იეთიმ გურჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იეთიმ გურჯის ძეგლი, თბილისი

იეთიმ გურჯი - (იეთიმ იბრაჰიმის ძე დაბღიშვილი, 1875, თბილისი, – 15. VII. 1940, იქვე), ქართველი სახალხო მომღერალი-მელექსე, თბილისური აშუღური პოეზიის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი.

იეთიმ გურჯი

დაიბადა თბილისში, ღარიბი ხელოსნის — დაბაღის (მეტყავის) — ოჯახში. მისი წინაპრები თურქეთში გადასახლებული და გამაჰმადიანებული ქართველები ყოფილან. გვარის შემცვლელი ზედწოდება – „გურჯი“ (ქართველი) – მათ მერე შერქმევიათ. თბილისში ჩამოსულმა იეთიმის მამამ ცოლად მუხათელი სომეხი ქალი სარა შეირთო. მალე სომხური წესითაც მოინათლა. თავის ვაჟს მან იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად „ობოლს“ ნიშნავს. მამის გარდაცვალების შემდეგ, 15 წლის იეთიმი დედასთან და დასთან ერთად სიღარიბეში ცხოვრობდა. მალე ის მუსიკალური საკრავების ოსტატს შეგირდად დაუდგა და პროფესიონალურად შეისწავლა დაირის, ჭიანურისა და ჩონგურის კეთება. ის შინაც ამზადებდა ინსტრუმენტებს, პარალელურად წიგნებსაც ყიდდა. ოჯახი ხარფუხიდან მეტეხის ხიდთან მდებარე ერთ მიწურში გადმოსახლდა. 1905-1907 წლებში იეთიმ გურჯი ბაქოს ნავთობის სარეწებში მუშაობდა, 1905 წლის მოვლენების შემდეგ განვითარებული რეაქციის შედეგად იგი გადაასახლეს, სადაც მან ხუთი წელი დაჰყო და 1912 წელს დაბრუნდა თბილისში. იგი 1895 წლიდან თხზავდა ლექსებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამავე წელს დაწერა მან პოემა „ანაბაჯის ლექსი“, რომელიც მის პირველ წიგნად 1909 წელს გამოიცა; მას მოჰყვა „ახალი მგოსანი და სიმღერები" (1911), „იეთიმის ახალი ლექსები” (1913), „ტანგო” (1914) და სხვა. 1928 წელს იოსებ გრიშაშვილმა, ხოლო 1958 წელს ანდრო თევზაძემ გამოსცეს პოეტის „რჩეული ლექსები”, ყველაზე სრული გამოცემა კი 1979 წლით თარიღდება, რაც ალ. ბარნოვის რედაქციითა და წინასიტყვაობით გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” მიერ გამოიცა. იეთიმ-გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის ცხოვრება, ძველ–თბილისური ბოჰემა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


* * *
გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო,
დაკარგული შენი შვილი მოვედი,
საქართველოს მიწა-წყალო, ალაგო,
თორმეტი წლის გატანჯული მოვედი.
მთაო წმინდავ, მამა დავითისაო,
შენ, დარაჯო ქალაქ თბილისისაო,
წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლებისაო,
მათ საფლავზე სალოცავად მოვედი.
ჩვენო ციხევ, ძველო ნარიყალაო,
საქართველოს ძველო მკვიდრო ძალაო,
შენი შვილი პოლშის ციხემ მმალაო,
სისხლგამშრალი სალოცავად მოვედი.
დიდო ზარო, ჩვენი სიონისაო,
ნატრული ვარ შენ დიდებულ ხმისაო,
ჩვენო მტკვარო, ძმაო რიონისაო,
ნაწამები საბანაოდ მოვედი.
ძმანო ჩემნო: ჰაოს, ქართლოსისაო,
გატანჯულსა მიცნობთ დიდი ხნისაო,
გაყიდული ორპირ მეგობრისაო,
გამარჯობათ! იეთიმ გურჯი მოვედი!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები