კატაპიტნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Katap.PNG

კატაპიტნა - (Nepeta citriodora Balb.) ტუჩოსანთა ოჯახის ერთწლიანი მცენარეა. გავრცელებულია ყველგან. მოთეთრო ფერის ყვავილები, თავმოყრილი სათქვეფელას სახით, ბოლოში ერთმანეთს უახლოვდებიან, ქმნიან თავთავის სახის ყვავილედს. ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე. კარგი ღალიანობის დროს 1 ჰა-ზე 91—418 კგ თაფლს იძლევა. კატაპიტნის ერთიანი ნათესიდან ფუტკრის ოჯახი დღე-ღამეში 8 კგ-მდე ნექტარს აგროვებს.

იზრდება ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, რუდერალურ ადგილებზე მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე.

მცენარის მიწისზედა ნაწილი – ბალახი გამოირჩევა მწვავე გემოთი, ლიმონის, გერანისა და პიტნის შეზავებული არომატით. ბალახი, ექსტრაქტები და ეთერზეთები გამოირჩევა რა სასიამოვნო მძაფრი სურნელით, იხმარება საკონდიტრო ნაწარმის, საპარფიუმერიო და საპნის მრეწველობაში. წარმოადგენს ინტერესს ტონური და ალკოჰოლური სასმელების არომატიზაციისათვის, ჩაის სურნელისათვის. მცენარის მიწისზედა ნაწილი შეიცავს ეთერზეთებს, რომლის ძირითადი კომპონენტია ნეპეტალაქტონი, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, გლიკოზიდებს, საპონინებს. თესლებში აღმოჩენილია ცხიმოვანი ზეთები.

ბალახის ნახარში ამაღლებს ორგანიზმის დამცველ ძალებს, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და სასუნთქ სისტემებზე.

ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, შარდმდენი, ამოსახველებელი, საერთო გამაძლიერებელი მოქმედებით.

იყენებენ ღვიძლის, სიყვითლის, ნაწლავების ათონიის, გინეკოლოგიური დაავადებებისას. კატაპიტნას ხმარობენ ტყვიით მოწამვლის შემთხვევაშიც. ეთერზეთები გამოირჩევა მაღალი ანტიმიკრობული აქტივობით და ფუნგიციდური მოქმედებით ობის სოკოების (მუკორი, პენიცილიუმი, ასპერგილუსი) მიმართ.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ბრონქიტის, ანემიის, ისტერიის, მელანქოლიის, ქოლერის, დაბალი მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტის, ნევროზების სამკურნალოდ; აგრეთვე, როგორც ჭიისმდენი, ხველების საწინააღმდეგო და მადის გამაუმჯობესებელი საშუალება. გარეგანად – კანის დაავადებებისას.

მაღალი ანტიმიკრობული აქტივობით და ფუნგიციდური მოქმედებით ობის სოკოების (მუკორი, პენიცილიუმი, ასპერგილუსი) მიმართ.

უკუმაჩვენებელია ტახიკარდიის დროს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები