ელთაღანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელთაღან-ი (ოს. Елтагъан) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნართების მტერი, ქუციქის ოქროსქოჩრიანი ვაჟი; ცხოვრობს შავი ზღვის მეორე ნაპირზე (სხვა ვარიანტით, პერსონაჟი ალაგათების გვარიდან, შავი ზღვის მპყრობელის – თარაღანის მზეთუნახავი ქალიშვილის – ზილახურის ქმარი). ელთაღანს ნართმა სოსლანმა თავის ტყავი ააცალა. სოსლანს წესად ჰქონდა როცა ვინმეს მოკლავდა, თავზე ტყავს ულვაშებიანად გადააძრობდა. ასე დააგროვა მან ერთი ქურქის სამყოფი ტყავი, მაგრამ უბეებისათვის მასალა დააკლდა. ნართების ჭირის – სირდონის გამოისობით, სოსლანის ქურქის უბეებს ოქროსქოჩრიანი ელთაღანის თავი ემსხვერპლა.

ჯერ კიდევ ვ. მილერი მიუთითებდა ეპოსის ამ ეპიზოდის კავშირზე ჰეროდოტეს მიერ აღწერილ სკვითურ ჩვეულებასთან, რომლის თანახმად სკვითები ბრძოლაში მოკლული მტრის თავის სკალპირებას ახდენდნენ და სათანადო დამუშავების შემდეგ ტყავს ხელსახოცად იყენებდნენ ან ლაბადას იკერავდნენ. ამმიან მარცელინის ცნობიდან ირკვევა, რომ თავიანთი წინაპრების ამ ტრადიციას ალანებიც აგრძელებდნენ. ეპოსის აღნიშნული ეპიზოდიდან კარგად ჩანს, ერთ დროს ცოცხალ ყოფაში მოქმედი, აწ უკვე გამქრალი, ჩვეულება თუ როგორ აგრძელებს არსებობას ფოლკლორული მოტივის სახით.

სახელი „ელთაღანი“, როგორც ამას ე. ბენვენისტი და ვ. აბაევი ფიქრობენ (ჟ. დჲუმეზილი და გ. ბეილი მას ძველირანულიდან მომდინარედ მიიჩნევენ), ძველთურქული სახელია. მის თურქულ წარმომავლობას მხარს უჭერს ელთაღანის მამის – ქუციქის სახელიც (თურქული Kücük – „მცირე“, „პატარა“, „ლეკვი“).


ლიტერატურა

  • ნართები. ოსური ხალხური ეპოსი. თარგმნა მ. ცხოვრებოვამ. ცხინვალი, 1977;
  • Дюмезил Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
  • Абаев В. И. Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები