ზოლა ემილ
ემილ ზოლა – (ფრანგ. Émile Zola, 1840-1902), ფრანგი მწერალი, დრამატურგი, კრიტიკოსი. ფრანგული ნატურალიზმის მამამთავარი.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა 50-იანი წლების დასასრულს. აგრძელებდა ბალზაკის და სტენდალის ტრადიციებს. 1858 წ. დაწერა ფარსი „მოტყუებული მოძღვარი“. ამავე წლებში ლაფონტენის იგავის მიხედვით („მერძევე და დოქი“) შექმნა პიესა „პიერეტა“. მისი ადრეული პიესა „მადლენა“ დაიდგა „თავისუფალ თეატრში“. დიდი წარმატება მოუტანა დრამამ „ტერეზა რაკენი“ (ინსცენირება თავისივე რომანის მიხედვით), რომელიც დაიდგა არა მარტო საფრანგეთში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამას მოჰყვა კომედია „რაბურდენის მემკვიდრეები“, სადაც გამოყენებული იყო ბენ ჯონსონის პიესის „ვოლპონეს“ სიუჟეტური ქარგა. შემდგომ, ფარს „ვარდის კოკორი“, მელოდრამა „რენე“, ლირიკული დრამები „ოცნება“, „მესიდორი“, „გრიგალი“, ამ დრამების ალეგორიულობა (მოქმედების დრო და ადგილი გამოგონილია) აახლოებს მათ გვიანი იბსენის და მეტერლინკის პიესებთან.
მე-19 საუკუნის 70-იან წლებში იგი რეგულარულად ბეჭდავს წერილებს პერიოდულ პრესაში თეატრის რადიკალური რეფორმის მოთხოვნით, რომელიც შემდგომ გამოსცა კრებულების სახით „ჩვენი დრამატურგები“ და „ნატურალიზმი თეატრში“. ამ წერილებში ჩამოყალიბებულია მისი ესთეტიკური თეორია. მისმა თეორიულმა შეხედულებებმა და პრაქტიკამ დიდი გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და მიმდევრებზე. მისი რომანებისა და ნოველების მიხედვით შეიქმნა უამრავი ინსცენირებები, რომლებშიც იგი თავადაც მონაწილეობდა.