დასნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დასნი (ოს. Дæсны) — მკითხავი, ნათელმხილველი, წინასწარმეტყველი, რომელიც ოსურ ტრადიციულ საზოგადოებაში განსაკუთრებული ღვთიური ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანად ითვლებოდა და მის ნათქვამს უაპელაციოდ იღებდნენ.

დასნი აღგზნებულ მდგომარეობაში მოჩვენებით კონტაქტს ამყარებდა ღვთაებრივ ძალებთან და წარმოადგენდა ადამიანებსა და ღმერთს შორის ერთგვარ შუამავალს (ზოგჯერ გარშემომყოფთათვის გაუგებარ თავისებურ ენაზე მეტყველებადა); მიმართავდნენ საცხოვრებელი ადგილის შერჩევის, ქორწინების, ავადმყოფობის, სიკვდილიანობის, ქურდობის ან სხვა უბედურების შემთხვევებში. დასნი ადგენდა თუ რომელი ღვთაების რისხვით ან სხვა რამ ცოდვით (მაგ. ქურდობით) იყო გმოწვეული ავადმყოფობა თუ სიკვდილი; განსაზღვრავდა ცოდვის გამოსასყიდი ხარჯის სახესა და ოდენობას (შესაწირი საკლავის ასაკსა და ფერსაც კი). მასვე ეკითხებოდნენ რჩევას ახალწლის დღეებში, საქმის წამოწყების წინ.

გარდა აღნიშნულისა, დიგორელ ოსებში დასნის მეშვეობით ხდებოდა ამა თუ იმ დღესასწაულის მსხვერპლშეწირვისა და ლოცვის რიტუალის შემსრულებელ კულტმსახურთა არჩევა, რისთვისაც იგი ჩხირებით მკითხაობდა. მარჩიელობის წესი ამგვარი იყო: სამფეხა ტაბლაზე, ე. წ. ფინგზე ორ ჩხირს ისე დადებდა, რომ მათი ერთი ბოლო ქვას, ხოლო მეორე დანისპირს დაყრდნობოდა; მკითხავს ხელში ეჭირა ორი ჩხირი, რომელთა თავისუფალ ბოლოებს პირველი წყვილის ბოლოებს დაადებდა. იწყებდა რა მკითხაობას, დასნი დაასახელებდა ამა თუ იმ ფუნქციის შემსრულებელი კულტმსახურის გვარს; თუ ის პირი „ღვთის რჩეული“ აღმოჩნდებოდა, ჩხირები თითქოს ერთმანეთს დაუახლოვდებოდნენ, თუ არადა — პირიქით, ერთმანეთს უფრო დაშორდებოდნენ. ოსი დასნები, გარდა ჩხირებისა, სიმინდისა და ლობიოს მარცვლებით, საქონლის ბეჭით, ძვლებით და სხვა საგნებით მკითხაობდნენ; შეეძლოთ სხვადასხვა სახის ჯადოების დამზადება. დასნები ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ერთნი სიკეთის მომტანებად („ქალანგანაგი“), მეორენი კი — ბოროტების („ხინგანაგი“).


ლიტერატურა

Тхостов И. Знахари и знахарки в Осетии // Кавказ. 1868. № 5; ТВ. 1868. № 22.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები