იოანე მოსხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოანე მოსხი (მოსხოსი, მესხი) — (550-634) პროზაიკოსი, საეკლესიო მოღვაწე. მისი უაღრესად პოპულარული ნოველების კრებულს ბერძნულად ეწოდებოდა „ლიმონარი“ („მდელო“), ქართულად — „სამოთხე“. როგორც ბერძნული „ლიმონარის“, ისე ქართული „სამოთხის“ დღესდღეობით ცნობილი უძველესი ხელნაწერები X საუკუნისაა. გამოითქვა მოსაზრება (ს. ყაუხჩიშვილი), რომ „სამოთხე“ ბერძნულიდან კი არ თარგმნილა, არამედ ორიგინალურ ნაწარმოებთა კრებულია, რომ ცალკერძ „ლიმონარში“ შესული ნოველები და ცალკერძ „სამოთხეში“ შესული ნოველები ერთიმეორეზე დამოუკიდებლად დაიწერა ბერძნულადაც და ქართულადაც ერთი და იმავე პირის – იოანე მოსხის მიერ. ეს მოსაზრება, გარდა სხვა საბუთებისა, იმ ფაქტსაც ემყარება, რომ შუა საუკუნეებიდანვე არსებობდა ტრადიცია, რომელიც იოანეს ზედწოდებასს – „მოსხოს“ პირვანდელი მნიშვნელობით კი არ განმარტავდა (ბერძნულად „მოსხოს“ ნიშნავს: „ყლორტი“, „ნორჩი შტო“, „ნორჩი ცხოველი“, „ხბო“), არამედ მეორადი, ეთნიკური მნიშვნელობით (ბერძნულად „მოსხოს“ ნიშნავს აგრეთვე: „მესხი“). მაშასადამე, იოანეს თავად ბიზანტიელნი უწოდებდნენ მესხს ანუ ქართველს. სხვა შეხედულებით (ი. აბულაძე), ქართული ნოველების კრებული „სამოთხე“ არაბულიდან არის თარგმნილი.

შ. ნუცუბიძემ წამოაყენა დებულება (რომელსაც იზიარებს ს. ყაუხჩიშვილი), რომ იოანე მოსხის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ბუდას ცხოვრების ლეგენდად ქცეული ამბის მიხედვით შექმნილი თხზულების ქართული ვერსია — „სიბრძნე ბალაჰვარისი“ (მოკლე რედაქცია). ეს დებულება იმითაც არის საგულისხმო, რომ თუკი დადასტურდა, წერტილს დაუსვამს მეცნიერთა შორის გამართულ ხანგრძლივ დავას იმის თაობაზე, თუ რომელ საუკუნეშია შექმნილი ქართული მწერლობის ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი.

ტექსტი

  • იოანე მოსხი, ლიმონარი, 1960.

ლიტერატურა

  • ს. ყაუხჩიშვილი, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, 1973, გვ. 236-246.
  • Ш. Нуцубидзе, K происхождению греческого романа „Варлаам и Иоасаф“, 1956, გვ. 94-142.

იხილე აგრეთვე: „სიბრძნე ბალაჰვარისი" [[1]]

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები