კანდინსკი ვასილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილი კანდინსკი. იმპროვიზაცია 28 (მეორე ვერსია), 1912; ტილო, ზეთი, 111.4X162.2 სმ. სოლომონ რ. გუგენჰაიმის მუზეუმი, ნიუ იორკი. სოლომონ რ. გუგენჰაიმის ფონდის კოლექცია

ვასილი კანდინსკი - (Vassily Kandinsky, 1866-1944), შეძლებულ მოსკოვურ ოჯახში დაბადებული კანდინსკი, თავდაპირველად ადვოკატობისთვის ემზადებოდა, მაგრამ გერმანიაში ახალი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენების ნახვისა და ფერწერაში მიღებული კერძო გაკვეთილების შემდეგ, იურისტის კარიერა დათმო და მიუნხენში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჩამოყალიბდა კიდეც როგორც შემოქმედი.

შესაძლოა, კანდინსკი სინესთეტი იყო — ის ვისაც „ესმის“ ფერი და „ხედავს“ ბგერას. მისი შემოქმედება ცხადყოფს, რომ ის შექმნა ადამიანმა, ვისთვისაც ფერი და ბგერა განუყოფლადაა დაკავშირებული. მათ ერთიანობაში კანდინსკი უისლერის ნამუშევრის ადრეულმა ესკიზმა დაარწმუნა - ფერმწერი ისევე აწეს-რიგებს ფერსა და ფორმას, როგორც კომპოზიტორი ბგერებს. მუსიკალურმა ინტერესებმა კანდინსკი ავსტრიელ კომპოზიტორს, არნოლდ შონბერგს დააკავშირა, რომელმაც 1910 წლისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები შეიტანა მუსიკის ისტორიაში. ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, დასავლეთევროპული მუსიკა კილოებსა თუ მოდუსებში მოქცეული ნოტების წესრიგს ეფუძნებოდა (როგორცაა დღევანდელი მაჟორი და მინორი), რომელსაც კომპოზიტორები, გამომსახველობითი შესაძლებლობების გამო ირჩევდნენ. თითოეულ ნოტს მოცემულ გამაში თავისი როლის შესრულება ეკისრებოდა. ეს როლი მკაფიო იერარქიაში მუშაობდა და ემსახურებოდა „ტონალური ცენტრის“ (მუსიკალური კომპოზიციის ერთგვარი ბაზა, საყრდენი ადგილი) გაძლიერებას. შონბერგმა ტონალური ცენტრი მოსპო. ის თანაბრად ამუშავებდა ყველა ტონს, რითიც მსმენელს აცლიდა საყრდენს და უსასრულოდ ახანგრძლივებდა თავისი მუსიკის ექსპრესიულ დაძაბულობას. კანდინსკი დაინტერესდა, შეძლებდა თუ არა მხატვრობა შინაარსის გარეშე არსებობას ისე, როგორც მუსიკა არსებობდა ტონალური ცენტრის გარეშე.

კანდინსკი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც წმინდა აბსტრაქტული ფერწერის შესაძლებლობების თეორიული კვლევა დაიწყო. უისლერის მსგავსად, ის მუსიკალურ სათაურებს ანიჭებდა თავის ნამუშევრებს (მაგ., კომპოზიცია, იმპროვიზაცია) და ისეთი მხატვრობის შექმნა სურდა, რომელიც მხოლოდ მის შინაგან მდგომარეობას შეეხმიანებოდა, სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა და არაფრით დაუკავშირდებოდა ხილულ სამყაროს. 1912 წელს მან შექმნა ნამუშევრების სერია, მათ შორის, „იმპროვიზაცია 28“, რომელიც პირველად წარმოგვიდგენდა ჭეშმარიტად აბსტრაქტულ ხელოვნებას. ამ ნამუშევრებში მხტუნავი, მოცეკვავე ფერები ემოციათა სიმრავლეს გამოხატავდა. კანდინსკისთვის ფერწერა უტოპიურ სულიერ ძალას წარმოადგენდა. ხელოვნებაში მატერიალური სამყაროს ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოცემის ტრადიციულ მიდგომას, ის არასწორ, მატერიალისტურ ძიებებად მიიჩნევდა და იმედოვნებდა, რომ მისი მხატვრობა კაცობრიობას სულიერებისა და შინაგანი სამყაროს სიღრმისეული გააზრებისკენ წაიყვანდა. ფერწერასა და სამყაროს შორის არსებული კავშირის არაფრისმომცემი ძიების ნაცვლად, მხატვარი გვთხოვს ფერწერულ ტილოს ვუყუროთ ისე, თითქოს სიმფონიას ვუსმენდეთ, ამა თუ იმ პასაჟს ინსტინქტურად და სპონტანურად გამოვეხმაუროთ, შემდეგ კი ერთიანი გამოცდილება გავიზიაროთ. მუსიკალური ანალოგიები კანდინსკიმ მოგვიანებით განმარტა თავის წიგნში სულიერების შესახებ ხელოვნებაში. „ფერი უშუალოდ მოქმედებს სულზე. ფერი კლავიშებია, თვალები ჩაქუჩები, სული კი მრავალსიმიანი ფორტეპიანო. მხატვარი მუსიკოსის ხელია, რომელიც ერთ ან მეორე კლავიშს ეხება, რათა სულში თრთოლვა გამოიწვიოს“.

იხილე აგრეთვე

ლურჯი მხედარი

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები