თბილისის ფუნიკულიორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის ფუნიკულიორი

თბილისის ფუნიკულიორი – (ინგლ. Tbilisi Funicular) – საბაგირო რკინიგზა ქ. თბილისში მთაწმინდის პლატოზე . ის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ფუნიკულორი თბილისის ტრამვაის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა სააქციონერო საზოგადოებამ ააგო მთაწმინდის ზედა პლატოსთან ქალაქის უბნების დასაკავშირებლად. სანაცვლოდ, თბილისის თვითმმართველობამ ბელგიურ საზოგადოებას 45 წლის ვადით გადასცა სამთო გზის ექსპლუატაციის უფლება. თავის მხრივ, საზოგადოება ვალდებულებას იღებდა ხუთ წლამდე ბავშვებს, ფოსტის მუშაკებსა და პოლიციელებს უფასოდ მომსახურებოდა, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ფუნიკულორს უსასყიდლოდ დაებრუნებია ქალაქისთვის. მართალია, დაგეგმარების მიუხედავად მამადავითზე ქალაქი არ გაშენებულა, მაგრამ რკინიგზის მშენებლობა მაინც ბოლომდე იქნა მიყვანილი. ფუნიკულორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს (იდეის ავტორი ბელგიელი ინჟინერი ალფონს რობი, პროექტის ავტორი ფრანგი ინჟინერი ა. ლ. ბლანში, არქიტექტორი თბილისელი ხუროთმოძღვარი ა. შიმკევიჩი. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი ინჟინერი ი. რაგოლერი და საზოგადოების მიერ მოწვეული იტალიელი ინჟინერი ა. ფონტანაროსი. აღსანიშნავია, რომ უცხოელი სპეციალისტების გარდა ფუნიკულორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ. მისი ხელშეწყობით დაჩქარდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისთვის). გზის ძირითადი მშენებლობა 1904 წლის ბოლოს დასრულდა (თარიღი ლიანდაგზეა მითითებული), მაგრამ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ექპლუატაციის დაწყების ნებართვა 1905 წლის თებერვალში გასცა.

ფუნიკულიორის რკონოგზა

საინჟინრო თვალსაზრისით თბილისის ფუნიკულორი გამორჩეული ნაგებობაა. თბილისის ბუნებრივი რელიეფის გამო სამთო რკინიგზა დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ გრძელ და ციცაბო გზადაა მიჩნეული. გზის შუა მონაკვეთზე, სადაც ვაგონები გვერდს უვლიან ერთმანეთს 70 მ სიგრძის ვიადუკი აიგო. უსაფრთხოების მიზნით ზემო სადგურის შენობაში 96 ცხენის ძალის ელექტროძრავი დაიდგა, გაკეთდა მუხრუჭები, რომელსაც ბაგირის გაწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად უნდა დაეჭირა ვაგონები. გზის სიგრძე – 501 მ, ლიანდაგის დახრის კუთხე – 28-33°, რელსებს შორის მანძილი – 0,98 მ. ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა – 267 მ-ია.

ფუნიკულიორის ქვედა სართული

საბჭოთა პერიოდში ფუნიკულორს რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონტრუქცია. ზედა სადგურის კოშკებიანი, მოდერნის სტილის ორსართულიანი შენობა (კოშკები ხახვისთავა გუმბათებით იყო დაგვირგვინებული) 1936-38 წლებში შეცვალეს (არქიტექტორები ზ. და ნ. ქურდიანები, ა. ვოლობუევის თანამონაწილეობით). აიგო პავილიონის სახის მუბუქი და ჰაეროვანი ნაგებობა, რომლის არქიტექტურული სახის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი ბუნებრივი მონაცემი – მთა და შენობის ფუნქციური დანიშნულება იყო, რაც გულისხმობდა ფუნიკულორის ზედა სადგურს, რეტორანს და სხვა გასართობ სივრცეებს. მთავარი ამოცანა იყო არქიტექტურის ორგანული კავშირი მთასთან, როგორც მისი განუყოფელი ნაწილისა და აქედან გამომდინარე მასშტაბი. ქალაქისკენ გახსნილ შენობის სამ ფასადს მაღალი თაღედით შემოსაზღვრული ღია ტერასები ჰქონდა. სამსართულიანი ნაგებობის ქვედა დონე ფუნიკულორის სადგურის სამანქანო განყოფილებას ეჭირა. რკინიგზის ბაქნიდან გასასვლელები იყო, როგორც პირდაპირ პარკში, ასევე, სადარბაზო კიბიანი გვერდის ვესტიბულიდან კაფე-რესტორანსა და სხვა ოთახებში. შენობის ზედა ორ სართულს ფართო ტერასები ჰქონდა, საიდანაც თბილისის ულამაზესი პანორამა იშლებოდა. 1971 წელს შეიცვალა ფუნიკულორის ქვედა, ფსევდო-მავრიტანულ სტილში გადაწყვეტილი სადგური (ახალი შენობის ავტორები: არქიტექტორები გ. ბათიაშვილი და ტ. ქუთათელაძე. ვიტრაჟი ეკუთვნის ვ. ქოქიაშვილს).

ფუნიკულორის ბოლო რეაბილიტაცია 2012 წელს დასრულდა (რკინიგზის მოდერნიზაცია განახორციელა ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანიამ Doppelmayr Garaventa). სალიანდაგო-საბაგირო გზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნა განახლებული. ამჟამად მგზავრთა გადაყვანას ემსახურება უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი თანამედროვე დიზაინის ორი ვაგონი.

თბილისის ფუნიკულიორი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და ასეთი ტიპის ულამაზეს ნაგებობად. იგი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს აკავშირებს მთაწმინდის კულტურისა და დასვენების დიდებულ პარკთან, რომელიც თბილისელების უსაყვარლესი გასართობი ადგილია. ფუნიკულიორის ზედა სადგური განთავსებულია რესტორან „მთაწმინდის” მიმდებარედ, რომლის ღია ვერანდებიდან იშლება ქალაქის კოლორიტული ხედი, ხოლო ქვედა სადგურის ახალი შენობა თანამედროვე მოდერნიზმის ნიმუშია.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები