იუგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუგა – ძველი ინდოელები კაცობრიობის ისტორიას ოთხ ხანად ჰყოფენ. პირველი ხანა იყო, „კრიტა-იუგა“ ანუ „ჭეშმარიტი ხანა“. ამ ხანაში ადამიანები ბედნიერად და უშრომელად ცხოვრობდნენ, არ იცოდნენ ზრუნვა, დარდი და სნეულებანი. ბუნება, კეთილი და უხვი დედამიწა თავისთავად, უშრომელად იძლეოდა ყველაფერს, რაც ადამიანის არსებობისათვის იყო საჭირო. ადამიანებისათვის მიწა ნამდვილად დედა-მიწა იყო. ადამიანებს არ სჩვეოდათ სიავე, ამპარტავნება, ცბიერება, თვალთმაქცობა, არ იცოდნენ, რა იყო შური, შიში, ეჭვი და სხვა მანკიერებანი. ისინი ბუნებით მართალნი, სამართლიანნი და კეთილშობილნი იყვნენ. არაფერი არღვევდა მათ კეთილ ზნეს და მყუდრო, მშვიდობიან ცხოვრებას. ამიტომაც ისინი ღმერთების გულის მოსაგებად არ საჭიროებდნენ მსხვერპლშეწირვას. ყველანი თანაბარნი იყვნენ, არ იყო მათ შორის გარჩევა ღირსების მიხედვით. ისინი ყველანი ბრაჰმანები იყვნენ. ქვეყანაზე სრულყოფილი, რიცხვ „ოთხით“ გამოხატული მადლი სუფევდა. მისი ხანგრძლივობა ოთხიათას ღვთიურ წელს შეადგენდა (ოთხი სრულ რიცხვად არის მიჩნეული). ამ ხანის სიმბოლოა ოთხ ფეხზე მყარად მდგარი ძროხა.

სრულყოფილ ხანას როგორღაც ხინჯი შეეპარა და მომდევნო – მეორე ხანაში ტრეტა-იუგაში სამართლიანობა შემცირდა, ადამიანებს სიხარბე დაეუფლათ, ადამიანებმა იწყეს საკუთარი ქონების დაგროვება და მათი მალვა სხვებისგან. მადლი ერთი მესამედით დაიკლო. ეს იყო ტრეტა-იუგა. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა. ამ დროს წაროიშვა მსხერპლშეწირვა. ადამიანი იძულებული გახდა მძიმე შრომით მოეპოვებინა საზრდო. ტრეტა-იუგა სამი ათას ღვთიურ წელს გაგრძელდა. ამ ხანის სიმბოლოა ვერცხლი და სამ ფეხზე მდგარი ძროხა.

მესამე ხანაში, ეს იყო დვაპარა-იუგა, კიდევ უფრო დაეცა კაცობრიობა, მადლი განახევრდა ქვეყანაზე. მისი ხანგრძლივობა ორი ათას ღვთიურ წლამდე შემცირდა. ვერცხლი ბრინჯაოდ გადაიქცა, ძროხა ორ ფეხზე დგას.

და ბოლოს, დადგა მეოთხე ხანა – კალი-იუგა, ანუ „შავი ხანა“, სხვანაირად „რკინის ხანა“. ქვეყნის მადლს ერთი მეოთხედიღა შერჩა. წარმოიშვა ადამიანთა შორის უთანასწორობა, გაჩნდნენ ძალზე მდიდრები და ძალზე ღარიბები. ადამიანები მატყუარები, ხარბები და მომხვეჭლები გახდნენ. ჩვეულებრივი საქმიანობა გახდა ქურდობა, იკლო ნდობამ ადამიანთა შორის, ცოდვილნი და დამნაშავენი კეთილდღეობაში სუფევენ, მართალნი და წრფელნი კი უსიხარულოდ ატარებენ სიცოცხლეს. ბრაჰმანები აღარ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ღვთისმსახურების ნაცვლად ვაჭრობას ეწევიან, განდეგილები თვალთმაქცობენ, მეფეები არ ასრულებენ თავიანთ მოწოდებას – არ იცავენ ადამიანებს უსამართლობისაგან, თავად ხდებიან უსამართლონი და მჩაგვრელნი. მისი ხანგრძლივობა ათასი ღვთიური წელია. სიმბოლო რკინაა, სისასტიკის ნიშანი, ძროხა მხოლოდ ერთ ფეხზე დგას.

კალი-იუგა უკანასკნელი ხანაა. წყლის ნიაღვრები წალეკავს მთელ ქვეყნიერებას. ამის შემდეგ ჩამოწვება ბნელი ღამე. მერე კი ყველაფერი თავიდან დაიწყება, განმეორდება კვლავ კრიტა-იუგა, ტრეტა-იუგა, დვაპარა-იუგა და, საბოლოოდ, ისევ დადგება კალი-იუგა, რათა ის კვლავ წარღვნის წყლებით განადგურდეს. და ასე დაუსრულებლივ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები