კლიკის ჯვრის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლიკის ჯვრის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ მღებრიანიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია არის სამეკლესიიანი ბაზილიკა (10,5X10 მ), ნაგები ნატეხი ქვით, კონსტრუქციის ნაწილები (ტრომპები, პილასტრები, კონქი, თაღები, კარისა და სარკმლის წირთხლები და შუა ეკლესიის გარე კუთხეები) - შირიმის ქვის კარგად დამუშავებული კვადრებით. ნაგებობა დაზიანებულია: არ არის შემორჩენილი შუა ეკლესიის გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი, საბჯენი თაღები, ჩრდილოეთისა და სამხრეთ ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1-2 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებობა შედგება შუა ეკლესიისა და მის სამხრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე მოგვიანებით მიშენებული ორი უფრო დაბალი ეკლესიისაგან. შესასვლელი სამხრეთის მინაშენშია. შუა ეკლესიის გრძივ კედლებში გვერდით სათავსებში გასასვლელი კარებია. სამივე ეკლესიის აფსიდები სწორკუთხაა. შუა ეკლესიის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთის კედლებში, სხვადასხვა სიმაღლეზე, თითო სარკმელია. შუა სათავსის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები პილასტრებით ორ, არათანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებზე დაყრდნობილი თაღებითაა შემოსაზღვრული კედლის ბრტყელი ნიშები. პილასტრებით არის გამოყოფილი დარბაზისაგან ღრმა საკურთხეველიც. ამ პილასტრებზე და აღმოსავლეთის კედელზე დაყრდნობილი თაღები საკურთხეველში ქმნის ღრმა ნიშს. კონქზე გადასვლა ხდება თაღებს ზემოთ სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეების ტრომპებისა და მათ თავზე მოთავსებული ხუთი წახნაგის საშუალებით. შუა ეკლესია სატრიუმფო და საბჯენ თაღებზე და დასავლეთის კედელზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით (ჩანგრეულია) იყო გადახურული.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები