ექსპრესიონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერნსტ ლუდვიგ კირხნერი, „ბერლინის ქუჩა”

ექსპრესიონიზმი - (ფრანგ. Expression - გამოსახვა, გამოვლენა), ერთ-ერთი გავრცელებული მოდერნისტული მიმდინარეობა XX ს-ის აზროვნებაში, განსაკუთრებით ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

ექსპრესიონიზმი ავანგარდის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა. ეს იყო ხელოვნება, რომლის მიზანს მხატვრის სულიერი მდგომარეობის, მისი განცდებისა და განწყობის გამოხატვა შეადგენს (მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელწოდება მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან „expression“, რაც „გამოხატვას“ ნიშნავს, პირველად ეს ტერმინი გერმანიაში იქნა გამოყენებული). ეს ტერმინი უმეტესწილად გერმანულ ხელოვნებასთან მიმართებით გამოიყენება, რადგან სწორედ ამ ქვეყანაში გავრცელდა ექსპრესიონიზმი ყველაზე ფართოდ.

გერმანელმა ექსპრესიონიზმმა, შესაძლოა, მაყურებელზე დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინოს. იგი XX საუკუნის დასაწყისში ჩაისახა, იმ დროს, როდესაც საფრანგეთში ფოვიზმი გავრცელდა. ფოვისტებისგან განსხვავებით, გერმანელი ექსპრესიონისტების მიზანს არ წარმოადგენდა სილამაზის ასახვა. გერმანულ ხელოვნებას სხვა ეპოქებში ყურადღების გამახვილება შინაარსზე, თხრობითობა და შედარებით ნაკლები ინტერესი ნაწარმოების გარეგნული სილამაზის მიმართ. ექსპრესიონისტებისთვის სურათი მხოლოდ საშუალება იყო, რომლითაც ისინი ცდილობდნენ საზოგადოება არსებულ პრობლემებზე დაეფიქრებინათ. თუმცა იმ ეპოქის გერმანიის პრობლემების გადაჭრა ხელოვნების ზემოქმედების ძალით შეუძლებელი იყო — ამიტომ ექსპრესიონისტების ნამუშევრებში ხშირია დათრგუნულობა, გულგატეხილობა. გრძნობების გადმოსაცემად ექსპრესიონისტები იყენებდნენ კაშკაშა, მყვირალა ფერებს, ან, პირიქით, პირქუშ, ჭუჭყიან ტონებს, მშფოთვარე და თითქოს გაუწაფავ მონასმებს, გამარტივებულ, ხშირად შეგნებულად დამახინჯებულ ფორმებს.

ედვარდ მუნკი, „მელანქოლია“

საუკუნის დასაწყისში გერმანელმა ექსპრესიონისტებმა შექმნეს რამდენიმე გაერთიანება, ისეთები, როგორებიცაა „Die Brucke“ (ხიდი), „Der Blaue Reiter“ ლურჯი მხედარი), „Der Sturm“ (ქარიშხალი). მათ შეუერთდნენ მხატვრებიც, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ექსპრესიონისტულ მოძრაობას, აგრეთვე უცხოელი, მათ შორის, რუსი მხატვრებიც, მაგალითად, ვასილ კანდინსკი, რომელიც ჯგუფ „Die Brucke“ ის ლიდერი გახდა. ამ დაჯგუფებებში შემავალი გერმანელი მხატვრებიდან განსაკუთრებით ცნობილნი არიან: ერნსტ ლუდვიგ კირხნერი (1880-1938), ემილ ნოლდე (1867-1956), ნორვეგიელი ედვარდ მუნკი (1863-1944) და ავსტრიელი ოსკარ კოკოშკა (1886-1980).

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ექსპრესიონისტების მხატვრობაში განსაკუთრებული სიმძაფრით გაისმა საზოგადოების კრიტიკის ნოტა. ოტო დიქსის (1891-1969) სურათებზე ასახულია ომის საშინელებანი, ნანახითა და განცდილით შეშინებული ხალხი, დაჭრილები, ხეიბრები და სხვა. ექსპრესიონისტების პერსონაჟები ხანდახან იმდენად მახინჯები და სახედაკარგულნი არიან, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მხატვრებს, უბრალოდ, სძულდათ ადამიანები.

ამ მიმართულების მხატვრები ბევრს მუშაობდნენ გრაფიკაში. ექსპრესიონიზმთან ახლოს დგას აგრეთვე გრაფიკის და ქანდაკების წარმომადგენლის კეტე კოლვიცკის (1867-1945) შთამბეჭდავი ნამუშევნები.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები