დავით VI ნარინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით ნარინი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით VI ნარინი

დავით VI ნარინი − ერთიანი საქართველოს მეფე 1246-1259 წლებში, დასავლეთ საქართველოს (ლიხთ-იმერეთი) მეფე 1259-1293 წლებში. რუსუდან მეფის ძე. 1230 წელს რუსუდანმა დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს, თავისი ვაჟი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1243 წელს, მონღოლებთან დაზავების შემდეგ დავითი ყაენთან გაგზავნეს მეფედ დასამტკიცებლად, სადაც მან რამდენიმე წელიწადი დაჰყო. მეფედ იგი მხოლოდ 1246 წელს დაამტკიცეს, რის შემდეგაც დავით გიორგის-ლაშას ძესთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. მონღოლებმა დავით რუსუდანის ძეს, როგორც ასაკით უმცროსს ნარინი (უმცროსი) უწოდეს.

1259 წელს დავით ნარინი განუდგა მონღოლებს. ჰულაგუ ყაენმა აჯანყების ჩასახშობად ჯარი გამოუგზავნა არღუნ ნოინის მეთაურობით. მონღოლებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს, თავრიზს დაბრუნდნენ და ახალი ძალით კვლავ შემოუტიეს საქართველოს. ამჯერად, დავით ნარინმა გაცლა ამჯობინა და დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი, სადაც მტერმა გადასვლა ვერ შეძლო. ამრიგად, ლიხთ იმერეთში მოწყდა აღმოსავლეთ საქართველოს. დავითი ფაქტობრივად მეფე ხდება ლიხთ-იმერეთისა, ამ აქტით დასავლეთ საქართველო გამოეთიშა ერთიან ქართულ სამეფოს, ამასთან ერთად, როგორც ევროპული წყაროები მოწმობენ, ნარინის სამეფო ილხანთაგან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა.

დავით რუსუდანის ძე საკმაოდ წინდახედული პოლიტიკოსი აღმოჩნდა, მისი დიპლომატიური ორიენტირი მიმართული იყო ილხანთა მოშურნე სახელმწიფოებზე - ეგვიპტესა და ოქროს ურდოზე, 1260-1263 წლებში დასავლეთ საქართველოს უნდა სწვეოდა მამლუქ სულთანთა ელჩები, ხოლო მომდევნო 1264-65 წლებში, როგორც ვარაუდობენ, დავით ნარინი ეგვიპტის სულთანს ბაიბარსთან საპასუხო ელჩობა გაუგზავნია. მეფე ცდილობდა გამოეყენებინა ილხანთა შინაგანი წინააღმდეგობა, რაც სამეფო პოლიტიკურ განმტკიცება-გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ლიხთ-იმერეთის სამეფო კარზე პოულობდნენ თავშესაფარს ილხანთა მოწინააღმდეგენი. მაგალითად აბღა ყაენის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოელი უფლისწული თეგუდარი, ყაენისგან დევნილი ღალღური, ამიტომ ილხანები ყოველ ღონეს მიმართავდნენ მის მოსაშორებლად, რასაც შინაგამცემლობაც უწყობდა ხელს. განსაკუთრებით აქტიურობდა ერისთავი რაჭისა კახაბერ კახაბერის ძე. „რომელი იყო თესლით ბოროტი“. ჟამთააღმწერლის მოწმობით, მან ღალღურთან შეთანხმებით აბაღა ყაენს გამოთხოვა ლაშქარი „სამი ბევრი“ ანუ 3000 და „გარდასვლეს მთა ლიხისა და ზედა დაესხნეს ქუთაისს აბანოსა შინა მყოფსა მეფეს“, რომელმაც სასწაულებრივად დააღწია თავი შეთქმულთ. ორიოდე წლის შემდეგ განმეორებულა შეთქმულება გვირგვინოსანი მეფის წინააღმდეგ. ჩვენს მეცნიერებაში მიჩნეულია, რომ ეს ამბავი 1270-1278 წლების შუალედში მომხდარა, ამის შემდეგაც არ დამცხრალა რაჭის ერისთავი, ამიტომ „შეიპყრო იგი მეფემან და პირველ თუალი დასწუა და მერე ერთი ხელი და ერთი ფეხი მოჰკუეთა და ორნი შვილი მისცა ექსორიობად… და მოსპო ყოველი ნათესავი მისი ბაღუაშთა კახაბრის ძეთა…“

საინტერესოა დავით ნარინის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა ტრაპიზონის სამეფოსთან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში მეფე ერთიანი მონარქიის მიერ შემუშავებული კურსის გამგრძელებელი და აქტიური მოღვაწეა, მან რამდენიმე ლაშქრობაც მოაწყო ტრაპიზონის საკეისროში და გარკვეული დროით შეძლო აქ პოლიტიკური გავლენის მოპოვება.

გარდაიცვალა მეფე დავით ნარინი 1293 წელს. შვილის, ვახტანგის გარდაცვალების „შემდგომად მცირეთა წელთა მანაც შეისუენა, პატიოსანთა სიბერითა აღვსილმან“. დაკრძალულია იგი გელათს, მეფეთა განსასვენებელში, სადაც დღემდე დღემდეა მოღწეული მეფე დავითის სამი პორტრეტი შემორჩენილი ზედწერილებით


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები