კორიდეთის ხელნაწერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კორიდეთის ხელნაწერი – ცნობილი ბერძნული ოთხთავი, ასომთავრულით გადაწერილი IX ს-ში ქართველი გადამწერის მიერ ბერძნული დამწერლობის ქართული დუქტუსით, ზომა 29X24 სმ. ნაწერია მოყვითალო ეტრატზე, ორ სვეტად. ხელნაწერი შეიცავს 249 ფურცელს, რამდენიმე ფურცელი აკლია, ზოგიც დაზიანებულია.

კორიდეთის ხელნაწერი XV ს-მდე ინახებოდა ამჟამად თურქეთის საზღვრებში მოქცეულ სოფ. კორიდეთის ღვთისმშობლის ეკლესიაში (I914-მდე კორიდეთი ყოფ. ბათუმის ოლქის ართვინის მხარეში შედიოდა). X ს-ში ხელნაწერი ხელახლა აუკინძავთ და შეუკაზმავთ კორიდეთში ერისთავ ბეშქენის ბრძანებით.

XV ს. მიწურულს კორიდეთის ხელნაწერი კორიდეთიდან გადაუტანიათ ზემო სვანეთში, სოფ. კალაში, წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიაში, სადაც 1853 აღმოაჩინა ეთნოგრაფმა ბარტოლომეიმ. 1869 ქუთაისის გუბერნატორმა გრაფმა ელ. ლევაშოვმა ხელნაწერი 50 მან. გირაოთი სვანეთიდან პეტერბურგში წაიღო. იქ ხელნაწერს გაეცნო მ. ბროსე და 1872 წელს გამოაქვეყნა ვრცელი წერილი მეცნიერებისათვის ამ ხელნაწერის მნიშვნელობის თაობაზე.

ლ. დადეშქელიანისა და ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მეცადინეობით ხელნაწერი საქართველოში დააბრუნეს და გელათის მონასტერს გადასცეს. 1901 კირიონ ეპისკოპოსმა იგი გელათიდან თბილისში ჩამოიტანა და გადასცა საეკლესიო მუზეუმს, სადაც 1993-ით აღირიცხა. შემდეგ კორიდეთის ხელნაწერი შესასწავლად და გამოსაცემად თბილისის გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლის – პასტორ გ. ბერმანის მეშვეობით ლაიფციგში გაგზავნეს, საიდანაც თბილისის საეკლესიო მუზეუმში დააბრუნეს 1904.

კორიდეთის ხელნაწერი ლაიფციგში გამოსცეს 19I3. მანამდე მისი ნაწილი – მარკოზის თავი – ფოტოტიპიურად გამოიცა (Материалы по археологии Кавказа XI. M., 1907).

ამჟამად კორიდეთის ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში. ბერძნული ხელნაწერების ფონდში (Gr-28). კორიდეთის ხელნაწერისადმი სამეცნიერო ინტერესს განაპირობებს არა მხოლოდ ტექსტობრივი და პალეოგრაფიული, არამედ ისტორიულ-ლიტერატურული მნიშვნელობაც, რადგან მასზე მეტად საყურადღებო ქართული და ბერძნული მინაწერებია. ამ სხვადასხვა დროს შესრულებულ მინაწერთაგან 24 ქართულია, 9 – ბერძნული. მათი დიდი ნაწილი საბუთებია, რომლებიც ასახავენ საერთოდ კლარჯეთისა და, კერძოდ, კორიდეთის ყოფას. ოთხთავის ქართული მინაწერი გამოსცა ნ. მარმა, 1911) მათ დათარიღების საკითხს შეეხო ს. ყაუხჩიშვილი, ხოლო გრ. წერეთელმა მაღალ მეცნიერულ დონეზე შეისწავლა ბერძნული მინაწერები.

ა. ურუშაძე

ლიტერატურა

  • ყაუხჩიშვილი ს. კორიდუთის ბერძნული სახარების ქართული მინაწერების დათარიღებისათვის – „ჩვენი მეცნიერება“, 1924, 11-12;
  • წერეთელი გრ. კარიდეთის ხელნაწერი და მისი ბერინული მინაწერები. ტფ. 1937;
  • სილოგავა ვ. კორიდეთის საბუთები (IX-XIII სს.), თბ., 1959.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები