ისრაელის არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისრაელის არმია – ისრაელიანები არამელების მონათესავე სემიტური ტომები იყვნენ, რომელმაც ძვ.წ. XIV საუკუნეში დატოვეს მესოპოტამია მომავალ მოაბელებთან, ედომელებთან და ამონიტელებთან ერთად და სამხრეთ-აღმოსავლეთ პალესტინაში დასახლდა. შემდეგ საუკუნეში ისრაელიანები ქანაანის მიწებს დაეუფლნენ. ძვ.წ. X საუკუნეში სემიტი ებრაელები უკვე იორდანეს ორივე სანაპიროზე დასახლდნენ მკვდარი ზღვიდან მერომის ჩრდილოეთ საზღვრამდე, სულ ებრაელთა 10 ტომი დასახლდა ქანაანში (იუდასა და სიმეონის ტომების გამოკლებით); აშერი, ზაბულონი, დანი, ნაფთალი, ისახარი, ბენიამინი, გადი, რეუბენი, ეფრემი და მანასე (მენაშე).

როგორც ცნობილია ისრაელიანთა მსაჯულის, დებორას ჯარის რაოდენობა ქანაანელებთან ბრძოლაში, 10000 ჯარისკაცზე ნაკლები არ იყო, შეიძლება 20000-იც კი. მეფე საულის დროს (ძვ.წ. 1040-1012) ჯარის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ფილისტიმელებთან ბრძოლის დროს საულმა 33000 ჯარისკაცის გამოყვანა მოახერხა. საული ისრაელიანთა პირველი ლიდერი იყო, ვინც პირადი დაცვის რაზმი შექმნა. ეს იყო დარჩეული ვაჟკაცების რეგულარული რაზმი, არმიის მთავარი ბირთვი. რაზმი 3000 ჯარისკაცს შეადგენდა და სამ ნაწილად იყოფოდა. სამიდან ორი ნაწილი პირადად საულის ხელქვეითები იყვნენ, მესამეს კი მისი უფროსი ვაჟი, იონათანი მეთაურობდა.

მეფე დავითმა (ძვ.წ. 1012-972) ფილისტიმელების დამარცხება მოახერხა, მაგრამ გამარჯვებიდან ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო სამოქალაქო ომი ისრაელსა და იუდეას შორის. დავითმა შეძლო ისრაელის ისევ გაერთიანება და თავისი აჯანყებული ვაჟის, აბესალომის დამარცხება. საულისაგან დევნის დროს მან ჩამოაყალიბა რაზმი, რომელიც სამასთა სახელით გახდა ცნობილი. შემდეგ მათი რიცხვი 400-მდე გაიზარდა, საბოლოოდ კი 600-მდე. ისრაელის ისევ გაერთიანების შემდეგ დავითმა კიდევ ერთი რაზმი შექმნა. ეს ორი რაზმი დავითის გვარდიის ბირთვს წარმოადგენდა. ყველა მაღალი თანამდებობის მხედართმთავარი სამასთა რაზმიდან იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამასთა ოდენობა გაიზარდა, მათ ისევ იმ სახელით მოიხსენიებდნენ, რაც უწინ ერქვათ.

სამასი ერთგვარი მრჩეველთა საბჭოც იყო, რომელიც მეფესთან ერთად სამხედრო საქმეებს განიხილავდა. მოხალისეთა რაზმების მეთაურებიც სამასთა რიგებიდან ინიშნებოდნენ. მეფის გვარდია „გიბორიმის“ სახელით იყო ცნობილი, რაც ძლიერ კაცებს ნიშნავს. მეორე რაზმი, რომელიც სამასთა შემდეგ შექმნა დავითმა, უცხოელებისგან, უპირატესად ფილისტიმელებისგან იყო ჩამოყალიბებული. დავითის ეს რაზმი ხშირად ისრაელის მოკავშირე მეფეებს ეხმარებოდა ბრძოლაში, მაგალითად გათის მეფე აქიშს. როდესაც დავითი მთელი ისრაელის მეფე გახდა, თავის მეორე რაზმს გათიდან ბევრი დაქირავებული უცხოელი მეომარი შემატა. უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები ქვეყნის შინაგან ომებში იბრძოდნენ და დიდი როლი შეასრულეს დავითის მიერ აჯანყებული ძის, აბესალომის დამარცხებაში. მთელ არმიას მეთაურობდა იოაბ ცერუის ძე, ხოლო დაქირავებულებს ბენაია იეჰოიდაყის ძე. ისრაელის არმია თავიდან მხოლოდ და მხოლოდ ქვეითი ჯარისკაცებისგან შედგებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც მთებიდან და ქედებიდან ჩამოსახლდნენ ველზე, არმიას ეტლოსნები და ცხენოსნები შემატეს.

ბიბლიაში წერია, რომ დავითმა, როდესაც არამელები დაამარცხა, ნადავლად აიღო ათასი ეტლი, შვიდი ათასი ცხენოსანი და 20000 ქვეითი, (სავარაუდოდ ეს რიცხვები გაზვიადებულია) შემდეგ მეფემ ყველა ეტლი დაამტვრევინა ასის გარდა. ისრაელიანებმა მეზობელი ხალხებისგან ისწავლეს სხვადასხვა სამხედრო ხერხები და ახალი იარაღების გამოყენება. ფილისტიმელვბს, არამელებს და ქანაანელებსაც ყველას საბრძოლო ეტლები ჰყავდა, არამელებს კი ძლიერი ცხენოსანი ჯარიც.

ისრაელის არმიის მთავარ ნაწილს მოხალისე მეომრებისგან შედგენილი დანაყოფები შეადგენდნენ, რომლებიც რთული სისტემით იყვნენ ორგანიზებულები. ყველა ახალგაზრდა და ჯანმრთელი 20 წელს გადაცილებული კაცი ვალდებული იყო ჯარში ემსახურა. მთელი ჯარი 12 დანაყოფისაგან შედგებოდა, თითოეულ დანაყოფში კი 24000 ჯარისკაცი იყო. თითოეული რაზმი წელიწადში ერთ თვეს ატარებდა სამხედრო სამსახურში, ასე რომ ისრაელს რეგულარულად ჰყავდა 24000 ჯარისკაციანი არმია თავის დასაცავად. სანამ ერთი დანაყოფი ჯარში მსახურობდა, სხვები რეზერვში იყვნენ. დავითი შეეცადა ისრაელიანებს შორის ტომობრივი ნაციონალიზმის გრძნობა დაეხშო და მათ არა მარტო თავიანთი ტომისთვის ებრძოლათ, არამედ მთელი ისრაელისათვის. ბევრისთვის ეს დავითის ქარიზმატულობით აიხსნება. მან შეძლო და თავისი მეთაურობით მთელი ისრაელი გააერთიანა.

ისრაელიანთა მთელი ჯარი ერთად 288000 მებრძოლს აღწევდა და ძლიერი ძალა იყო. მოხალისეთა დანაყოფები ათასეულებად იყოფოდა, ათასეულები კი 100 და 50 კაციან რაზმებად. დავით მეფის დროს მთელი ჯარი ქვეითი დანაყოფებისაგან შედგებოდა და თითოეული დანაყოფის მეომრებს სხვადასხვა შეიარაღება ჰქონდათ. ბენიამინის ტომი მშვილდოსნებს და შურდულოსნებს წარმოადგენდა, სულ უმცირეს-700 ჯარისკაცს, რომლებსაც საკუთარი მშვილდ-ისრები და შურდულები ჰქონდათ. გადის და რეუბენის ტომს და მანასეს შტოს ნახევარს შუბი და ფარი, ზოგს კი მშეილდ-ისარი ჰქონდა.

ზაბულონის ტომს ყველანაირი შეიარაღება ჰქონდა და მათი ჯარისკაცების რიცხვი 50000-ს აღწევდა, ისინი ერთსულოვნად და მამაცურად მებრძოლნი იყვნენ და ბრძოლაში ფალანგის მსგავსად იბრძოდნენ. ნაფთალის ტომის ჯარისკაცები ფარებით და შუბებით იყვნენ აღჭურვილნი. დანის და აშერის ტომის მეომრებს ყველანაირი იარაღი ჰქონდათ და ომისთვის ყოველთვის მზად იყვნენ. ისახარის ტომის მეომრები მზევერავებს წარმოადგენდნენ, არსებობდა სპეციალური დაცვის ჯარი ლევის ტომელებისთვის (ქანაანის საზღვართან ძალიან ახლოს მცხოვრებნი იყვნენ), რომლებიც ტაძრის მსახურები და მღვდლები იყვნენ. ლევიტელები ძლიერი რელიგიურობით და ფანატიზმით გამოირჩეოდნენ, ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში მრისხანე მეომრებად გადაქცევა შეეძლოთ.

დავითის მემკვიდრე სოლომონ ბრძენი, მიუხედავად ამ წოდებისა, არასწორ პოლიტიკას ატარებდა, რამაც ქვეყანა მისის სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო ომამდე და დაშლამდე მიიყვანა. სოლომონს ძლიერი ჯარი ჰყავდა, მესამე მეფეთას IV თავში წერია, რომ სოლომონს 40000 მეომარი ეტლის ცხენებისათვის და ოცდაორი ათასი ცხენოსანი ჯარისთვის. ისრაელიანებს სოლომონის დროს ათასოთხასი ეტლი და 22 ათასი მხედარი ჰყავდათ, 40000 ჯარისკაცი, რომელიც ზემოთაა ნახსენები, ეტლის ცხენების მომვლელებს და ეტლზე მჯდომ მეეტლეებს, მშვილდოსნებს და ფაროსნებს წარმოადგენდნენ. ეს ჯარი სხვდასხვა ქალაქებში და მეფესთან იყო განაწილებული. სოლომონს ჰყავდა სარეზერვო ცხენებიც ეტლებისა და მხედრებისათვის, დაახლოებით 4000-დან 6000-მდე.

IX საუკუნის ბოლოსათვის ებრაელთა სამეფოების: იუდეისა და ისრაელის დიდების მზემ ჩასვლა დაიწყო. IV მეფეთას XIII თავში წერია, რომ მეფე იოახაზს სირიელებთან დამარცხების შემდეგ სულ 50 მხედარი, ათი ეტლი და ათი ათასი ქვეითი დარჩა. ეს ნათქვამია ორივე ებრაული სამეფოს, ისრაელისა და იუდეის გაერთიანებულ ჯარზე. ერთხელ მეფე აქაბმა დამასკოს დასახმარებლად ასურელებთან ბრძოლისას, ქალაქს 10000 ქვეითი და 2000 ეტლი გაუგზავნა. ისრაელიანთა ეტლები ბრძოლაში 150 ეტლიან შენაერთებად იყოფოდნენ, ეს რაზმი კიდევ სამ 50 ეტლიან დანაყოფად იშლებოდა. 772 წელს, სამარიის (ისრაელის სამეფოს დედაქალაქი იყო) დაცემის შემდეგ, სარგონ II-მ, ასურეთის მეფემ 50 ეტლიანი სამხედრო დანაყოფი შეადგინა ებრაელებისთვის წართმეული სამხედრო ეტლებით.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები