ხიდი (მხატვართა გაერთიანება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერიხ ჰეკელი. ფეხზე მდგომი ბავშვი, 1910; ფერადი ქსილოგრაფია, 37.5X27.5 სმ. ლოს ანჯელესის ოლქის ხელოვნების მუზეუმი

„ხიდი“ - (Die Brüke), იმ დროს, როდესაც პიკასო და ბრაკი პარიზში ფერწერის სახეცვლით იყვნენ დაკავებულნი, დრეზდენში, რადიკალურად განწყობილი გერმანელი ხელოვანები Die Brüke (ხიდი) სახელით ცნობილ ჯგუფში გაერთიანდნენ. სახელწოდება მათ ფრიდრიხ ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრას" (1883) პასაჟიდან აიღეს, რომელიც აღწერდა თანამედროვე კაცობრიობის პოტენციალს, ყოფილიყო „ხიდი“ მასსა და მომავლის უფრო სრულყოფილ კაცობრიობას შორის.

1905 წელს დაფუძნებულ „ხიდში“ შედიოდნენ არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები:

  • ფრიც ბლეილი (Fritz Bleyl, 1880-1966),
  • ერიხ ჰეკელი (Erich Heckel, 1883-1970),
  • ერნსთ ლუდვიგ კირხნერი (Ernst Ludwig Kirchner, 1880-1938)
  • კარლ შმიდტ-როთლუფი (Karl Schmidt-Rottluf, 1884-1976).

მოგვიანებით ჯგუფს - მან 1913 წლამდე იარსება - სხვა გერმანელი და ჩრდილოეთ ევროპელი ხელოვანებიც შეუერთდნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ Die Brüke "ყველა იმ რევოლუციონერისა და მღელვარე ელემენტის“ შეკრების ადგილად იქცეოდა, ვინც ეწინააღმდეგებოდა გერმანიის ფერმკრთალ, დეკადენტურ საზოგადოებას.

ეყრდნობოდნენ რა ისეთ ჩრდილოურ სახვით ნიმუშებს, როგორიც ვან გოგი ან მუნკია, ტრადიციული ჩრდილოური ქსილოგრაფიის ხერხების გამოყენებით, ხელოვანნი ქმნიდნენ გაუცხოებისა და განგაშის გამომხატველ, ბრუტალურ, ექპრესიონისტულ გამოსახულებებს, რომლებიც გერმანიის სწრაფ და ინტენსიურ ურბანიზაციას ეხმიანებოდა. არც არის გასაკვირი, რომ მათ საყვარელ მოტივებს ბუნება და ქალის შიშველი სხეული წარმოადგენდა.

ერიხ ჰეკელი

იმ წლების გერმანიაში ნუდიზმი მზარდი კულტურული მიმდინარეობა იყო, რადგან ქალაქის ბინადარნი ქალაქებს ბუნებასთან ხელახალი შერწყმის სურვილით ტოვებდნენ. ერიხ ჰეკელის 1910 წლის სამფერიანი ქსილოგრაფია - "ფეხზე მდგომი ბავშვი", შიშველი გოგონას გასაოცრად სტილიზებული, მაგრამ მძლავრი ექსპრესიულობით გამორჩეული ნამუშევარია. მისი თეთრად დატოვებული სხეული გამოყოფილია პეიზაჟური ფონიდან, რომელიც სუფთა შავი, მწვანე და წითლი ფერის ფართო მონაკვეთებისგანაა შედგენილი. მის პირდაპირ მაყურებლისკენ მიმართულ მზერაში ჯერ მხოლოდ ჩანასახოვანი, თუმცა უკვე თავდაჯერებული სექსუალურობა იკითხება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი ხდება, როდესაც ვიგებთ, რომ გოგონა 12 წლის ფრენცი ფერმანია, ხიდელების რჩეული მოდელი, რომელიც თავის და-ძმებთან ერთად, ნატურად მუშაობდა, რათა ფინანსურად დახმარებოდა თავის დაქვრივებულ დედას.

ემილ ნოლდე. ნიღბები, 1911; ტილო, ზეთი, 73.03X77.47 სმ. ნელსონ ატკინსის მუზეუმი, კანზას სითი, მისური. ხელოვნების მეგობართა საჩუქარი

ემილ ნოლდე (Emil Nolde, 1867-1956), რომელიც "ხიდს" მოგვიანებით, 1906 წელს შეუერთდა, სწრაფად გადაიქცა მის ერთგულ, იდეურ წევრად. თავდაპირველი განათლება მან სამრეწველო დიზაინის განხრით მიიღო, აკადემიურ მხატვრობას 1900 წელს, რამდენიმე თვის მაძილზე ეუფლებოდა პარიზში, თუმცა არასდროს დაუხატავს ისე, როგორც ასწავლიდნენ. ის ხშირად სტუმრობდა პარიზის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რათა შეესწავლა აფრიკისა და ოკეანიის ხელოვნება, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ნოლდეზე ადამიანის სხეულის თამამი, მძლავრი ვიზუალური გამოხატულებით, განსაკუთრებით ნიღბებში. მისი 1911 წლის სურათი ნიღბები. ცხადყოფს, რომ მან ბევრი რამ შეითვისა როგორც პარიზული გამოცდილებიდან, ისე ნიღბებიდან, რომლებიც მისთვის ევროპული კარნავალებიდანაც იყო ცნობილი. ამ ტრადიციების გაერთიანებით, ნოლდე თავისი შთაგონების აფრიკულ და ოკეანიის წყაროებს ევროპულ კოშმარად გარდაქმნის, რომელიც სავსეა საშინელებითა და ფარული ძალადობით. შემაშინებელი ფერის, უხეშად დახატული თვალებჩაცვენილი და პირდაღებული ნიღბები დასცინის მაყურებელს და სასურათე სიბრტყიდან მათ სივრცეში ცდილობს შემოჭრას. სურათის ფერადოვნებასა და ემოციურობას ნოლდე ფერების შეპირისპირებით აძლიერებს. 1907 წელს, მან დატოვა გაერთიანება, მაგრამ ხიდის წევრებთან მეგობრული ურთიერთობები მაინც შეინარჩუნა. I მსოფლიო ომის წინ ნოლდე, გერმანულ სამეცნიერო ექსპედიციასთან ერთად, ახალ გვინეას ეწვია. მისივე განმარტებით, წყნარი ოკეანის კულტურების "ადგილობრივ ხელოვნებაში" მას იზიდავდა "პრიმიტივიზმი", მათი "აბსოლუტური ორიგინალურობა", უმარტივეს ფორმებში ძალისა და სიცოცხლის ინტენსიური და ხშირად, გროტესკული გამოხატულება.

ერნსტ ლუდვიგ კირხნერი. ქუჩა, ბერლინი, 1913; ტილო, ზეთი, 120.6X91 სმ. ახალი ხელოვნების მუზეუმი (MOMA), ნიუ იორკი. შეძენილი

ერნსტ ლუდვიგ კირხნერი

ზაფხულობით ხიდელები ბუნებას უბრუნდებოდნენ და ჩრდილოეთი გარმანიის მოშორებულ მხარეებს სტუმრობდნენ, მაგრამ 1911 წელს ისინი ბერლინში გადავიდნენ - შესაძლოა, იმიტომ, რომ რეალურ, ბუნებრივ ცხოვრებას წარმოსახვა ამჯობინეს. მათ მიერ გამოსახული ქალაქები, განსაკუთრებით კი ბერლინი, ძალზე კრიტიკულია ქალაქური ყოფის მიმართ.

ერნსტ ლუდვიგ კირხნერის სურათი - "ქუჩა, ბერლინი", ორ მეძავს წარმოგვიდგენს. მათი პროფესია დიდი, ბუმბულებიანი ქუდებითა და ბეწვმოდებული პალტოებით ამოიცნობა. მეძავები გამომწვევად დადიან მდიდრულად ჩაცმული ბურჟუას თვალწინ, რადგან მათში პოტენციურ კლიენტებს ხედავენ. ისინი დამცინავად უღიმიან და, როგორც ჩანს, განზრახ აცბუნებენ მარჯვნივ მდგომ მამაკაცს, რომელიც ქალებს ნაჩქარევად აცილებს თვალს და მაღაზიის ვიტრინებს მისჩერებია. ადამიანურობას მოკლებულ, ხელოვნურ ფიგურებს ნიღბისებრი სახეები და უხეში ჟესტები გამოარჩევს. მათი სხეულები ერთმანეთსაა შერწყმული, თუმცა ფსიქოლოგიურად გაუცხოებულნი ჩანან. მკვეთრი, მყვირალა ფერები, ამოყირავებული პერსპექტივა, ფუნჯის ძლიერი მონასმები არის ის, რაც ურბანული გადაგვარებისა და გაუცხოვების ამ შემაშფოთებელ, ექსპრესიონისტულ გამოსახულებას ქმნის.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები