ენათა სტადიური კლასიფიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენათა სტადიური კლასიფიკაციაენათა კლასიფიკაცია მათი განვითარების სტადიების მიხედვით. ამ კლასიფიკაციას ცენტრალური ადგილი უკავია ნ. მარის „ახალ საენათმეცნიერო მოძღვრებაში“. რამდენადაც ნ. მარს ენათა განვითარება ერთიან გლოტოგონიურ პროცესად წარმოედგინა (ყველა ენას საფუძვლად ედება ოთხი პირველადი ელემენტი: სალ, ბერ, იონ, რომ), მან ენათა კლასიფიკაციის პრინციპად, ბუნებრივია, განვითარების სხვადასხვა საფეხური მიიჩნია და თითოეულ საფეხურს სტადია უწოდა. ერთ სტადიას ენათა რამდენიმე სისტემა შეიძლება შეესაბამებოდეს.

ნ. მარის მიხედვით, სტადიების მონაცვლეობა აფეთქების გზით მიმდინარეობს, ხოლო სტადია ევოლუციურად ვითარდება შიგნიდან, სადაც ძირითადად მუტაციური ცვლილებები ხდება. ენათა განვითარების აუცილებელ პირობად გამოცხადდა ენათა შეჯვარება, რომელიც გარდაუვალი ინტეგრაციის მიზეზად იქნა მიჩნეული. ამის გამო არსებული მოქმედი და მკვდარი ენები რიცხობრივად იმაზე ნაკლებია, ვიდრე ოდინდელი ენების რაოდენობა: უნიფიკაციის შედეგად განვითარებას ერთი ენისაკენ მივყავართ.

ენათა სტადიური კლასიფიკაციით, მეტყველების საწყისი კინეტიკური (ხელის) ენაა. მაგრამ ამ საფეხურზე საკუთრივ ენა, ადამიანის მეტყველება ჯერ კიდეე არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ ჩამოყალიბებულად. ამ კლასიფიკაციის მიხედვით არსებული ენებიდან მწვერვალს ინდოევროპული ენები ქმნიან. მათ ქვემოთ იაფეტური (სემიტურთან მონათესავე ფლექსიური) ენებია, რომლებიც განვითარების სხვადასხვა საფეხურზე დგანან. უფრო ქვევით ურალურ-ალთაური ენების შტო (აგლუტინაციური წყობის იაფეტური ენები) თავსდება. აქვე ჩუვაშურ ენასა და უნგრულ-ფინურ ენათა ოჯახს აქვს დათმობილი ადგილი. კიდევ უფრო ქვემოთ ქამიტური ენებია განლაგებული, რომლებიც აგლუტინაციური არიან მხოლოდ ტიპოლოგიურად, მაგრამ უფრო მეტ სინთეზურ ბუნებას ავლენენ და აფხაზურთან დგანან ახლოს. უფრო დაბლა ენათა სინთეზური მდგომარეობაა, რომელიც იაფეტურ ენებში გადმონაშთის სახით ასახულია აფხაზურის ტიპის ენებით. სულ ქვემოთ პრიმიტიული ენების ჯგუფია, რომელსაც ადამიანური მეტყველების წარმოშობა უკავშირდება.

მოცემულ სქემაში გამოიყოფა ოთხი ტიპის გარდამავალი ენა: ერთ-ერთი სომხური და ალბანური (ბალკანეთის) – იაფეტიზმიდან ინდოევროპეიზმამდე, მეორე – სომხური ენა და ჩუვაშური – იაფეტიზმიდან თურქიზმისაკენ გარდამავალი. შემდეგ ნ. მარმა გადასინჯა თავისი თვალსაზრისი მსოფლიო ენათა გადანაწილებაზე და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა მასში. პირველ ყოვლისა, სისტემათა მონაცვლეობის გამოსახატავად გენეალოგიური ხე უსარგებლოდ იქნა მიჩნეული. მეორე, სქემა ნაკლოვანი იყო, რადგან მასში არ ასახულა ამერიკის, ოკეანიისა და აფრიკის, დრავიდული, არაპრომეთეიდული (ინდოევროპული), შორეული აღმოსავლური და ჩინური ენები.

ახალი კლასიფიკაციას მორფოლოგიური ტიპოლოგია დაედო საფუძვლად. ამორფულ (სინთეზურ ანუ მორფოლოგიის არმქონე) ენებს უპირისპირდება მორფოლოგიის მქონე აგლუტინაციური და ფლექსიური ტიპის ენები. საკუთრივ იაფეტურში შენიშნულია სინთეზურ-ამორფულიდან ფლექსიურობამდე მისული არამონოლითური პროცესები. ამ სქემაში ამორფულობა, აგლუტინაცია და ფლექსიურობა ერთმანეთის მომდევნო საფეხურებად არის აღიარებული. პერიოდების მიხედვით ენები ამგვარად განაწილდა:

პირველადი პერიოდის (მონოსილაბური და პოლისემანტური): ჩინური და მისი მსგავსი, შუა და შორეული აფრიკის ცოცხალი ენები; მეორეული პერიოდის: ფინურ-უნგრული, თურქული და მონღოლური; მესამეული ჰერიოდის: გადმონაშთი იაფეტური ენები, ქამიტური ენები (ახლო და შორეული აფრიკის ენები); მეოთხეული ჰერიოდის: სემიტური და ინდოევროპული ენები. თითოეულ მოცემულ პერიოდს მჭიდროდ უკავშირდებიან პალეოაზიური და ამერიკული, ავსტრალიისა და ოკეანიის ენები.

მოცემულ კლასიფიკაციაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ იაფეტური ენები, რომლებიც ადამიანურ მეტყველებას გამოხატავენ პირველ ტრანსფორმაციამდელი და მის რამდენიმე ტრანსფორმაციას შორის არსებული პლასტების სახით. ესაა განსაკუთრებული სისტემა, რომელიც გაიარა ყველა სისტემის სხვა დანარჩენმა ენებმა.

კავკასიურ ენებს ნ. მარი ათავსებდა ფლექსიურ, აგლუტინაციურის გადმონაშთებით ქართულსა და უძველესი ტიპის – სინთეზურ ანუ ამორფულ აფხაზურ ენებს შორის.

ნაცვალსახელურ-აგლუტინაციურია ბასკური, ძვ. სალიტერატურო ქართული შიშინა და მთის ენები. გამარტივებული აგლუტინაციურია ჩრდილოკავკასიური და ხალხური ქართული. ფლექსიური ტიპისაკენ გარდამავალ საფეხურზე დგას ძვ. სალიტერატურო ქართული, სომხური პრომეთეიდული ფლექსიურობისკენ გარდამაგალი. ამიტომ იაფეტური ენები პოლისტადიური ენებია: ფორმალურ-ლოგიკური აზროვნებიდან კოსმოსური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებამდე. ისინი გაუდიფერენცირებელი და დიფუზური ენებია, რის გამოც მათი დახასიათება როგორც „სინთეზურისა“ და „ამორფულის“, ან „აგლუტინაციურისა“ მათი სისტემების ფორმალურ ტიპს ვერ არკვევს.

მ. ბაბუხადია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები