წერეთელი ირაკლი (კაკი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ირაკლი (კაკი) წერეთელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი (კაკი) წერეთელი

წერეთელი ირაკლი გიორგის ძე - (20.XI.1881, სოფ. გორისა (ერთ-ერთი ცნობით, 1882) - 20.V.1959) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, უდიდესი ქართველი ტრიბუნი, რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბიროს ოპოზიციის ლიდერი, 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი მეთაური, საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვერსალის საზავო კონფერენციაზე, პუბლიცისტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

მისი მამა - გიორგი წერეთელი, ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, 1860-იანი წლების საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე, რომელიც შემდგომში თანდათანობით ჩამოშორდა ამ წრეს და ახალი მარქსისტული მიმართულების - „მესამე დასის“ იდეური სულისჩამდგმელი და მისი ყოველკვირეული პოლიტიკური ორგანოს, „კვალის“ დამაარსებელი გახდა. ირაკლის დედა კი იყო ნიკო ნიკოლაძის უმცროსი და - ოლიმპიადა ნიკოლაძე-წერეთლისა (1851-1883), თავისი დროისთვის ზედმიწევნით განათლებული მანდილოსანი. ირაკლის გარდა, მათ ჰყავდათ უფროსი ქალ-ვაჟი - ელენე (1877-1950) და ლევანი (1879-1918).

ი. წერეთელმა თბილისის პირველი გიმნაზია ოქროს მედლით დაამთავრა და იმავე წლის შემოდგომაზე სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1901 წელს მიიღო მონაწილეობა სტუდენტთა მღელვარებაში და თავმჯდომარეობდა სტუდენტური ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტს. დაწერა „ჩვენი მიზნები“, რომელიც სტუდენტთა მისწრაფებებს გამოხატავდა. ი. წერეთელი მოსკოველ სტუდენტთა მოძრაობის აღიარებული ლიდერი გახდა. მალე ის დააპატიმრეს და 5 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ ამის გამო პროტესტი იმდენად დიდი იყო, რომ ნიკოლოზ მეორე იძულებული გახდა, გადასახლებული სტუდენტები ერთი წლის შემდეგ გაეთავისუფლებინა. სამშობლოში დაბრუნებული ი. წერეთელი სოციალ-დემოკრატიული გაზ. „კვალის“ ფაქტობრივი რედაქტორი გახდა. „ყვირილელის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ მის ერთ-ერთ სტატიას ერქვა „მამულიშვილობა, ეროვნება თუ ხალხის სამსახური“. 1904 წლის თებერვალში გაზეთი „კვალი“ მთავრობამ აკრძალა. ხელახალი დატუსაღებისთვის თავი რომ დაეღწია, ი. წერეთელი დასავლეთ ევროპაში გაემგზავრა, ბერლინში დასახლდა და იქაურ უნივერსიტეტში შევიდა. აქ ყოფნისას მძიმედ დაავადდა და სამშობლოში მატარებლით, საკაცეზე მწოლიარე ჩამოიყვანეს. 1907 წელს მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს, სადაც სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა და, საერთოდ, რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გახდა. მეორე სათათბიროს დათხოვნის შემდეგ ხელისუფლებამ ი. წერეთელი კვლავ ციმბირში გადაასახლა, ახლა უკვე 12 წლით.

1917 წლის თებერვლის რევოლუციას ი. წერეთელი ციმბირში შეხვდა, პეტერბურგში 19 მარტს ჩავიდა და მაშინვე შევიდა პეტროგრადის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარე ნ. ჩხეიძე იყო.

1917 წლის მაისში გახდა რუსეთის დროებითი კოალიციური მთავრობის წევრი და ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრის პოსტი დაიკავა. დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ ი. წერეთელი საქართველოში ჩამოვიდა. იგი იყო თავმჯდომარე და ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ფრაქციისა ჯერ კიდევ ამიერკავკასიის სეიმში, შემდეგ - საქართველოს ეროვნულ საბჭოში და დამფუძნებელ კრებაში. იყო საქართველოს დელეგაციის წევრი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, ეროვნული მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა. საერთაშორისო კონგრესებზე სიტყვით გამოდიოდა და იცავდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. იყო მეორე ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1940. ი. წერეთელი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და იქ 1959 წლის 20 მაისს გარდაიცვალა, ჩაუტარდა კრემაცია. 1973 მისი ფერფლი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს და იქ დაკრძალეს. (ლელა სარალიძე)

ლიტერატურა

  • ბ. ნიკოლაევსკი, ირაკლი წერეთელი და მისი „მოგონებები“, შესავალი წერილი, პარ., 1963;
  • გ. საითიძე, „ქართული პოლიტიკური აზრი და რუსეთის სახელმწიფო სათათბირო (1905-1917), თბ., 2005;
  • რ. დაუშვილი, „ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში“, თბ., 2007;
  • გ. შარაძე, „უცხოეთის ცის ქვეშ“, წიგნი 2, თბ.,1993

თხზულებანი

  • Речи, т. 1-2, П- Тифлис, 1917-18; Воспоминания о Февр. рев-ции, т. 1-2, Париж, 1963.
  • И.Г. Церетели Апрельский кризис и образование коалиционного правительства.
  • წერეთელი, ირ. ჩვენი ტაქტიკის ძირითადი საკითხი / ირ. წერეთელი. - პარიზი, 1927. - 39 გვ.
  • წერეთელი, ირაკლი ისტორიული წერილები: 1. ფედერალისტების გასოციალისტ-რევოლიუციონერობა, 2. სოციალ-დემოკრატები თუ სოციალისტ-რევოლიუციონერები. - ქუთაისი, 1907 (ი. კილაძის და ი. ხელაძის სტ.). - 96გვ. ; 20სმ

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები