იოსები (ძველი აღთქმა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოსები - ძველი აღთქმის პერსონაჟი. იაკობისა და რაქელის ვაჟი.

იაკობს გამორჩეულად უყვარდა უმცროსი შვილი იოსები, რის გამოც ძმებმა შეიძულეს იგი. ამ სიძულვილს აძლიერებდა სიზმრები, რომელთაც იოსები ხედავდა და რომლებიც მის ამაღლებასა და ძმათა დამდაბლებას წინასწარმეტყველებდა. ამიტომაც ძმებმა თავიდან მოიშორეს იგი. ჯერ ჭაში ჩააგდეს. შემდეგ კი ოც ვერცხლად ეგვიპტეში მიმავალ ვაჭრებს მიყიდეს.

იოსებმა მრავალი განსაცდელი გამოიარა, მაგრამ გადარჩა და ფაქტობრივად ეგვიპტის პატონ-პატრონი გახდა. როდესაც მსოფლიოში მოუსავლიანობამ, შიმშილობამ და სიკვდილმა იფეთქა, მისი ნიჭისა და სიზმართმცოდნეობის წყალობით (დაბ. 39) მხოლოდ ეგვიპტეში იპოვებოდა პური და ბეღელსაც იოსები განაგებდა.

მისწვდა იაკობის ყურს ეგვიპტის სიმდიდრის ამბავი და გაგზავნა შვილები ეგვიპტეში. აღსრულდა წინასწართქმული: ძმებმა თაყვანი სცეს იოსებს, თუმცა ვერ იცნეს. „დაბადების“ 41-46 თავებში ეს ამბავი მოთხრობილია შთამბეჭდავად, დიდი ხიბლითა და ოსტატობით; ნათქვამია, რომ დიდსულოვნად შეუნდო იოსებმა სახლიკაცებს; ღვარძლის ნამცეციც არ დაუტოვებია გულში. პირიქით, - აღიარა, რომ ყველაფერი მოხდა განგებით: აქ ღმერთმა თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად გამომგზავნაო; „თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა“ (დაბ. 50:20).


წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები