ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია X-XI ს.

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია დგას საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ადგილ ფუტუროებში, სასაფლაოზე. სავარაუდოდ თარიღდება X-XI საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (12,3 X 6,8 მ), ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვით, კონსტრუქციული ნაწილები მოყავისფრო შირიმის ქვისაა. ნაგებობა დაზიანებულია: ჩანგრეულია კამაროვანი გადახურვა, დაზიანებულია კონქი და აფსიდი, დანგრეულია დასავლეთისა და სამხრეთის კედლების დიდი ნაწილი; დარღვეულია იატაკის დონე. ეკლესიას სამი შესასვლელი ჰქონდა. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ტიმპანით გადახურული თაღოვანი კარია. სამხრეთის და დასავლეთის შესასვლელების მხოლოდ წირთხლებია შემორჩენილი. ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მეორე სარკმელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. აფსიდის ორივე მხარეს, კედელში, დაახლოებით 2,5 მ სიმაღლეზე, აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა, რაც ეკლესიის თავისებურებას წარმოადგენს. აფსიდებში ვიწრო თაღოვანი სარკმლებია. სადიაკვნეში სწორკუთხა ნიშია. დარბაზის ორსაფეხურიანი პილასტრების პირველ საფეხურებზე კედლის თაღები გადადის. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია საკურთხევლის სარკმლის მარცხენა ორნამენტირებული საპირე და სადა სათაური ქვა, აგრეთვე მარცხენა მცირე სარკმლის რელიეფურ-თავსართიანი სათაური ქვა. საკურთხევლის სარკმლის მსგავსი ორნამენტირებული საპირეთი იყო მოჩარჩოებული სამხრეთის სარკმელიც, რომლისგანაც ქვედა ნაწილებიღაა შემორჩენილი. ჩრდილოეთ კარის ტიმპანის ძლიერ დაზიანებული ასომთავრული წარწერა X-XI სს. მიეკუთვნება.

ბიბლიოგრაფია

  • ვარიანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.V.-თბ.,1990.-გვ.65-67. სოფ. ვარიანის ფეოდალური ხანის კოშკის, 1835 წელს აგებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისა და სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილი განვითარებული ფეოდალიზმის ხანის დარბაზული ტიპის ეკლესიის აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის გეგმა.
  • მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ლიახვის ხეობა.-თბ.,1971.-გვ.84-85. სოფ. ვარიანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. 3.მეგრელიძე ე. ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა სიძველეები //მაცნე.-1966.-N3.-249-255. სოფ. ვარიანის შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულებები. დედაღვთისას ორი ეკლესიისა და მრგვალი კოშკის აღწერილობა.
  • სოფ. ვარიანი (გორის მაზრა) //გაზ. ”ივერია”.-1898(6 ნოემბ.).-N238.-გვ.2. სოფ. ვარიანის ძველი ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
  • ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მ0ნასტრები და სიძველები.-თბ.,2011.-გვ.97. 6.ვარიანის ეკლესია//შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.33. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. მოკლე ცნობა ვარიანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის შესახებ.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები