დეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დეკა - Rhododendron caucasicum Pall.

დეკა – (Rhododendron caucasicum Pall.); ოჯახი: მანანისებრნი (Ericaceae).

მეგრულად – ხვამცა, ხვანცა.

1-1.5 მ სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია, წამოწეული, ხშირად გართხმული, მხოხავი ღეროებითა და ტოტებით. ყლორტები მოფენილია ქერცლებითა და ჩამოცვენილი ფოთლების კვლებით. ფოთლები ტყავისებურია, ზედა მხარე შიშველია, მუქი მწვანე; ქვედა მხარე ჟანგისფერია და ქეჩის მსგავსად არის შებუსული (ზრდასრული ფოთოლი). ფოთლის სიგრძე 5-12 სმ-ია, სიგანე – 1.8-5 სმ. ფოთლის ყუნწი მოკლეა. გვირგვინი დიდი ზომისაა და მომწვანო-მოყვითალო, ჩალისფერ-მოყვითალო, მოვარდისფრო ან თეთრი. ყვ. ნაყ. V-VI. მცენარე იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. სუბალპური ტყის ქვეტყეში ქმნის რაყებს. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთისა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. საქართველოში ცნობილია ყველა მაღალმთიან რეგიონში.

მცენარე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, სასარგებლო მჟავებს, ვიტამინ С დიდი რაოდენობით. გარდა ამისა გლიკოზიდ ანდრომედოტოქსინს, რომელიც ძლიერ ბუნებრივ შხამს წარმოადგენს.

სამკურნალოდ მცენარის ყველა ნაწილი გამოიყენება, დაწყებული ყვავილებით, ფოთლებით, დამთავრებული ფესვებით. თვით ღეროებსაც კი — სხვადასხვა დანიშნულებით. როგორც სხვადასხვა ცნობარშია მითითებული, დეკას უამრავი დაავადების სამკურნალოდ ხმარობენ: გულის, სახსრების, მაღალი წნევის, უძილობის, თვით ეპილეპსიის დროსაც. გულის დაავადებებისას — ფოთლებისა და ყვავილების პრეპარატები ძლიერ ეფექტურია ქოშინის, მაღალი გულისცემის დროს. რევმატიზმს მკურნალობენ ფოთლების სპირტიანი ან მაღალხარისხიანი არყის ნაყენით, დაზელვის ან კომპრესების სახით, კარგად ხსნის ტკივილებს. სტომატოლოგიური პრობლემები — ორგანიზმში განსაზღვრული ვიტამინებისა და მიკროელემენეტების ნაკლებობისას ხდება ღრძილებიდან სისხლდენა და მიმდინარეობს ანთებითი პროცესები, ფოთლების ექსტრაქტით პირის ღრუს გამოვლება შველის სტომატიტსა და გინგივიტს, ასევე ტროფიკულ წყლულებს და კანის სხვა ჩირქოვან დაავადებებს. ვერცხლისწყლით მოწამლვისას აუცილებელია ნედლი ფოთლების ნახარშით ორგანიზმის გაწმენდა. უძილობისას სასარგებლოა ყვავილების ნაყენის მიღება. სახსრების დაავადებებისას – ისეთი პრობლემების, როგორიცაა პოლიართრიტი და ოსტეოპოროზის დროს მიმართავენ სახსრების რეგულარული დაზელვას ყვავილებისა და ფოთლების სპირტიანი ნაყენით. კურნავს ზედა საუნთქი ორგანოების დაავადებებსაც – ხველა, ხშირი ანგინა, ბრონქიტი, ამცირებს ასთმის შეტევებს. ფესვების ნახარშს იყენებენ გასახდომადაც.

შხამიანი მცენარეა. დეკასგან დამზადებული პრეპარატები არ არის რეკომენდირებული ფეხმძიმობის, მეძუძური ქალებისთვის, ალერგიული რეაქციებისა და თირკმელებით დაავადებულთათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები