თეთრი თუთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრი თუთა - Morus alba L.

Morus alba L. – თეთრი თუთა

მეგრულად – მჟოლი, ჯამპი, ჯაპი.

ხეა 20 მ-მდე სიმაღლის, ბურთისებრი ხშირი ვარჯით. ფოთოლი კვერცხისებრია, ახალგაზრდა ყლორტებზე მთლიანი ან თითქმის მთლიანი, ხოლო ასაკოვნებზე – ნაკვთულიანი ან ამოკვეთილი, კიდეებზე დაკბილულ-ხერხკბილა. ყვავილები – ორსახლიანია, ფოთლების უბეებში მოკლე თავთავებად ან თავაკებად შეკრებილი. ყვავილსაფარი ოთხფოთოლაკიანია; მამრობითში – 4 მტვრიანაა, დაყვავილების შემდეგ მთლიანად სცვივა; მდედრობით ყვავილებში – ორდინგიანი ერთი ბუტკოა, დაყვავილების შემდეგ სქელდება და წვნიანდება. ნაყოფი შედგება რამდენიმე ერთთესლიანი კაკლისაგან, თითოეული მათგანი მოთავსებულია ხორცოვან გადიდებულ ყვავილსაფარში და შეკრებილია ცრუ კენკრის მსგავსად, თეთრია ან მოშავო-მეწამული. ყვ. IV; ნაყ. VIII-IX. იზრდება ჭალის ტყეებში მთის ქვედა და შუა სარტყელში 1000 მ-მდე ზღვის დონიდან. აშენებენ და ადვილად ველურდება. უმთავრესად აშენებენ ფოთლისათვის აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად.

სამშობლოდ აღმოსავლეთ ჩინეთი ითვლება, სადაც თუთა კულტივირებული იყო უკვე ცივილიზაციის გარიჟრაჟზე. მრავალმხრივი გამოყენებით გამოირჩევა. ნედლი ნაყოფედი ტკბილია, შეიცავს 85 მგ% წყალს, ნახშირწყლებს რომელიც ძირითადად მონოსახარიდებითაა წარმოდგენილი, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისს, ნაცარს, აზოტოვან ნივთიერებებს, 0,1 მგ% ფოსფოროვან მჟავას, ვიტამინებს (A, B1, B2, B3 ან PP, B5, B9, C, E, K, ქოლინს), მაკროელემენტების (K, Ca, Mg, Na, P) და მიკროელემნეტების (Fe, Mn, Cu,Zn, Se) მინერალურ მარილებს. აღსანიშნავია, რომ კალიუმის შემცველობით ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია კენროვან მცენარეთა შორის.

ნაყოფი ხასიათდება ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდგო, შარდმდენი, ოფლმდენი, ნაღველმდენი მოქმედებით. წარმატებით გამოიყენება თირკმლისმიერი და გულისმიერი შეშუპების, ნაღველმდენი გზების დისკინეზიის, ანთებითი პროცესების დროს. სასარგებლოა გულის მანკისა და მიოკარდიოდისტროფიისას; ამცირებს ტკივილებს გულის არეში, ხსნის ქოშინს, აუმჯობესებს გულის რითმს. იხმარება კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროსაც; უმწიფარი ნედლი ნაყოფები – ფაღარათის, ხოლო მწიფე ნაყოფი პირიქით, ხასიათდება ასაქმებელი ეფექტით და ყაბზობისას გამოიყენება.

ნაყოფის წვენსა და ნაყენს იყენებენ გამოსავლებ საშუალებად ყელისა და პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებებისას, მათ შორის სტომატიტის.

ქართულ ხალხურ მედიცინაში ფესვების ქერქით სხვა მცენარეებთან ნარევში ავზნეს მკურნალობდნენ. ფოთლების ნახარშს ღვიძლის ტკივილების, დიაბეტის, ყელის წყლულების, მალარიისა და ჭრილობების შესახორცებლად იყენებდნენ.

არ შეიძლება მისი მიღება შაქრიანი დიაბეტის დროს; სიფრთხილე მართებთ ჰიპერტონიით დაავადებულებსაც, იწვევს რა სისხლის წნევის აწევას (Ролловъ, 1908; ბიძინაშვილი, 2013).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები