ვოიტინსკი ვლადიმირ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმირ ვოიტინსკი

ვოიტინსკი ვლადიმირ - (დ. - 12.XI.1885, პეტერბურგი - გ. -11.VI.1960, ვაშინგტონი) - რუსი რევოლუციონერი, ეკონომისტი, ჟურნალისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო დელეგაციების წევრი.

ბიოგრაფია

ოქროს მედალზე დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1906 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი „ბაზარი და ფასები - საბაზრო ფასებისა და მოხმარების თეორია.“ 1905 წლიდან იყო რუსეთის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პარტიის გაყოფის შემდეგ ბოლშევიკურ ფრაქციას უჭერდა მხარს. 1908 წლიდან ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. მალევე დააპატიმრეს და 4 წლით კატორღა მიუსაჯეს. გადაასახლეს ციმბირში, სადაც გაიცნო და დაუახლოვდა ქართველ სოციალ-დემოკრატებს, მათ შორის - ირაკლი წერეთელს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გადასახლების შემდეგ შეუერთდა მენშევიკურ ფრაქციას.

რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის 5 აპრილს, იყო მდივანი მენშევიკთა და ბოლშევიკთა საერთო ყრილობაზე, სადაც ლენინმა გააჟღერა აპრილის თეზისები. იყო სრულიად რუსეთის საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ბოლშევიკებმა დააპატიმრეს. 1918 ბოლშევიკების პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. იყო თბილისში გამომავალი გაზეთის „Борьба“ რედაქტორი. 1919-1921 წლებში იტალიასა და საფრანგეთში საერთაშორისო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციებში. 1920 დასავლეთ ევროპის პრესაში აქვეყნებდა სტატიებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. ამავე წელს გამოსცა წიგნი „ნამდვილი დემოკრატია“, რომელიც საქართველოს შეეხებოდა. 1921 წლის დასაწყისში, პარიზში, თანამედროვე ისტორიის ბიბლიოთეკის სერიის ფარგლებში გამოსცა წიგნი „ქართული დემოკრატია“, რომელიც სრულფასოვან მოცულობით გამოკვლევასა და აღწერას გვთავაზობს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, მცირე ხნით ცხოვრობდა საფრანგეთში. კარლ კაუცკისთან ერთად ევროპული პრესის ფურცლებიდან ებრძოდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციასა და საბჭოთა რუსეთში სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წინააღმდეგ მიმდინარე ორგანიზებულ სასამართლოს. მოგვიანებით საცხოვრებლად და სამუშაოდ გერმანიაში გადავიდა, 1929-1933 წლებში იყო გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი. 1933-1935 წლებში მუშაობდა ერთა ლიგის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში. შემდგომში იკვლევდა ამერიკისა და მსოფლიო ეკონომიკის საკითხებს. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის მრჩეველი შრომითი ურთიერთობების საკითხებში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი ეკონომიკისა და შრომითი ძალების შესახებ.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ვ. ვოიტინსკი, ქართული დემოკრატია, თსუ გამომცემლობა, 2018 (წინასიტყვაობა პროფ. შ. იურევიჩისა);
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №143.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები