თიღვის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თიღვის მონასტერი

თიღვის მონასტერი (ინგლ. Tighvi Monastery) – XII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში (ზნაურის რაიონი), სოფელ თიღვის ტერიტორიაზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, მარანი, ზეთის სახდელი, სამონასტრო ნაგებობები. მათგან მხოლოდ ტაძარი და გალავნის ნაშთია შემორჩენილი.

არსებული ქტიტორული წარწერის თანახმად, პატრონიკეს შესასვლელის ტიმპანში, ტაძარი ქართლის მეფე დავით აღმაშენებლის ასულს, თამარს, თავისი ქმრის შირვანის მეფის, გარდაცვალების შემდეგ აუგია 1150-1152 წლებში და იქვე მონაზვნად აღკვეცილა (გადმოცემის თანახმად იქვე უნდა იყოს დაკრძალული). ერთი მხრივ, თიღვის ტაძარი ქართული არქიტექტურის ტრადიციებს მისდევს, მაგრამ სხვა მხრივ, განსხვავებული და გამორჩეული ნაგებობაა.

გეგმა

ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ძირითადი კორპუსი გეგმაში საკმაოდ წაგრძელებული და მართკუთხაა ზომებით (16,0x12,0 მ) (გარეთა ზომებია 14,5×24,0 მ. სიმაღლე შიგნით 22,0 მ.). აღმოსავლეთი მკლავი ნახევარწრიული აფსიდით და პასტფორიებით ბოლოვდება, ხოლო დანარჩენი სამი მკლავი მართკუთხა ფორმისაა. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი აღმოსავლეთით აფსიდის კედლების შვერილებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთით – თავისუფლად მდგომ ორ სვეტს. საყრდენებიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა ხორციელდება აფრების მეშვეობით. აფსიდის სივრცეში განთავსებული საკურთხეველი დარბაზიდან ქვის კანკელით ყოფილა გამოყოფილი, რომელიც შემდეგ ხის მოხატულმა კანკელმა შეცვალა. საკურთხეველი მორთული ყოფილა მოზაიკით, თუმცა მას დღემდე არ მოუღწევია (ისევე, როგორც ტაძრის ინტერიერის ფრესკებს). საკურთხევლის ორივე მხარეს ცილინდრული კამარით გადახურული სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომელთაც აფსიდური მომრგვალება აქვთ კონქური გადახურვით. მათ თავზე მართკუთხა ოთახებია გამართული. ინტერიერის ხუროთმოძღვრული დეტალები მარტივია და მოკლებულია სამკაულებს. აქ ყურადღებას იპყრობს პატრონიკეთა სვეტისთავები, რომელთაც გადაბრუნებული წაკვეთილი პირამიდის სახე აქვთ.

ორნამენტული მოტივი „ბაგირი“. სამხრეთი ფასადი

ტაძრის თავისებურებაა დასავლეთით მოთავსებული ნართექსი და პატრონიკე მის თავზე. სამ ნაწილად გაყოფილი ნართექსი, მთავარ სივრცეს ერთი ფართო კარით უკავშირდება (გარეთ გასასვლელი სამი კარი ამოქოლილია). პატრონიკე დასავლეთ მკლავს სამი მხრიდან შემოუყვება. მის გვერდით მონაკვეთებს მეორე სართულის დონეზე მკლავების სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კუთხეები უჭირავთ, ხოლო დასავლეთი ნაწილი პირდაპირ ნართექსის თავზეა გამართული. პატრონიკე ექვსი თაღითაა დაკავშირებული ტაძრის ძირითად ნაწილთან (სამივე მხარეს განლაგებულ დაბალ მრგვალ სვეტებს ორ-ორი ღია თაღი ეყრდნობა). თავის დროზე თიღვა ძალიან საინტერესო ხუროთმოძღვრული ანსამბლი უნდა ყოფილიყო. შიგნით ტაძარს არ განუცდია არსებითი ტრანსფორმაცია. სამაგიეროდ, გარედან აკლია მნიშვნელოვანი მინაშენები, სამხრეთის და ჩრდილოეთის ეგვტერები. დღეს უკვე აღარ არსებობს ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს აგებული შენობაც, რომელთანაც პატრონიკეს დასავლეთი მონაკვეთი ქვის საგანგებო გადასასვლელით იყო დაკავშირებული (ასეთი კავშირის დამადასტურებელია მეორე სართულის დონეზე შემორჩენილი მდიდრული საპირით მორთული კარი). თიღვის ტაძარი გამორჩეულია იმ დროის სხვა ქართული საკულტო ნაგებობებისგან. მისი თავისებურებაა ფასადების ასკეტიზმი. ამ პერიოდის გუმბათიან ეკლესიათა შორის ის ერთადერთია, სადაც არც ფასადებზე და არც გუმბათზე არ გამოიყენება დეკორაციული თაღები (თაღები აქვს მხოლოდ დასავლეთის სამთაღოვან შესასვლელს და დღეს აღარარსებულ სამხრეთის ეგვტერს). ჩუქურთმის გარეშეა დარჩენილი გუმბათის ყელის სარკმლებიც, რომელიც, ჩვეულებრივ, განსაკუთრებით უხვად იყო მორთულ-მოკაზამული. ფასადების კედლების ასკეტურ „სიმყუდროვეს“ მხოლოდ პატრონიკედან სამონასტრო შენობაში გასასვლელი კარის, ჩრდილოეთი კარიბჭის და სამხრეთის ერთადერთი სარკმლის ჩუქურთმები არღვევს. ტაძრის მორთულობის ელემენტებს შორისაა მოსახსენიებელი დასავლეთი ნართექსის უჩუქურთმო, ვარსკვლავისებრი დამუშავებული სამი კამარა და მარაოსებრი აფრები.

ჩრდილოეთი ფასადი. პატრონიკეს შესასვლელი

აღმოსავლეთი ფასადი სადაა. ნაგებია ყვითელი, სუფთათ გათლილი ქვის კვადრებით. ფასადის ერთადერთი მორთულობა სარკმლის არშიებია, რომლებზედაც გვხვდება ორნამენტული მოტივი „ბაგირი“ (გრეხილი).

დასავლეთი ფასადის სიუჟეტი აღმოსავლეთის ფასადის მოხაზულობას იმეორებს, მაგრამ ამასთან თავისებურ გადაწყვეტას იძლევა, წინ არის გამოწეული პატრონიკესა და სტოის მიერ შექმნილი, კარნიზით დამთავრებული მთლიანი სიბრტყე, რისთვისაც გამოყენებულია შედარებით დიდი, კარგად დამუშავებული ქვის ფილები. მათი უმეტესი ნაწილი დაზიანებულია და გვიან არის შეკეთებული.

სამხრეთის ფასადის წყობა შედარებით კარგად არის შენახული. ამ ფასადის დეკორაციული მორთულობა თავისებურია. პატრონიკეს სამი ვიწრო სარკმელი სადა და უბრალოა. მარჯვენა მხარის მრგვალი სარკმელი იმეორებს აღმოსავლეთის სარკმლის ჩარჩოს ცალფა ლილვაკს. მდიდრულად გაფორმებულია მხოლოდ შუაში გამოჭრილი ფართო და მაღალი სარკმელი.

ჩრდილოეთით ტაძარს აქვს კარიბჭე. კარიბჭეზე მიდგმულია ეგვტერი და შენობის ნარჩენი, რომელიც თავის დროზე იყო დაკავშირებული პატრონიკეს ასასვლელთან. კარიბჭე ოთხკუთხაა, აქვს კარი, დგას ორსაფეხურიან საძირკველზე. მორთულია ჩუქურთმებით.

მონასტერს შემოვლებული ჰქონდა ნახევარწრიული ფორმის ბურჯებიანი გალავანი, რომლის სამხრეთში დიდი ალაყაფის კარი იყო ჩადგმული ზემოდან დაშენებული სამრეკლოთი. ეზოს ჩრდილოეთ მხარეს, გალავანსა და ტაძარს შორის სამონასტრო შენობათა ნანგრევებია, ხოლო მარანი და ზეთსახდელი გალავნის გარეთ, აღმოსავლეთით ყოფილა აშენებული. ბურჯებში, გარეთა მხრიდან თახჩებია მოწყობილი.

სამწუხაროდ, ტერიტორია სადაც განთავსებულია თიღვის მონასტერი, 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები