ტყვია (ლითონი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტყვია (ლითონი) – მონაცრისფრო-ცისფერი რბილი და მძიმე ლითონი. სიმბოლო – Pb; სიმკვრივე – 11341,5 კგ/მ3; დნობის ტემპერატურა – 327,46°C; დუღილის ტემპერატურა – 1749°C; აორთქლებას იწყებს 400-500°C ტემპერატურაზე.
ტყვია ძირითადად მიიღება გალენიტის შემცველი მადნისაგან ფლოტაციის მეთოდით. გამოიყენება: აკუმულატორების, კაბელების, საკისრების შენადნობების (ბაბიტების), საფანტის, ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიის; ქიმიური პროცესებისათვის ჭურჭლისა და კამერების; ქიმიური აპარატურის ამონაგის, γ- და რენტგენის სხივებისაგან დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, იზოტოპების შესანახი და გადასატანი კონტეინერების დასამზადებლად; ტეტრაეთილტყვიისა და ტყვიის პიგმენტის მისაღებად და სხვა.