩიტი“ – შდრ. ხოფურ-ჩხალური შქვით, კვინჩი).

მახვილი სუსტია, ორზე მეტმარცვლიან სიტყვებს, ჩვეულებრივ, ბოლოდან მესამე მარცვალზე მოუდის, ათინურ-ართაშენულში ხშირად – მეორეზე.

ყველა სახელის ფუძე ხმოვნით ბოლოვდება. ბოლოკიდური -ი ორ- და მეტმარცვლიან ფუძეებში ისტორიულად სახელობითი ბრუნვის ნიშანია. გამოიყოფა ბრუნვები: სახელობითი (ბრუნვის ნიშანი – 0), მოთხრობითი (-ქ), მიცემითი (-ს), ნათესაობითი (-შ/-ში), მიმართულებითი (-შა/-შე), დაშორებითი (-შენ), მოქმედებითი (-თე/-თენ). ათინურ-ართაშენულში ერთიანი მიმართულებით-დაშორებითი ბრუნვაა (-შა/-შე): ამავე დიალექტის ზოგ თქმაში სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი ერთნაირად, ნულოვანი ნიშნით, არის წარმოდგენილი. სახელთა მრავლობითი რიცხვის სუფიქსის ალომორფებია -ფე, -ეფე, -ლეფე. -ელეფე. მათი განაწილება დიალექტურ ერთეულთა (აგრეთვე, მეტყველების ნაწილთა) მიხედვით განსხვავებულია.

ზმნა იუღლება სუბიექტური და სუბიექტ-ობიექტური წყობით, პირისა და რიცხვის გამოხატვის წესი ისეთივეა, როგორიც მეგრულში. სუბიექტური პირის ნიშანთა ალომორფებია: I პირისა – ვ-, ბ-, ფ-, ô -, პ-, პპ-, მ-, O-; II პირისა – 0-; III პირისა – -ს/-ნ/-უ; ობიექტურისა: I პირისა– მ-, მპ-: II პირისა – გ-, ქ-, კ-, კმ-; III პირისა – 0-.

ქცევა სამია: ნეიტრალური, სასუბიექტო, საობიექტო. სასუბიექტო ქცევის ფორმები მხოლოდ კუთვნილებით ურთიერთობას გადმოსცემენ და არა დანიშნულებითს: ნიკვათუ „მოიჯრა“ (თავისი და არა თავისთვის).

განირჩევა მოქმედებითი, ვნებითი და საშუალი გვარი. ვნებითი შეიძლება იყოს ი-პრეფიქსიანი (ერთპირიანი), ა-პრეფიქსიანი (ორპირიანი) და ნულნიშნიანი. ორპირიანი ვნებითის ფორმებს ინვერსიული წყობის შემთხვევაში პოტენციალისის გაგება აქვთ (აჭ-კომენ „შეუძლია (შე)ჭამოს)“.

გამოიყოფა მწკრივთა ორი რიგი: ძველი, ანუ ძირითადი (მეგრულთან საერთო) და ახალი, ძირითად მწკრივებზე დამყარებული (საკუთრივ ლაზური) მწკრივები. მწკრივები სამ სერიად ჯგუფდება. სერიებად დაჯგუფებისათვის ამოსავალია ძირითადი მწკრივები. გვიანდ. მწკრივები, იმისდა მიხედვით, თუ რომელ მწკრივებზე არიან დაყრდნობილი, შესაბამის სერიას განეკუთვნებიან. მწკრივთა სისტემა ასეთია: I სერია – აწმყო, ნამყო უსრული, „ნანამყოუსრულარი“ თურმეობითი, პირობითი I, კავშირებითი I, მყოფადი I, მყოფადი I-ის ნამყო; II სერია – აორისტი, ნააორისტალი თურმეობითი I, ნააორისტალი თურმეობითი II, პირობითი II, კავშირებითი II, მყოფადი II, მყოფადი II-ის ნამყო, ნააორისტალი თურმეობითის პირობითი, მყოფადის ნამყოს თურმეობითი, მყოფადის ნამყოს პირობითი; III სერია – ინვერსიული თურმეობითი I, ინვერსიული თურმეობითი II, პირობითი III, კავშირებითი III. მყოფადებისა და არაინვერსიული თურმეობითების წარმოების წესით დასავლური და აღმოსავლური დიალექტური ერთეულები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებიან. გარდამავალი ზმნები I და II სერიის მწკრივთა ფორმებთან სუბიექტს მოთხრობით ბრუნვაში შეიწყობენ, პირდაპირ ობიექტს – სახელობითში, გარდამავალ ზმნათა III სერიის მწკრივები ინვერსიულია: სუბიექტი მიცემით ბრუნვაში დგას, პირდაპირი ობიექტი – სახელობითში. გარდაუვალ ზმნებს III სერიის ფორმები, ჩვეულებრივ, არ ეწარმოებათ, გამონაკლისია მეშველზმნიანი ყოფერენ „ყოფილა“, დოყოფუმერენ „დამწიფებულა, მოწეულა“ ფორმები (ხოფურ-ჩხალურში) და რამდენიმე ზმნა, რომლებიც, გარდამავალთა მსგავსად, ინვერსიულად იუღლებიან (უხთიმუნ, ულვაფუნ, „უვლია, წასულა“, გ? უხუნუნ „შემჯდარა“). ინვერსიულად ნაუღლები გარდაუვალი ზმნები სუბიექტს ზოგ თქმაში მიცემითის, ზოგში კი სახელობითის ფორმით შეიწყობენ.

მასდარის მაწარმოებელია ო- – -უ ცირკუმფიქსი(უპრევერბო ფორმებში – ოჭარუ „წერა“) და -უ სუფიქსი (პრევერბიანებში – მეხთიმუ „მისვლა“). სპორადულად გვხვდება -ა სუფიქსიც: ღურა „სიკვდილი“, წილვა „ნოემბერი“ (ეტიმოლოგიურად – „კრეფა“). სამივე გვარის მიმღეობების გვერდით მათი ფუნქციით გამოიყენება ზმნური ფორმაც, რომელიც ასეთ შემთხვევაში სახელივით იბრუნება; მაგ., ულუნ-მულუნ-ქ „გამვლელ-გამომვლელმა“, („მიდის-მოდისი-მა“).

ქართულის მსგავსად, გარდამავალ ზმნათა სუბიექტის ბრუნვებია: I სერიაში – სახელობითი, II სერიაში – მოთხრობითი, III სერიაში – მიცემითი; პირდაპირი ობიექტისა:I სერიაში – მიცემითი, II და III სერიებში – სახელობითი. გარდაუვალ ზმნებს III სერიაში მეშველზმნიანი წარმოება აქვთ. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე ზმნა. გარდაუვალ ზმნათა სუბიექტი I სერიაში სახელობითშია, II სერიაში – მოთხრობითში, III სერიაში მეშველზნიანი ფორმებისა სახელობითშია, ინვერსიულებისა კი – მიცემითში.

მასდარს ძირითადად აწარმოებს სუფიქსი -ა, რომლის წინ შეიძლება იდგეს თემის ნიშანი ან თემისნიშნისეული ელემენტი (ღურ-ა „სიკვდილი“, ცქვ-აფ-ა „ქება“, თას-უ-ა „თესვა“). მასდარის მაწარმოებელი კონფიქსი ო – უ მხოლოდ მიმართულებით და დაშორებით ბრუნვათა ფორმებშია დაცული (ომუშებუშა „სამუშაოდ“, ომუშებუშე „სამუშაოდან“).

სახელურ ჯგუფში პრეპოზიციური წყობა უფრო გავრცელებულია, თუმცა იშვიათად პოსტპოზიციურიც იხმარება. ორივე წყობის შემთხვევაში სახელური ჯგუფის ბოლო წევრი იცვლება ბრუნვათა მიხედვით, წინას კი ბრუნვის ნიშნის ნულოვანი ალომორფი აქვს. ასევე თანწყობით სახელურ ჯგუფში უკავშიროდ ან დო „და“ კავშირით შეერთებულ ერთგვაროვან წევრთაგან მხოლოდ ბოლო წევრი დაირთავს სათანადო ბრუნვის ნიშანს, სხვები კი წინამავალი მსაზღვრელის ან საზღვრულის მსგავსად იქცევიან.

გ. კარტოზია



ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ, ჭანურის გრამატიკული ანალიზი (ტექსტებითურთ), ტფ. 1936;
  • მისივე, ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი, ტფ., 1938;
  • ჟღენტი ს. ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა, თბ., 1953;
  • გამყრელიძე თ., სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა სტრუქტურის ზოგი საკითხი, თბ., 1959;
  • როგავა გ. ქართველურ ენათა ისტორიული ფონეტიკის საკითხები. ხმოვანთა ისტორიის ზოგი საკითხი ქართველურ ენებში, თბ. 1962;
  • გამყრელიძე თ.მაჭავარიანი გ. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თბ., 1965;
  • მელიქიშვილი ი. „ქართველურ ენათა ორი იზოლირებული ბგერათფარდობის ახსნისათვის“: კრებ. „თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები“, თბ., I981;
  • ფენრიხი ჰ., სარჯველაძე ზ. ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი. მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, თბ., 2000;
  • კარტოზია გ. ლაზური ენა და მისი ადგილი ქართველურ ენათა სისტემაში, თბ., 2005;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები