კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერებიკემბრიჯის ბიბლიოთეკაში დაცულია 11 ქართული ხელნაწერი, ძირითადად ფრაგმენტები. ვინაიდან სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციაში ხელნაწერები შესაძლოა იყოს აღნიშნული სხვადასხვა შიფრით (Georgian Ms./ Taylor-Schechter Ms.), წინამდებარე გამოცემაში ვუთითებთ ორივეს. როგორც რ. ბლეიკის მიერ შედგენილი აღწერილობიდან (Blake 1932: 208-224) ირკვევა, კებრიჯში დაცული ქართული ფრაგმენტების უმეტესი ნაწილი სინური წარმომავლობისაა. ორი ქართული ფრაგმენტი კემბრიჯის უნივერსტეტის Taylor-Schechter კოლექციის შემადგენელი ნაწილია. ებრაული ხელნაწერების ეს მდიდარი კოლექცია შედგა 1896-1897 წწ-ში კემბრიჯის დოქტორ სოლომონ შეჩერის ინიციატივითა და ჩარლს ტეილორის ფინანსური მხარდაჭერით. ფუსტატის, ძველი კაიროს, ბენ ეზრას უძველეს სინაგოგაში შეძენილი სხვადასხვა დროის ებრაული ხელნაწერებისა და ფრაგმენტების საფუძველზე კემბრიჯის ბიბლიოთეკაში შეიქმნა ტეილორ-შეჩერის გენიზას კოლექცია. კოლექცია აერთიანებს სხვადასხვა დროს ებრაულსა და, ასევე, სხვა ენებზე გადაწერილ მრავალფეროვანი შინაარსის (როგორც რელიგიური, ასევე საერო) 193 000 ერთეულს. სხვა ქართული ფრაგმენტები – 9 ერთეული, რომლებიც დაცულია ახლო და შუა აღმოსავლეთის კოლექციაში, ბიბლიოთეკამ შეიძინა ფონ ტიშერდორფისგან. ისინი იერუსალიმაური და სინური წარმომავლობის ქართული ხელნაწერი წიგნების ნაწილებს წარმოადგენენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კემბრიჯის ქართულ ხელნაწერებში ირიცხებოდა კიდევ ერთი ხელნაწერი MS. add. 1890. 2 ორი ფურცელი, თუმცა, აღნიშნული ერთეული წარმოადგენს სომხური ხელნაწერის ფრაგმენტს. წინამდებარე გამოცემაში კემბრიჯის ქართულ ხელნაწერთა შესახებ ინფორმაცია შედგენილია რ. ბლეიკის აღწერილობისა (Blake 1932: 207-224)და ცალკეული ერთეულებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო პუბლიკაციების საფუძველზე. კორექტივები შეტანილია ავტორთა ჯგუფის მიერ.

სარჩევი

Georgian Ms. 1/Taylor-Schechter Ms. 12,183. იერემია

12, 10-16.VI-VII სს. 1 ფ.; ეტრატი; 24,3×18,4 სმ.; პალიმფსესტი; ქვედა ფენა მსხვილი მთავრული. აღნიშნული ფრაგმენტებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ენიჭებათ არა მხოლოდ ქართული ხელნაწერი ტრადიციის, არამედ, ზოგადად, ბიბლეისტიკის დარგში მიმდინარე კვლევების თვალსაზრისით. ეს ბილინგვური – ქართულ-ებრაული პალიმფსესტი XIX ს-ის დასასრულს ინახებოდა კაიროს გენიზაში. სწორედ აქ ფრაგმენტი ისევე, როგორც კებრიჯის კოლექციის შემდგომი ერთეული Georgian MS. 2/Taylor-Schechter. Ms. 12,741, ებრაული ტექსტების შესყიდვის დროს შეიძინა კემბრიჯის დოქტორმა სოლომონ შეჩერმა. უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლექციაში, MS. Georg. c. I(P) საფონდო შიფრით დაცული ქართულ-ებრაული პალიმფსესტის კიდევ ერთი ფურცელი წარმოადგენს კემბრიჯული პალიმფსესტების ნაწილს. პალიმფსესტის ქვედა ფანაზე დაგაწერილია ქართული, ხოლო ზედაზე ებრაული, იერუსალიმური თალმუდის, IX ს-ით დათარირებული ტექსტები. ფრაგმენტებმა იმთავითვე მიიპყრო კემბრიჯელ მეცნიერთა ყურადღება. 1929 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ე.ჰ. მინსმა კემბრიჯული ფრაგმენტების ფოტოპირები გამოუგზავნა აკ. შანიძეს, რომელმაც აღნიშნული ტექსტი მხოლოდ 1937 წელს გამოაქვეყნა (შანიძე 1937: 29-42). 1932 წელს კი კემბრიჯში დაცული ფრაგმენტები აღწერა, შეიწავლა და ერთი ხელნაწერის ნაწილებად აღიარა ცნობილმა ორიენტალისტმა რ. ბლეიკმა, რომელმაც პალიმფსესტის ქვედა ფენაზე დაცული ქართული ტექსტი, სავარაუდოდ, VIII ს-ით დაათარიღა (Blake 1932 (b): 207-242). მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ როგორც კემბრიჯის, ასევე ოქსფორდის ფრაგმენტებზე დაცულია იერემია წინასწარმეტყველის ხანმეტი ტექსტი: Georgian Ms. 1/Taylor-Schechter Ms. 12,183 -ზე იერემია 12, 10-16, Georgian MS. 2/Taylor-Schechter Ms. 12,741 – იერემია 20, 9-16, ხოლო ოქსფორდის MS. Georg. c. I (P) – იერემია 17, 26-18,8. კემბრიჯის ფრაგმენტების კომპლექსურმა კვლევის, ენობრივ ფორმათა, კერძოდ, სუბიექტური მეორე და ობიექტური მესამე პირების ხ-/ჰ- პრეფიქსების პარალელური გამოვლენის ანალიზისა და ოქსფორდის პელიმფსესტის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე ფრაგმენტები VI-VII სს-ით დათარიღდა (შანიძე 1937: 29-42; ციხელაშვილი 2013; ჯავახიშვილი 1996: 264-272). შესაბამისად, წინამდებარე პუბლიკაციაში აღნიშნული ფრაგმენტების თარიღი VI-VII სს-ითაა განსაზღვრული. აღნიშნულმა ფრაგმენტებმა, როგორც „იერემიას წიგნის“ უძველესმა ქართულმა თარგმანებმა, მიიპყრო ბიბლიის თარგმანთა ისტორიით დაინტერესებულ მკვლევართა – ჯ. ბლეიკისა და ჯ. მოლითორის – ყურადღება. ქართული ტექსტის დედნის ძიებაში მკვლევრები ცდილობდნენ მათი ვარაუდით ქართულისათვის დედნად გამოყენებული ჩვენამდე არმოღწეული სომხური რედაქციის აღდგენის გზით სირიულ არქეტიპამდე მისვლას (Blake 1932 (a): 25-42, Molitor 1963: 99-102). ბიბლეისტიკის დარგში უკანასკნელ წლებში ჩატარებული სკრუპულოზური კვლევების, ქართული ტექსტის დღეს არსებულ ბერძნულ, სირიულ, სომხურ ტექსტებთან შედარების შედეგად გაირკვა, რომ კემბრიჯისა და ოქსფორდის ფრაგმენტებზე შემონახული იერემიას ტექსტი წარმოადგენს ბერძნული ჰექსაპლური რედაქციის თარგმანს (Kharanauli 2001: 204-236; 2003: 181-216; ხარანაული 2004: 314-333; მელიქიშვილი 2012: 57-67).

Georgian MS. 2/Taylor-Schechter Ms. 12,741. იერემია 20, 9-16.

VI-VII სს. 1ფ.; ეტრატი; პალიმფსესტი; 23×11,6 სმ.; მთავრული. ზედა ფენა ებრაული – Schechter Ms. 12,183. დასახელებული ფრაგმენტისგან ეს ფურცელი განსხვავდება ზომებით, რადგანაც მისი არშიები შემოჭრილია.

Georgian MS. 3/MS. add. 1890.1. იერუსალიმური ლექციონარი

ფრაგმენტი. I მეფეთა 24,5-7. X ს. 1ფ.; ეტრატი; დაზიანებული; 14,9×13,6 სმ.; ასომთავრული; შავი მელანი; იკითხება მხოლოდ 15 სტრიქონი. ფურცლის აშიები მოჭრილია. Verso გადარეცხილია მხოლოდ ცალკეული სიტყვებისა და გრაფემების ამოკითხვაა შესაძლებელი. ტექსტი წარმოადგენს I მეფეთა 24, 5-7 ფრაგმენტს. აღმწერლის თვალსაზრისით, ფრაგმენტის ნუსხური სინურ-პალესტინური წრის ხელნაწერთა კალიგრაფიას ჰგავს (Blake 1932: 213-216). ფრაგმენტის შემცველი ხელნაწერის რაობისა და წარმომავლობის საკითხებზე პასუხის გაცემისათვის, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიიპყრო ტექსტის ხელნაწერი წყაროს გამოვლენის საკითხმა. საინტერესო იყო დაგვედგინა ბიბლიის ქართული თარგმანის რომელ რედაქციას ეყრდნობოდნენ ფრაგმენტის შემცველი კრებულის რედაქტორი და გადამწერი. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ „მეფეთა წიგნების“ სრული ვერსია ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში მხოლოდ ბიბლიურ წიგნთა ოთხ ნუსხაში დასტურდება. რაღა თქმა უნდა, საკითხავები ამ ბიბლიური წიგნიდან შეტანილია ლექციონარებშიც. ბიბლიის ქართული რედაქციის ტექსტოლოგიური კვლევის შედეგად დადგენილია, რომ მეფეთა I და II წიგნებმა ორი (A და B) რედაქციის სახით მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ B რედაქცია გვიანდელ, ბაქარის ბეჭდურ ბიბლიაში დასტურდება მხოლოდ, ხოლო A შესულია „მეფეთა წიგნების“ შემცველ დანარჩენ ნუსხებში (ასეთი სულ სამია) და თანაც აქაც არაერთგვაროვანი და ჭრელი სურათი იქმნება (ცინდელიანი 1971: 46-65; 1983: 50-74; 1986: 21-36; მელიქიშვილი 2012: 100-104). ფრაგმენტის სავარაუდო წყაროს, თარიღისა და შექმნის არეალის დადგენის მიზნით ბიბლიის ქართული რედაქციების აკადემიური გამოცემაში გამოქვეყნებულ ადრეული რედაქციების ტექსტებთან მისი შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ კემბრიჯული ფრაგმენტის წყაროდ ვერ დასახელდება მისი შექმნის დროს ბიბლიის კანონში შეტანილი „მეფეთა წიგნების“ იმ ეპოქასა და არეალში მიღებული ქართული რედაქცია.

კემბრიჯულ ფრაგმენტზე გადაწერილი I მეფეთა 24,5-7-ის წყაროს ძიებისას ყურადღება მიიპყრო ადრეული იერუსალიმური პრაქტიკის ამსახველმა ქართულმა ლიტურგიკულმა კრებულებმა – იერუსალიმურმა ტიპოკონმა და ლექციონარებმა, მათმა მეტად მნიშვნელოვანმა სამეცნიერო პუბლიკაციებმა (Кекелидзе 1912; Tarchnischvili 1959). როგორც გაირკვა, კემბრიჯული ფრაგმენტი წარმოადგენს იერუსალიმური ტრადიციის ამ კრებულებში დიდმარხვის მეექვსე ხუთშაბათს დადებული I მეფეთა 24,5-7 იდენტურ ტექსტს (შდრ. Кекелидзе 1912 (a): 66; Tarchnischvili 1959: 96). შესაბამისად, იგი უნდა იყოს სინა-იერუსალიმის არეალში გადაწერილი ლექციონარის ფრაგმენტი.

Georgian MS. 4/MS. add. 1890.8. ლიტურგიკული კრებული.

ფრაგმენტი. X ს., 1 ფ.; ეტრატი; 18,2×11,2 სმ.; ნუსხური, მელანი ყავისფერი, სათაური და მარგინალია სინგურით. ფრაგმენტი მეექვსე რვეულის დასაწყისია. გადაწერილია 2 ხელით: პირველი კალიგრაფიული ნუსხურია. იგი ძალიან ჰგავს Sin.Geo.O.34-ის I გადამწერის, ხოლო მეორე – იოვანე-ზოსიმეს ხელწერას. შეიცავს ლოცვებს: „მგზავრთა ზედა“, გულის-სიტყუათათჳს“, „მანასესი“, „ყოველსა ჟამსა თქუმული წმიდათა მოციქულთაჲ“. სწორედ ამ შედგენილობის გამო, აღმწერლის თვალსაზრისით, ხელნაწერი კურთხევანის ან ლოცვანის ფრაგმენტი უნდა იყოს (Blake 1932 (b): 214). ნაწერის არქიტექტონიკა, მარგინალური ნიშნები, წითელი მელნის მკვეთრი შეფერილობა ძალზე ჰგავს Sin.Geo.O.34-ს და, სავარაუდოდ, X ს-ის სინის მთის ქართველ მწიგნობართა ერთი და იმავე ჯგუფის ნამუშევარს უნდა წარმოადგენდეს. (შდრ.: აღწერილობა 1978 (a): 94).

Georgian MS. 5/MS. add. 1890.3. აგიოგრაფიული კრებული

(ფრაგმენტი), XI ს. 3 ფ.; ეტრატი; 38,4×26,5 სმ.; ნუსხური, ორ სვეტად. ყავისფერი მელანი. ფურცლები დაზიანებულია, შემოჭრილია. ორი ფურცელი „არეთას წამებაა“, ხოლო მესამე – „წმ. რიფსიმეს ცხოვრება“. ხელი ჰგავს ოქსფორდია MS. Georg. b. I ხელნაწერის კალიგრაფიას, რომელიც, სავარაუდოდ, გადაწერილია იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის დამაარსებლის, გიორგი-პროხორეს, მიერ.

d. 1890.4. თვენი.

XI-XII სს. ფრაგმენტი.2 ფ.; ეტრატი; 25×21,4 სმ.; ნუსხური, ათონური ხელი, ყავისფერი მელანი, სათაურები სინგურით. ორ სვეტად. შეიცავს აპრილის თვის მასალას. შეუსწავლელია.

Georgian Ms.7/MS. add. 1890.5. მარხვანი.

XI-XIIსს. ფრაგმენტი, 2 ფ.; ეტრატი; 23,4 × 18,8სმ.; ნუსხური, ერთ სვეტად, ყავისფერი მელანი. სათაურებიო და საზედაო ასოები სინგურით. 2v ქვედა აშიაზე შავი მელნით მხედრული მინაწერი გაბმულად არ იკითხება. დაზიანებულია.

Georgian Ms.8 /MS. add. 1890.7. თვენი.

XI-XII სს. ფრაგმენტი 2 ფ.; ეტრატი; 22×17,5 სმ.; ნუსხური, ერთ სვეტად, ყავისფერი მელანი, სათაურები და საზედაო ასოები სინგურით. 1r-ზე ტექსტი ალაგ-ალაგ გადარეცხილია. შეიცავს ივლისის თვის მასალას. შეუსწავლელია.

Georgian Ms.9 /MS. add. 1890.6. თვენი.

XIV ს. ფრაგმენტი, 1ფ.; ეტრატი; 22,8×16,5 სმ.; ნუსხური, შავი მელანი, სათაურები და საზედაო ასოები სინგურით, შეიცავს სექტემბრის თვის მასალას. ფრაგმენტის სავარაუდო წარმომავლობისა და თარიღის განსაზღვრისათვის საყურადღებოა ნუსხურით შესრულებული მინაწერი: „სულსძაღლსა, სრულიად ცოდვილსა თევდორეს და მშობელთა მისთა შეუნდვნეს ღმერთმან...“ამავე შინაარსისა და ეპითეტის დართვით თევდორე/თევდას XIV ს-ის მინაწერთა სიუხვით გამოირჩევა იერუსალიმური კოლექციის ქართული ხელნაწერები. შესაბამისად, ფრაგმენტი იერუსალიმური ქართული კოლექციის ხელნაწერის ნაწილი უნდა იყოს. პალეოგრაფიული ნიშნებისა და კოლოფონის საფუძველზე მისი თარიღი XIVს-ით უნდა განისაზღვროს. თევდორე/თევდას იდენტიფიკაციისათვის იხ.: კეკელია 2010: 696-706; 2010/2011: 239-243

Georgian MS.10/MS. add. 1891.1. ნიკოდიმოსის სახარება.

XII ს.ფრაგმენტი; 1 ფ.; აღმოსავლური ქაღალდი; 37,5×29 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; დაზიანებული. კალიგრაფია ძალზე წააგავს გელათური სკოლის ხელნაწერების ნაწერს. ამავდროულად ტექსტს ერთვის სადეკლამაციო ნიშანთა სისტემა, რომელიც დამახასიათებელია სწორედ XII ს-ის გელათური სკოლის ხელნაწერებისთვის.

Georgian MS. 11 /MS. add. 1891.2. პირადი ხასიათის წერილი.

1800 წ. ქაღალდი; 1 ფ.; 20×18,8 სმ.; მხედრული, შავი მელანი.

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები