კამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კამა - Anethum graveolens L.

Fam. Umbelliferae (Apiaceae) – ოჯ. ქოლგოსანნი (ნიახურისებრნი) Anethum graveolens L. – კამა

მეგრულად – ცერეცო, ცოროცო, ძერო.

ერთწლოვანი მცენარეა; ღერო სწორმდგომია, ცილინდრული, გლუვი, მუქი მწვანე, თეთრი ზოლებით, ზედა ნაწილში დატოტვილი, დაფარულია მოლურჯო ნაფიფქით. ფოთლები შედგება ორ ან რამდენჯერმე ფრთისებრ დაყოფილ მრავალრიცხოვანი ფოთოლაკებისაგან, რომლებიც წვერზე წაწვეტებულია. ყვავილი ყვითელია, განწყობილია დიდ ქოლგებად 20-50 სხივით. ნაყოფი ბრტყელია, მრგვალი, სიგრძივი წახნაგებით. ყვ. VII-VIII. ნაყ. IX-X.

ერთწლოვანი ლეგა ფერის მცენარეა 40-100 სმ სიმაღლის ღეროთი. საქართველოში სხვადასხვა კუთხეში აშენებენ და ადვილად ველურდება. გვხვდება როგორც სარეველა გზის პირებზე, ზოგჯერ ნათესებში.

დიდი გამოყენება აქვს როგორც სანელებელს. ოფიცინალურ მედიცინაში სამკურნალოდ ნაყოფები გამოიყენება, შეიცავს: ეთერზეთებს, ცხიმოვან ზეთებს, ცილებს. ფოთლებსა და ნორჩ ყლორტებში აღინიშნება: მშრალი ნივთიერებები, მათ შორის შაქრები, ნედლი ცილა, კაროტინი (პროვიტამინი A), ასკორბინის მჟავა, ვიტამინები (B1, B2, P, PP), ეთერზეთები, ცხიმები, პროტეინული ნივთიერებები, ფლავონოიდები (კვერცეტინი, კემპფეროლი და სხვ.), კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინის მარილები, მიკროელემენტები.

უძველესი დროიდანვე მედიცინაში ცნობილია როგორც დამამშვიდებელი, შარდმდენი, ქარმდენი, ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, ლაქტომდენი საშუალება. ერთ-ერთ ეგვიპტურ პაპირუსებში რეკომენდირებულია თავის ტკივილის დროსა და სისხლძარღვების დასარბილებლად. დიოსკორიდი (I ს. ახ.წ.აღ.) მას თვალების ტკივილების სამკურნალო საშუალებად მიიჩნევდა. გალენი – რეკომენდაციას უწევდა მტკივნეული მოშარდვის დროს. არის მითითებები მისი გამოყენებისა მუცლის ჭვლების, ღვიძლისა და ელენთის სისუსტის, თირკმელებსა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, ზურგის, გულის, კუჭისა და თირკმელების ტკივილებისა და გულის რევის დროს.

დადგენილია, რომ კამის თესლის ნაყენი სპაზმოლიტური მოქმედებისაა, ამცირებს ნაწლავების პერისტალტიკას, აძლიერებს დიურეზს, ამცირებს არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს, აღაგზნებს დაღლილი გულის მოქმედებას, იწვევს კუჭის მატონიზირებელ მოქმედებას, აძლიერებს სარძევე ჯირკვლების სეკრეციას, მადას, ადიდებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს; ხასიათდება ანტიბაქტერიალური, დამამშვიდებელი, შარდმდენი, ნაღველმდენი, ლაქტაციის გამაძლიერებელი მოქმედებით. გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადებებისა და ათეროსკლეროზის დროს, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას. ნაყოფებიდან მიღებული პრეპარატი „ანეტინი“ იხმარება ქრონიკული კორონარული უკმარისობის და გულის სტენოკარდიული შეტევის პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე როგორც ამოსახველებელი საშუალება. კამის წყალი საბავშვო პრაქტიკაში გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას, ასევე უძილობისას როგორც დამამშვიდებელი საშუალება.

ავიცენა და სხვა ძველი დროის მედიკოსები მიიჩნევდნენ, რომ კამის ხანგრძლივი და ზედმეტი გამოყენება მოქმედებს ტვინზე, რაც ვლინდება თავბრუსხვევაში, წნევის დაცემასა და საერთო სისუსტეში.

ზ. შენგელიას (1983) თანახმად კამას სამკურნალო მიზნით აშენებდნენ სპეციალურ ნაკვეთებზე სხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად ზუგდიდში და იყენებდნენ ნერვული სისტემის დასამშვიდებლად, ღვიძლის დავადე¬ ბების დროს, ხველების წინააღმდეგ, წნევის დამწევ საშუალებად.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები