თქმულება აბესალომსა და ეთერზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბესალომისა და ეთერის თქმულება − ქართული სამიჯნურო-რომანტიკული ეპოსის კლასიკური ნიმუში, რომელსაც შემოკლებით „ეთერიანს“ უწოდებენ.

აბესალომისა და ეთერის თქმულებას ჩვენს ეროვნულ ეპოსში მეორე ადგილი უჭირავს ამირანიანის შემდეგ. თქმულება ფართო ეპიკურ ტილოს წარმოადგენს რომელშიც მაღალი ხელოვნებითაა ასახული მარადიული სიყვარულით გამსჭვალული ქალ-ვაჟის ტრაგიკული ბედი, სოციალურ ძალთა ჭიდილი და ხალხის კოლექტიური შემოქმედების ესთეტიკური იდეალი, ფილოსოფიური მსოფლმხედველობა.

თქმულების პირველი გამოცემა 1875 წელს დაიბეჭდა. ეს შერწყმული, ე. ი. სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი ვარიანტების შეერთების საფუძველზე მიღებული რედაქცია, ეპიკურ ლექს-სიმღერათა ამგვარ გამთლიანებას, შერწყმულ რედაქციათა შექმნის მეთოდს მე-19 საუკუნეში, და უფრო ადრეც, ხშირად მიმართავდნენ ევროპაში (მაგ.,„კალევალა“). პ. უმიკაშვილი ამ შემთხვევაში მის დროს გავრცელებული ფოლკლორისტული შეხედულებებითა და მეთოდებით სარგებლობდა. შემკრებისა და შემდგენელის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ეს ეთერიანი შედგენილია სახალხო ლექსებისა და პირად ნათქვამისაგან” რომელნიც დარჩენილან დღევანდლამდე საქართველოს ყველა ნაწილებში ზემოხსენებული ლექსები და პირადნათქვამობანი (რიცხვით ცამეტი) ეკუთვნის შემდეგ ადგილებს: ქართლს, კახეთს, იმერეთს, სამცხეს (ახალციხის მაზრა), ხევსურეთს, ხევს (თერგის ხეობა) და ქალაქ მოზდოკს: 1888 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პირველი წმინდა. ხალხური ტექსტი ფშაური ვარიანტის სახით. „ივერიის“ რედაქცია საგანგებოდ იტყობინებოდა: „აბესალომ და ეთერის“. ამბავი: ქართველი ხალხის მრავალ თაობაშია გავრცელებული. დღევანდლამდე საკუთრად რომელსამე თემის განსაკუთრებით გამოხატვითა. დაუხელოვნოდ, ხელშეუხებლად ჩაწერილი არ დაბეჭდილა. ეხლა ეს ფშაური ეთერის ამბავი პირველი ნიმუშია შეძლებისამებრ ხელშეუხებლად ჩაწერილი“ (ივ. №274, 1888). ამ განცხადებებით ნათლად ჩანს, რა მდგომარეობაში იყო აბესალომისა და ეთერის თქმულების შეკრების და გამოცემის საქმე მე-19 საუკუნეში დიდხანს, 1954. წლამდე, ეთერიანს სრული კორპუსი არ არსებობდა. ახლა მკვლევრის განკარგულებაში 60-ზე მეტი ვარიანტია, შეკრებილი. როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში. დაზუსტებულია სიუჟეტის გავრცელების არეალი: ქართული ენის გარდა იგი გვხვდება სვანურ, მეგრულ და ლაზურ ენებზე. აბესალომისა და ეთერის თქმულებაში ფართოდ არის წარმოსახული პატრონყმური. ურთიერთობა, ფეოდალური იერარქია მურმანს, აბესალომის ყმას, საკუთარი სამფლობელო და შეუვალი ციხე-კოშკი აქვს რომელშიც: შესვლა პატრონის სურვილის გარეშე მეფის შვილ აბესალომსაც არ შეუძლია.

შენც გინახავს ბროლის ციხე როგორ ცამდი მაღალია,
შიგა ზის ქალი ეთერი, ყელი მოულერებია...

თქმულება დიდი ხნით წინ უსწრებს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს” და მისი იდეალური გმირი ქალების სახეთა შთამაგონებლის როლსაც თამაშობს. დღევანდელი ხალხური რედაქცია: ძირითადად მე-10-11 საუკუნეებშია ჩამოყალიბებული. თავის: მხრივ აბესალომისა და ეთერის თქმულება უფრო ძველი სიუჟეტის გადამუშავების გზითაა შექმნილი; მას საფუძვლად უდევს ზღაპრულ ეპოსში ფართოდ გავრცელებული გერ-დედინაცვლის თავგადასავალი, რომელმაც შემდეგში სამიჯნურო ეპოსის ყველა თვისება შეიძინა.

აბესალომისა და ეთერის თქმულებაში დაუვიწყარ გმირთა პლეადა მოქმედებს. ამათგან სამი უთუოდ საკაცობრიო მნიშვნელობის სახეა. მარადიული სიყვარულით შეპყრობილი მეფის შვილი აბესალომი, იდეალური მშრომელი ქალი მზეთუნახავი ეთერი და ეშმაკზე სულის მიმყიდველი მურმანი რომლის ჩარევითაც სამიჯნურო თავგადასავალს ტრაგიკული ფორმა ეძლევა. ამათ გარდა კოლორიტულადაა დახატული ეთერის მშობლები, ავი დედინაცვალი, აბესალომის მშობლები და დები, კეთილი დედაბერი და ავსული – მურმანის გულის მესაიდუმლე, მძაფრი სიუჟეტური ამბავი, დახვეწილი ეპიკური სახეები და მდიდარი პოეტური ენა − აი რა ახასიათებს ამ მრავალსაუკუნოვან ხალხურ რომანს.

აბესალომისა და ეთერის თქმულებაში ქართველმა ხალხმა ფართოდ გადმოშალა თავისი ესთეტიკური შეხედულებანი. სიყვარული უკვდავია, მას სამეფო ციხე-სიმაგრეთა დაპყრობაც შეუძლია. გლეხის მშვენიერ ასულზე გამიჯნურებულმა აბესალომმა დაარღვია სამეფო კარის მტკიცე ტრადიცია და სადედოფლოდ მწყემსი ქალი მოიყვანა, ხოლო მიჯნურის უკიდურეს განსაცდელში ყოფნის გამო ეთერმა დატოვა მურმანის ბროლის კოშკი მომაკვდავ აბესალომს ეწვია და სულთმობრძავის გვერდით გული განიგმირა. აბესალომი და ეთერი ერთად დამარხეს, მათ საფლავზე ია და ვარდი ამოვიდა და ერთმანეთისკენ იხრებოდნენ. ბოროტმა მურმანმა აქაც დაარღვია მათი მყუდროება. მიჯნურთა შორის სამარე გაითხარა და ცოცხლად დაიმარხა. მურმანის საფლავზე ნარი ამოვიდა, იასა და ვარდს შუა ჩადგა. კოლექტიურმა შემოქმედმა ამ უმძაფრეს ფინალს თავისი ჰუმანური განაჩენი გამოუტანა. ქართლურ ერთ პროზაულ ვარიანტში ვკითხულობთ: „მეორე დღე რო გათენდა, გამოსულან მეძროხეები და უნახავთ, რო აბესალომს და ეთერს შუა დიდი ნარია ამოსული. მისულან და სჭრიან ვერა და ვერ მოუშორებიათ, შეუტყობინებიათ უბნისათვის. გასულა ხალხი ბლომათა ამოუწევნიათ ამ ნარისათვის ამოუგდიათ მურმანი, დაუჭრიათ, დაუკუწიათ, გადაუყრიათ ძაღლებისათვის. აბესალომის და ეთერის სასაფლაო დარჩენილა თავისუფლათა, ოქროს წყლითა, გადაფურჩქვნილი ვარდითა. ამნაირად გადმოსცა მხატვრულ სახეებში ხალხმა ის ფილოსოფიური სიბრძნე, რომელიც შოთა რუსთველს ასე აქვს ჩამოყალიბებული ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია.

აბესალომისა და ეთერის თქმულება მსოფლიო ნაწარმოებთა წყებას მიეკუთვნება. მას სიუჟეტური ანალოგიები მოეპოვება შუა საუკუნეების ფოლკლორსა და ლიტერატურაში. ამ მხრივ დასავლეთიდან ყურადღება იქცევს კელტურ ფოლკლორულ თქმულებებზე აღმოცენებული ფრანგული „ტრისტან და იზოლდას” რაინდული რომანი, ხოლო აღმოსავლეთიდან – ასევე ხალხურ ტრადიციებზე დაფუძნებული სამიჯნურო ნაწარმოები „ვის ო რამინ“, ქართულად რომ „ვისრამიანის“ სახელით არის ცნობილი. ირკვევა ქართული ხალხური რომანი მეტ სიუჟეტურ და იდეურ სიახლოვეს იჩენს შორეულ ფრანგულ თხზულებასთან, ვიდრე უფრო ახლო და კულტურულად ნაცნობი ქვეყნის – ირანის, ლიტერატურულ ძეგლთან, ქართულ ენაზე მე-12 საუკუნიდან რომაა მოღწეული ზედმიწევნითი თარგმანის სახით ამ შეხვედრებს ტიპოლოგიურ-სტადიური ხასიათი აქვს.

ეთერიანის ძირითადი ფორმა პროზაულია, გვხვდება ლექსნარევი და ლექსითი ვარიანტებიც. აბესალომისა და ეთერის ლექსი შაირის ზომისაა, ხშირად იმღერება და დიალოგური ფორმით სრულდება.

აბესალომისა და ეთერის თქმულებამ მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია ახალი ქართული ხელოვნების განვითარებას პოეზიაში გამოჩნდა ვაჟა-ფშაველას პოემა „ეთერი“, მუსიკაში – ზ. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“, ფერწერაშილ. გუდიაშვილისა და ი. თოიძის ნახატები ხოლო ეკრანზე რომანტიკული კინოსურათები.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • ეთერიანი, შედგენილი ჰ. უმიკაშვილის მიერ, 1875;
  • პ. უმიკაშვილი,ხალხური სიტყვიერება, I, 1964;
  • ეთერიანი, მ. ჩიქოვანის რედაქციით, შესავალი წერილითა და შენიშვნებით. ხალხური სიტყვიერება, ტ. 4, 1954;
  • ქ. სიხარულიძე, ქართველი მწერლები და ხალხური შემოქმედება, 1956;
  • მ. ჩიქოვანი, შოთა რუსთაველი და ქართული ფოლკლორი, 1966;
  • თ. ქურდოვანიძე, ეთერიანის ეპოსის მხატვრული სახეები, მაცნე, №1, 1967;

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები