ევროპული ომბუდსმენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპული ომბუდსმენი – 1980-იან წლებში ევროკავშირის კომპტენციის სფეროების მკვეთრ ზრდასთან და ამ ორგანიზაციის საქმიანობის გააქტიურებასთან ერთად, მოქალაქეების მხრიდან იმატა საჩივრების რაოდენობამაც. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე 1995 წელს ჩამოყალიბდა ევროპული ომბუდსმენის ოფისი.

სარჩევი

სტრუქტურა

ევროპული ომბუდსმენის დამტკიცება ახლად არჩეული ევროპული პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით ხდება. ევროპული ომბუდსმენის ოფისი თავის სამდივნოსთან ერთად სტრასბურგში მდებარეობს. სამდივნოს საქმიანობაზე პასუხისმგებელი მთავარი ადმინისტრატორია, რომლის დანიშვნაც თავად ომბუდსმენის პრეროგატივას წარმოადგენს (European Ombudsman, 2022b; El-Agraa, 2011, p. 50).

ფუნქციები

ომბუდსმენის პირველად მოვალეობაში შედის ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ორგანოებში მართველობის არასწორი ფორმების (მაგალითად, თანამდებობის ბოროტად გამოყენება ან დისკრიმინაცია) დაფიქსირება და მათი გამოსწორების შესახებ რეკომენდაციების მომზადება (European Ombudsman, 2022a).

ომბუდსმენს მოკვლევის დაწყება შეუძლია როგორც გარე აქტორების, ასევე, საკუთარი ინიციატივით. ცალკეული ძიების შედეგები რეაგირებისთვის ეგზავნება ევროპარლამენტს. ყოველი წლის ბოლოს ომბუდსმენი პარლამენტში გამოსვლისასწარადგენს თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს (Reinisch, 2009, p. 32; El-Agraa, 2011, p. 50).

მართლმსაჯულების სასამართლოსა და გენერალური სასამართლოს გამოკლებით, ომბუდსმენის იურისდიქცია ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომელიც ასოცირებულია ევროკავშირთან (El-Agraa, 2011, p. 50).

გადაწყვეტილების მიღების პროცედურები

საკითხის პირველადი შესწავლის შემდეგ, ომბუდსმენი კანონის სავარაუდო დამრღვევ ორგანოს აცნობს პრობლემის შინაარს. ეს უკანასკნელი ვალდებულია ომბუდსმენს წარუდგინოს ყველა ის ინფორმაცია თუ დოკუმენტი, რომელიც საქმესთან არის დაკავშირებული. თუ არასწორი მმართველობის შემთხვევა დადასტურდება, მაშინ ომბუდსმენი ამის შესახებ აცნობებს დამრღვევს, რომელმაც სამი თვის ვადაში დეტალური პოზიცია უნდა გამოაქვეყნოს. საბოლოო ჯამში, ომბუდსმენი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს უგზავნის ევროპულ პარლამენტსა და დამრღვევ ინსტიტუციას, მომჩივანს კი აცნობს მოკვლევის შედეგებს (El-Agraa, 2011, p. 50).

ევროპულმა ომბუდსმენმა თავისი საქმიანობის მცირე პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამჭვირვალობის გაზრდასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მისი გავლენა მაინც შეზღუდული დარჩა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, მას არ აქვს უფლება დამრღვევ ინსტიტუტს აიძულოს კონკრეტული ქმედება. მეორე, წევრი ქვეყნების მთავრობები ხშირად ევროკავშირის პოლიტიკის განმახორციელებლები არიან, მაგრამ ომბუდსმენს მათ წინააღმდეგ მოკვლევის დაწყება არ შეუძლია (Warleigh-Lack, 2009, p. 47).

დასკვნა

ნათელია, რომ ევროკავშირის ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანმა ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ევროპული ინტეგრაციის გაღრმავების საქმეში. ეს მოსაზრება განსაკუთრებით რელევანტურია ფინანსური და სასამართლო ინსტიტუტების შემთხვევაში, რომლებმაც ეროვნულ და საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური და ეკონომიკური რყევებისა და გამოწვევების მიუხედავად, ინტეგრაციულ პროცესებს სტაბილურობა და სანდოობა შეუნარჩუნა. მათ გარეშე ასევე შეუძლებელი იქნებოდა ევროკავშირის საქმიანობაში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კანონიერების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი საზოგადოებრივი ჩართულობის მაღალი სტანდარტების და პრინციპების დამკვიდრება.

წყარო

ევროკვშირის ინსტიტუტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები