ევროპული ეკონომიკური გაერთიანება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპული ეკონომიკური გაერთიანება - (European Economic Community -EEC), დაარსდა 1957 წელს საერთო (ევროპული) ბაზრის სახელწოდებით საფრანგეთის, ბელგიის, გფრ-ის, იტალიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდის მთავრობების მიერ ხელმოწერილი რომის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საბაჟო კავშირის შექმნას, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი მოძრაობისათვის ყველა ბარიერის ლიკვიდაციას, აგრეთვე საერთო სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას. გარდა აღნიშნულისა, გაერთიანების დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპულმა საინვესტიციო ბანკმა და ევროპულმა სოციალურმა ფონდმა, რომელთა მიზანი ამ გაერთიანების ეკონომიკური განვითარების კოორდინაცია იყო. 1968 წელს სრული საბაჟო კავშირის შექმნის შედეგად, ლიკვიდირებულ იქნა ყველა შიდა ტარიფი და შეიქმნა საერთო საგარეო ტარიფი.

1977 წელს გაერთიანებამ დადო ხელშეკრულება საბაჟო კავშირის შესახებ თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან, რაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი თანამშრომლობის დამამთავრებელ ეტაპს წარმოადგენდა. გაერთიანებამ 1962 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთო სატრანსპორტო პოლიტიკის კოორდინირებასთან დაკავშირებით.

1972 წელს ბრიუსელის ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ, 1973 წელს გაერთიანების ექვს ქვეყანას დაემატა დანია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი, რომლებმაც თავიანთი საგარეო-სავაჭრო პოლიტიკა გაერთიანების წესების შესაბამისად დაარეგულირეს. 1982 წელს გაერთიანებაში შევიდა საბერძნეთი, ხოლო 1986 წელს - პორტუგალია და ესპანეთი.

1967 წელს გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურა შეერწყა ნახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანებისა (ECSC) და ატომური ენერგიის სფეროში ევროპული გაერთიანების (EAEC) სტრუქტურებს, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროპული გაერთიანება, ხოლო 1993 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულებით, ევროგაერთიანებამ მიიღო ევროკავშირის სახელწოდება.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები