ვარიაციული ფორმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარიაციული ფორმა - ვარიაციები, თემა ვარიაციებით, ვარიაციული ციკლი – მუსიკის ფორმა, რომელიც შედგება თემისა და მისი რამდენიმე შეცვლილი განმეორებისაგან (ვარიაციისაგან). თემა შეიძლება იყოს ორიგინალური ან ნასესხები. თემის ტიპური თვისებებია: სასიმღერო ხასიათი; ფორმა-პერიოდი ან მარტივი ორი, უფრო იშვიათად, სამნაწილიანი; ფაქტურისა და ჰარმონიის ეკონომიურობა, რაც მდიდრდება ვარიაციული განვითარების პროცესში.

ცნობილია ვარიაციების შემდეგი ტიპები: მკაცრი (შენარჩუნებულია თემის ტონალობა, ჰარმონიული გეგმა და ფორმა) და თავისუფალი (ჰარმონიის, ფორმის, ჟანრული იერსახის შეცვლით), ხოლო ვარირების მეთოდის თვალსაზრისით: – ორნამენტული (ანუ ფიგურაციული), ჟანრულ-სახასიათო და სხვ. ვარიაციები შეიძლება იყოს ოსტინატური (თემა უცვლელად მეორდება ერთ ხმაში) და არაოსტინატური, თემების რაოდენობის მხრივ – ერთთემიანი და ორმაგი (სამმაგი).

ვარიაციული ფორმა ჩაისახა ხალხურ მუსიკაში და ფართოდ გამოიყენება მასში. პროფესიულ მუსიკაში სხვადასხვა ეპოქაში გავრცელებული იყო სხვადასხვა ტიპის ვარიაციები: ძველებურ მუსიკაში ბასსო ოსტინატო (მუდმივ ბანზე), ვენის კლასიკოსებთან-მკაცრი ფიგურაციული ვარიაციები. XIX ს-ში თავისუფალი ჟანრულ-სახასიათო (მაგ. შუმანის „სიმფონიური ეტიუდები“), XX ს-ში ყველა ზემოჩამოთვლილთა მოდიფიკაციები. ვარიაციული ფორმის პროფესიულ ნიმუშთაგან მე-13 საუკუნიდან გავრცელდა პოლიფონიური ვარიაციები კანტუს ფირმუსზე („მკვიდრი ჰანგი“, მთავარი მელოდია), მე-16-დან პასაკალია და ჩაკონა. ფიგურაციული ვარირება დაკავშირებულია ევროპული ინსტრუმენტალიზმის განვითარებასთან. ვარიაციული ფორმით იწერება მსხვილი დამოუკიდებელი ნაწაროები (მაგ. ს. რახმანინოვის „ვარიაციები პაგანინის თემაზე“), ციკლების ნაწილები (უპირატესად – ნელი ნაწილები, მაგ. ბეთჰოვენის მე-7 სიმფონია, მე-2 ნაწილი, ს. პროკოფიევის მე-3 საფორტეპიანო კონცერტის მე-2 ნაწილი.), დიდი ფორმის მონაკვეთები (მაგ. დ. შოსტაკოვიჩის მე-7 სიმფონიის I ნაწილი), აგრეთვე არიები, გუნდები, სიმღერები და სხვ.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები