კაზაკები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კაზაკი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაზაკობა - გასამხედროებული ფენა მეფის რუსეთში XVIII–XX საუკუნეების დასაწყისში.

თავდაპირველად ტერმინი კაზაკი, თავისუფალ, უბატონო კაცს, თავზეხელაღებულს აღნიშნავდა. ესაა ადამიანი, რომელმაც კავშირი გაწყვიტა თავის სოციალურ გარემოსთან (XIV–XVIIსს.). რუსეთსა და უკრაინაში ამ „თავისუფალი ხალხისაგან“ განსხვავებული სოციალური წოდება ჩამოყალიბდა და სიტყვამაც უფრო კონკრეტული მნიშვნელობა მიიღო. XV ს. ბოლოდან კაზაკები ეწოდებოდა რუსეთის სახელმწიფოს განაპირა მხარეების თავისუფალ მოსახლეობას.

ბატონყმური ჩაგვრის გაძლიერებამ XV–XVI სს. გამოიწვია გლეხთა მასობრივი გაქცევა სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ, უპირატესად სამხრეთის აუთვისებელ მიწებზე – დონის, ვოლგის, იაიკის (ურალის) აუზებში. ასე წარმოიშვა კაზაკობა, როგორც გარკვეული სოციალური მოძრაობა.

მეზობელი ფეოდალური სახელმწიფოებისა და მომთაბარეების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობამ განაპირობა კაზაკების გაერთიანება სამხედრო ორგანიზაციებში. ასე წარმოიქმნა XVIს. II ნახევარში დონის, ვოლგის, დნეპრის, გრებენის და იაიკის კაზაკთა გასამხედროებული თემები.

კაზაკ-რუსების ცხოვრების სახსარს ნადირობა, თევზჭერა და მესაქონლეობა შეადგენდა. მიწათმოქმედებას მათ შედარებით გვიან, XVIIს. II ნახევრიდან მიჰყვეს ხელი. შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო სამხედრო ნადავლი და მოგვიანებით, რუსეთის მთავრობის ჯამაგირი. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა გამოეყენებინა კაზაკობა საზღვრების განსამტკიცებლად, ახალი ტერიტორიების დასაპყრობად, გარეშე მტრებთან ბრძოლაში. ამიტომ რუსეთის ხელისუფლება მათ სისტემატურად უგზავნიდა ჯამაგირს და იარაღს.

კაზაკები მონაწილეობდნენ თავისუფალი ტერიტორიების ათვისებაში, მათ დიდი წვლილი შეიტანეს რუსეთის წინსვლაში ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში, ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში XVI-XVIIსს. (ამ მიზნით დნეპრისა და დონის კაზაკები არაერთხელ დაკავშირებიან ქართველ მეფე-მთავრებსაც, განსაკუთრებით XVII საუკუნეში).

XVIIIს. დასაწყისში კაზაკთა თემები მათი საცხოვრისის მიხედვით კაზაკთა ჯარებად (ირეგულარული ჯარები) გააერთიანეს და სამხედრო უწყებას დაუმორჩილეს. XVIII-XIXსს. შეიქმნა კაზაკთა ჯარის ახალი სახეობა, რომელიც მთლიანად სამხედრო უწყებას დაექვემდებარა.

მაღალი სამხედრო მომზადებისა და ტრადიციების მქონე კაზაკობა XVII-XIXსს. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის ომებში. სამხედრო სამსახურში კაზაკი თავისი ცხენ-იარაღით უნდა გამოცხადებულიყო. სამხედრო სამსახურისათვის კაზაკთა სოფლებს – სტანიცებს თავ-თავისი ადგილ-მამულები უსასყიდლოდ ჰქონდათ მიკუთვნებული. ასე ჩამოყალიბდა XVIII-XIXსს. რუსეთში კაზაკობა სამხედრო ფენად. ქართულ ლიტერატურაში, ისევე როგორც ხალხურ პოეზიაში, რუსული „კაზაკის“ შესატყვისად ჩვეულებრივ „ყაზახი“ იყო გაბატონებული. ორივე ვარიანტი დასაშვებადაა მიჩნეული, თუმცა უპირატესობა „კაზაკს“ აქვს მინიჭებული, რისი ერთ-ერთი მიზეზიც გახდა XXს. 30-იან წლებში შუა აზიაში ფაქტობრივად ახალი ეროვნების – ყაზახების ჩამოყალიბება.

XX საუკუნისათვის რუსეთის იმპერიაში არსებობდა კაზაკთა 11 ლაშქარი (დონის, ყუბანის, ორენბურგის, თერგის, ამურის და სხვა), რომელთაგან პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე 300 ათ. კაცი იბრძოდა. 1920 წელს კაზაკობა, როგორც სოციალური ფენა, საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები